"ინდიანას" მწვრთნელის უცნაური გადაწყვეტილება! რაღაც უნდა შეიცვალოს! (ანალიზი)

AutoSharing Option
"ინდიანა პეისერსი" "ოკლაჰომა სითი თანდერს" ესტუმრა და 113:110 დაამარცხა.

ბოლო პერიოდში ძირითადი ბირთვის არყოფნაში გუნდის ლიდერად გოგა ბითაძე მოგვევლინა, თუმცა დღევანდელ შეხვედრაში ქართველმა კალათბურთელმა მხოლოდ და მხოლოდ 2 წუთი მიიღო, რა დროშიც 1 მოხსნა და 1-იც დაფარება მიითვალა. რა თქმა უნდა, რიკ კარლაილის გადაწყვეტილება უცნაურია, რადგან მაილის ტერნერი ჯერ კიდევ არ დაბრუნებულა, ბოლო შეხვედრების ერთ-ერთ საუკეთესო სპორტსმენს კი თავის გამოჩენის საშუალება "თანდერთან" არ მიეცა. გადავხედოთ გუნდის ბოლო 4 მატჩს და გოგას სტატისტიკურ მონაგარს:

"გოლდენ სტეიტ უორიორსი" - "ინდიანა პეისერსი" -
117:121
(დააჭირეთ ლინკს და იხილეთ მატჩის მიმოხილვა)

გოგა ბითაძე - 31 წუთში 13 ქულა (5/12), 9 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება. "უორიორსთან" გაძევებამდე ქართველი მშვენივრად გამოიყურებოდა და დიდი ხნის განმავლობაში გუნდსაც წინ მიუძღვოდა. მატჩის დაწყებამდე გულშემატკივართა უმეტესობა (Sofascore-ს თუ დავეყრდნობით 85%) თვლიდა, რომ "გოლდენ სტეიტი" მარტივად გაიმარჯვებდა, თუმცა ლიდერების გარეშე მოასპარეზე "პეისერსმა" სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი დამატებით დროში დაამარცხა.

"ფინიქს სანსი" - "ინდიანა პეისერსი" - 113:103 (დააჭირეთ ლინკს და იხილეთ მატჩის მიმოხილვა)

გოგა ბითაძე - 35 წუთში 16 ქულა (6/14), 11 მოხსნა (4 მეტოქის ფარზე), 2 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება. ზოგადად "სანსთან" თამაში ყველას უჭირს და გასაკვირი სულაც არაა, რომ ფენიქსულმა გუნდმა კონკრეტულ შეხვედრაში ანგარიშში წინ 44:04 წუთი გაატარა, არც მარცხია მოულოდნელი, რადგან დევინ ბუკერისა და კრის პოლის ლიდერობით "ფინიქსმა" ბოლო 13 შეხვედრიდან 12-ში გამარჯვება იზეიმა, ამასთან ერთად გუნდი ლიგის საუკეთესო შედეგს აფიქსირებს, ყოველივე ამ ფონზე გოგას ეს შეხვედრა მეტ-ნაკლებად დადებითად შეგვიძლია შევაფასოთ.

"ნიუ ორლეანს პელინაკსი" - "ინდიანა პეისერსი" - 117:113 (დააჭირეთ ლინკს და იხილეთ მატჩის მიმოხილვა)

გოგა ბითაძე - 22 წუთში 12 ქულა (4/7), 5 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა. ზემოხსენებული 2 შეხვედრა ქართველს მეტად კარგი გამოუვიდა, თუმცა ჩავარდნილად არც ეს მატჩი უნდა მივიჩნიოთ. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა (ანგარიშში წინ "პელიკანსი" 22:09 წუთი იყო, ხოლო "ინდიანა" - 22:02).

"ინდიანა პეისერსი" - "შარლოტ ჰორნეტსი" - 126:158 (დააჭირეთ ლინკს და იხილეთ მატჩის მიმოხილვა)

გოგა ბითაძე - 19 წუთში 17 ქულა (8/12), 6 მოხსნა (6-ივე მეტოქის ფარზე) და 2 შედეგიანი გადაცემა. ზოგადად ეს მატჩი "ინდიანამ" დაცვაში ჩააგდო, მიუხედავად მარცხისა ქართველი საკუთარი გუნდიდან საუკეთესო იყო.

Sportall.Ge

გოგას 4 მშვენიერი მატჩი ვნახეთ, თუმცა როგორც მოგახსენეთ, "ოკლაჰომასთან" სათამაშოდ მხოლოდ და მხოლოდ 2 წუთი მიიღო, ყოველივე ზემოთ განვლილი მატჩების შემდეგ დროის ეს მაჩვენებელი ამოუხსნელია. გადავხედოთ ვის დაეთმო დრო "თანდერთან" მატჩში:

დომანტას საბონისი - 44 წუთში (გასაკვირი სულაც არაა აშკარა ლიდერია) 24 ქულა, 18 მოხსნა, 10 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება.

ოშეი ბრისეტი - 24 წუთში 10 ქულა, 7 მოხსნა (6 საკუთარ ფარზე) და 2 პერსონალური ჯარიმა. დღევანდელ შეხვედრაში რიკ კარლაილმა გადაწყვიტა, რომ ცენტრის პოზიციაზე დომანტასი ყოფილიყო და ის ოშეის შეეცვალა...

საბოლოოდ, ქართველმა კალათბურთელმა ლიდერების არყოფნაში მშვენიერი მატჩები შემოგვთავაზა და კრიტიკოსებს საკუთარი ადგილი მიუჩინა, აქედან გამომდინარე, გოგამ საკუთარი შესაძლებლობები მოედანზე არალიმიტებულ დროში ცხადყო და დაგვანახა, რომ მსოფლიოს საუკეთესო ლიგაში თავის წარმოჩენა მართლა, რომ შეუძლია. თუ ჩვენებურის სათამაშო დრო საშუალოდ 25 წუთი იქნება, უმეტეს შემთხვევაში სტატისტიკური მონაგარი ორმაგი დუბლის ზღვარზე გაივლის. ჯერ-ჯერობით "ინდიანას" ვერ დატოვებს, რადგან გუნდმა კონტრაქტი გაუგრძელა, თუმცა ლიდერებების, მაგალითად, დომანტას საბონისისა და მაილის ტერნერის შესაძლო გაცვლაზე საუბრობენ, ლიეტუველს "გოლდენ სტეიტ უორიორსს" უკავშირებენ (ჭორის დონეზე), მაილისს კი "შარლოტსა" და "ლოს ანჯელეს ლეიკერსს", იქვე ფიგურირებს "პორტლენდიც". თუ ინდიანაპოლისური გუნდის ხელმძღვანელობა მათ გაცვლის, მაშინ გოგას სათამაშო დრო საგრძნობლად გაეზრდება და განვითარდება, მისი კარგ ფორმაში ყოფნა კი, რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრებსაც ძალიან სჭირდება.

Sportall.Ge

რამდენიმე თვის წინ Bleacher Report-მა დაწერა, რომ "ინდიანა" რეორგანიზებას აპირებს და სავარაუდო გაცვლებიც შემოგვთავაზა. გთავაზობთ მათ ვარიანტებს:

"მაიამი ჰიტი" - დომანტას საბონისი

"ინდიანა პეისერსი" - პი ჯეი ტაკერი, მარკიფ მორისი, ვიქტორ ოლადიპო, გაბ ვინსენტი, 2024 და 2027 წლების 1-ლი რაუნდის არჩევანი

ნაკლებად ვარსკვლავური, თუმცა კარგი როლური მოთამაშეები, რომლებიც ეტაპობრივად გუნდის წარმატების მთავარი შემმოქმედები ხდებიან. რატომაც არა, მათ დამატებული 1-ლი რაუნდის პიკები და მოლაპარაკება შესაძლებელი ხდება, საპასუხოდ კი "მაიამი" საჩემპიონო გუნდი გახდება, ისედაც ძლიერი ფლორიდელები აღმოსავლეთ კონფერენციას დამაჯერებლად ლიდერობენ, დომანტასის მიღების შემთხვევაში კი "უმაღლეს მწვერვალს" წაეთამაშებიან.

სამგუნდიანი გაცვლა, სადაც "ფილადელფია", "გოლდენ სტეიტი" და "ინდიანა პეისერსი" ფიგურირებენ:

"ინდიანა" - ბენ სიმონსი, ჯეიმს ვაისმენი, ჯონათან კუმინგა, მოუსეს მუდი

"გოლდენ სტეიტ უორიორსი" - დომანტას საბონისი

"ფილადელფია" - კარის ლევერტი, ტი ჯეი უორენი, ჯერემი ლემბი

ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, ამ გაცვლით ყველაზე მეტად "გოლდენ სტეიტი" იხეირებს, რადგან გუნდში მორიგი მეგავარსკვლავი მივა, ისედაც ჩემპიონობის გზაზე დამდგარ "ოქროსშტატელებს" კი მსგავსი კალიბრის კალათბურთელი ერთიორად გააძლიერებს. "პეისერსში" ვაისმენის გადასვლა გოგასთვის დროის კვლავინდებურად შემცირებას ნიშნავს, აი, ბენ სიმონსი კი, სავარაუდოდ, თავის შესაძლებლობებს კარგად გამოავლენს.

"უორიორსის" არ იყოს, "ფილადელფიაც" ძალიან გაძლიერდება. კარის ლევერტის მე-6 მოთამაშედ დანიშვნა სარგებელს მოიტანს, სათადარიგოდან შემოსული ტი ჯეი უორენი და ჯერემი ლემბი კი სასტარტოებს ამოსუნთქვის საშუალებას მისცემენ და რაც მთავარია, გუნდში კიდევ უფრო დიდი სიღრმე გაჩნდება.

"ინდიანა" - სი ჯეი მაკალუმი, რობერტ კოვინგტონი, იუსუფ ნურკიჩი

"პორტლენდ ტრეილბლეიზერსი" - დომანტას საბონისი, მაილის ტერნერი, კარის ლევერტი

იმის თქმა, თუ რომელი მეტად იხეირებს, რთულია. ალბათ, უფრო "ინდიანა", მაგრამ, რა თქმა უნდა, საბონისის ხარჯზე "პორტლენდი" უდიდეს დანამატს მიიღებს; ამავდროულად, ნურკიჩზე მეტად კარგი ფარის დამცველი და კარში შემტევი. რა თქმა უნდა, რთულია რაიმის თქმა, რადგან შეხედულება ამ შემთხვევაში სუბიექტურია. ფაქტობრივად, ორივე გუნდი ერთმანეთში ბირთვს ცვლის.

ჩემს მიერ ჩამოთვლილი ვარიანტებიდან არსად გოგა ბითაძის გაცვლა არ იწერება, ზოგადადაც, მედიაში ქართველის გასხვისებაზე სიახლეები არ ვრცელდება, ამიტომ თუ გუნდის ძირითადი ბირთვი გაიცვლება და რეორგანიზება დაიწყება, მაშინ მშვენიერი შანსია გოგა სოლიდური დროით დაიტვირთოს და ნაციონალური საკალთბურთო ასოციაციის სხვა წარმომადგენლებსაც თავი მოაწონოს.


მკითხველის კომენტარები / 7 /
გამარჯობაᲗ,
გოგას ოᲗხივე ᲗამაᲨსს ვუყურე და ცუდი ნამდვილად არ იყო ლიდერების არ ყოფნის ფინზე.
მაგრამ რალურად რომ ვᲗქვაᲗ გიგას უᲭირს დაცვაᲨი ᲗამაᲨი და ინიციავიტის გამიᲩენა ᲗამაᲨის დროს.
უფრო მეტი გამბედაობა უნდა ქონდეს და ნამდვილი ლიდერი იქნება.
კიდო ნუ დავუწყებᲗ ქება დიდებას Თორე
მოქალაქე
17:12 29-01-2022
2
ტრავმა მიიღო გოგამ. მარჯვენა ფეხი იტკინა. ამიტომ ვერ ითამაშა.
ოფიციალური ინფორმაცია: Goga Bitadze has a sore right foot.
ქ. გ.
14:07 29-01-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული