ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "საკრამენტო კინგსი" "ინდიანა პეისერსს" ესტუმრა და 110:109 დაამარცხა.
მასპინძელთა მხრიდან გოგა ბითაძემ მოედანზე 29 წუთი გაატარა, რა დროშიც თავი 20 ქულით (8/9 ორქულიანი, 1/3 სამქულიანი), 9 მოხსნით (3 მეტოქის ფარზე), 2 შედეგიანი გადაცემით, 1 ჩაჭრითა და ამდენივე დაფარებით გამოიჩინა. ქართველი კალათბურთელი ბოლო 6 მატჩია მშვენიერ ფორმაშია და ჩინებულ სტატისტიკურ მონაგარსაც აფიქსირებს - 16.6 ქულა და 7.0 მოხსნა. როგორც ჩანს, რიკ კარლაილი გოგას ბოლომდე ენდო და ჩვენებურიც იმედებს ამართლებს.
ბადი ჰილდმა აქტივში 25 ქულა, 3 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა, 4 ჩაჭრა და 1 დაფარება ჩაიწერა.
სტუმართა შემადგენლობიდან დევიონ მიტჩელმა გუნდს 25 ქულა, 1 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა.
ამრიგად, "პეისერსი" 25 მოგებითა და 48 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზე იმყოფება. შემდეგ შეხვედრას 25 მარტს, "მემფის გრიზლის" წინააღმდეგ ჩაატარებს.
"კინგსი" 26 გამარჯვებითა და 48 მარცხით დასავლეთში მე-13 პოზიციას იკავებს, მომდევნო მატჩს კი 27 მარტს, "ორლანდო მეჯიქის" პირისპირ გამართავს.