მორიგ მატჩში "ინდიანამ" "დენვერ ნაგეტსს" უმასპინძლა, სადაც სახელგანთქმული სერბი ცენტრი (გასული სეზონის MVP) ნიკოლა იოკიჩი ბობოქრობს. სწორედ პლანეტის ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრთან მოუწია ბითაძეს პაექრობა და საკმაოდ მაღალი შედეგიანობის დაფიქსირება. 33 წუთში ქართველმა ცენტრმა 17 ქულა, 10 მოხსნა, 3 პასი, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა მიითვალა. იოკიჩმა მოედანზე 36 წუთი დაჰყო და 37 ქულა, 13 მოხსნა, 9 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა. დაკარგვებით იოკიჩმა ბითაძეს გვარიანად “აჯობა”: 9 დაკარგვა 3-ის წინააღმდეგ.
საინტერესო იყო მესამე პერიოდის შუაწელში ბითაძის იოკიჩზე დაფარება. მეორე ბლოკი ქართველმა ცენტრმა აარონ გორდონზე განახორციელა. გოგამ 9-დან 3 ორქულიანი, 5-დან 2 სამიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. ბოლო პერიოდის წინა ანგარიში თანაბარი იყო და ბითაძე ბოლო წუთებზე მოედანზე იყო, რაც მისადმი მწვრთნელის ნდობის გამოხატულების მყარი არგუმენტია. სამწუხაროდ, "ინდიანა" "დენვერთან" საბოლოოდ დამარცხდა – 118:125. ბითაძეზე მეტი "ინდიანაში" მხოლოდ ბადი ჰილდმა მოაგროვა – 20 ქულა. საუკეთესოდ კი ტაირის ჰალიბარტონი დასახელდა, რომელმაც 15 ქულა, 12 პასი და 4 ჩაჭრა მიითვალა.
25 მოგებითა და 52 მარცხით "ინდიანა" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა და პლეი-ოფში გასვლის შანსი დაკარგული აქვს. 5 მატჩიც და "ინდიანასთვის" 2021-22 წლების სეზონი დასრულდება. შემდეგი შეხვედრა ბითაძის გუნდს 2 აპრილს "მინესოტასთან" ელის, სადაც ქართველ ცენტრს ნბა-ს კიდევ ერთი ტიტანი, კარლ-ენტონი თოუნსი ელოდება.
gbf
ბითაძე მაგარ ფორმაშია - "ინდიანამ" "სან ანტონიოს" მოუგო [VIDEO]
ან სხვაგან გადავა
ტერნერი შედეგიანობით ვეღარ აჯობებს
დამთავრდა