რა გასაკვირია, რომ შერმადინი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. მან MVP-ის ტიტული ოფიციალურად მიიღო, რადგან მატჩში ყველაზე შედეგიანი იყო. გიორგიმ მოედანზე 29:16 წუთი გაატარა, რა დროშიც 9-იდან 7 ორქულიანი და 6-იდან 4 საჯარიმო ჩააგდო. შერმადინმა ბურთი საკუთარ ფარზე 5-ჯერ მოხსნა, ერთხელ – შეტევაში. მის ანგარიშზე ჯამში 18 ქულა, 6 მოხსნა და 1 ჩაჭრა იყო. მან 4 ჯარიმა მიიღო და ბურთი 2-ჯერ დაკარგა. შერმადინის სარგებლიანობის ინდექსმა 19 შეადგინა, რაც ორივე გუნდში საუკეთესო მაჩვენებელია.
შეხვედრა სტუმართა უპირატესობით წარიმართა, მაგრამ "ტენერიფემ" დიდ შესვენებამდე შეძლო ანგარიშში წინ გასვლა, რის შემდეგაც თამაშის სადავეები ხელიდან საფინალო სირენამდე აღარ გაუშვა. მატჩი ტენერიფელებმა 91:84 მოიგეს.
ამ გუნდების მეორე დაპირისპირება 12 აპრილს, ამჯერად მანრესას არენაზე გაიმართება და გამარჯვების შემთხვევაში, "ტენერიფე" 1/2-ფინალში გავა.
GBF