NBA. მატჩები: ბოსტონური "ქამბექი" "ჰიუსტონთან" 2-არბიტრიან მატჩში [VIDEO]

AutoSharing Option
NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის შეხვედრაში NBA-ს ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა "ბოსტონ სელტიკსმა" დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ ლიდერს, "ჰიუსტონ როკეტსს" უმასპინძლა, 26-ქულიანი "ქამბექი" შეასრულა და 99:98 დაამარცხა.

მატჩის პირველი ნახევარი "ჰიუსტონმა" 62:38 მოიგო, თუმცა მეორე ტაიმში მასპინძლებმა თამაშში დაბრუნება შეძლეს. "ბოსტონი" მატჩში პირველად დასრულებამდე 3.7 წამით ადრე დაწინაურდა და ეს უპირატესობა შეინარჩუნა. ეს გადამწყვეტი 2-ქულიანი გუნდს ალ ჰორფორდმა მოუტანა.

"ბოსტონს" 26 ქულით კაირი ირვინგმა ულიდერა, ლიგის ახალწვეულმა ჯეისონ ტატუმმა კი 19 ქულა გაიფორმა.

"ჰიუსტონის" რიგებში ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გუნდის ლიდერი ჯეიმს ჰარდენი გამოდგა. მის
ანგარიშზე 34 ქულა, 10 შედეგიანი გადაცემა და 6 მოხსნაა. ერიკ გორდონმა 24 ქულა მოაგროვა.

"ჰიუსტონს" ტრავმის გამო კრის პოლი ვერ დაეხმარა, თუმცა ტეხასურ გუნდში დებიუტი ჰქონდა გამოცდილ ჯერალდ გრინს, რომელმაც პარკეტზე 11 წუთი გაატარა და 2 მოხსნა მიითვალა.

აღსანიშნავია, რომ მატჩს 3-ის მაგივრად 2 არბიტრი გაუძღვა, რადგანაც მარკ ლინდსეიმ მუშაობა ზურგის ტკივილის გამო ვერ შეძლო.

29 მოგებით და 10 მარცხით "ბოსტონი" აღმოსავლეთ კონფერენციას ლიდერობს, "ჰიუსტონი" კი 25 გამარჯვებით და 8 წაგებით დასავლეთ კონფერენციის მე-2 პოზიციაზეა. პირველ ადგილს ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტ უორიორსი" იკავებს.



"სან ანტონიო სპურსმა" საშინაო შეხვედრაში "ნიუ იორკ ნიქსი" 119:107 დაამარცხა.

გრეგ პოპოვიჩის ბიჭებს 25 ქულით ლამარკუს ოლდრიჯმა ულიდერა, ვეტერანმა ესპანელმა პაუ გასოლმა კი ორმაგი დუბლი (17 ქულა, 11 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა) გაიფორმა.

"ნიქსის" რიგებში ყველაზე შედეგიანი მაიკლ ბიზლი გამოდგა. გამოცდილმა კალათბურთელმა 23 ქულა და 12 მოხსნა მოაგროვა.

"სან ანტონიო" დასავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზეა, "ნიუ იორკი" კი აღმოსავლეთ კონფერენციის მე-9 პოზიციას იკავებს.



"მინესოტა ტიმბერვულვსი" "მილუოკი ბაქსს" ეწვია და 20-ქულიანი უპირატესობის მიუხედავად, 102:96 დამარცხდა.

20-ქულიანი დეფიციტის აღმოფხვრაში დიდი წვლილი შეიტანეს იანის ანტეტოკუნმპომ და ერიკ ბლედსომ. ახლად ჩამოყალიბებული ბერძნულ-ამერიკული დუეტის ანგარიშზე 48 ქულაა.

"ტყის მგელთა" შორის კარლ ენტონი-თაუნსი (22 ქულა) და ენრიუ უიგინსი (21 ქულა) გამოირჩნენ, ჯიმი ბატლერმა კი 20 ქულა და 7 შედეგიანი გადაცემა გაიფორმა.

"მინესოტას" მუხლის ტრავმის გამო ჯეფ ტიგი ვერ დაეხმარა. გამოცდილი გამთამაშებელი, ამერიკული მედიის ცნობით, 2-4 კვირას გამოტოვებს.

"მილუოკი" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზეა, "მინესოტა" კი დასავლეთ კონფერენციის მე-4 პოზიციას იკავებს.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული