დღეს ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში პლეი-ოფის პირველი რაუნდის 3 შეხვედრა გაიმართა.
"ბრუკლინ ნეტსმა" "ბოსტონ სელტიკსი" 123:109 დაამარცხა და მეორე რაუნდში გადაინაცვლა, სადაც მისი მეტოქე "მილუოკი ბაქსი" იქნება.
მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო ჯეიმს ჰარდენი გახლდათ, რომელმაც 34 ქულა, 10 მოხსნა, ამდენივე შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 2-იც დაფარება დააგროვა.
რაც შეეხება "ბოსტონს", ჯეისონ ტეიტუმმა თავი 32 ქულით, 9 მოხსნით, 5 შედეგიანი გადაცემითა და 2 დაფარებით გამოიჩინა.
"ნეტსი" მეორე რაუნდის პირველ შეხვედრას 6 ივნისს გამართავს.
"დენვერ ნაგეტსისა" და
"პორტლენდ ტრეილბლეიზერსის" შეხვედრაში დაძაბულობამ პიკს მიაღწია. შეხვედრის ძირითადი დრო 121:121 დასრულდა, შემდეგ კი გულშემატკივარმა 2 ოვერტაიმი იხილა.
მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო ნიკოლა იოკიჩი გახლდათ, რომელმაც გუნდს 38 ქულა, 11 მოხსნა, 9 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 4 დაფარება შესძინა.
მაიკლ პორტერ ჯუნიორის ანგარიშზე 26 ქულა, 12 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა გახლდათ.
რაც შეეხება "პორტლენდს", დემიენ ლილარდმა ზღაპრული შეხვედრა ჩაატარა. ვარსკვლავმა თავი 55 ქულით (17/24), 6 მოხსნით, 10 შედეგიანი გადაცემით, 1 ჩაჭრითა და 3 დაფარებით გამოიჩინა. დემიენის 17 ნასროლი სამქულიანიდან 12 ზუსტი აღმოჩნდა.
ამრიგად, "ნაგეტსი" სერიაში 3:2 დაწინაურდა. მომდევნო შეხვედრა 4 ივნისს, პორტლენდში გაიმართება.
რაც შეეხება მესამე შეხვედრას, "ფინიქს სანსმა" "ლოს ანჯელეს ლეიკერსს" უმასპინძლა და 30-ქულიანი სხვაობით, 115:85 დაამარცხა.
მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო დევინ ბუკერი გახლდათ, რომელმაც 30 ქულა, 7 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა.
რაც შეეხება "ლეიკერსს", ლებრონ ჯეიმსმა გუნდს 24 ქულა, 5 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა შესძინა.
ამრიგად, "ფინიქსი" სერიაში 3:2 დაწინაურდა. მომდევნო შეხვედრა 4 ივნისს, ლოს-ანჯელესში გაიმართება.