NBA-ის საგამოფენო შეხვედრები გრძელდება, დღეს, 9 ოქტომბერს, "ინდიანა პეისერსი" "კლივლენდ კავალიერსს" ესტუმრა და 9 ქულიანი უპირატესობით 109:100 დაამარცხა.
"პეისერსის" რიგებში გოგა ბითაძემ მოედანზე 12 წუთი დაჰყო, რა დროშიც გუნდს 4 ქულა, 2 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება შესძინა. წინა შეხვედრის მსგავსად გოგას შეტევაში უჭირს, თუმცა დაცვაში კვლავაც შესანიშნავად გამოიყურება.
სტუმართა რიგებიდან საუკეთესო მალკომ ბროგდონი გახლდათ, რომელმაც თავი 27 ქულით, 5 მოხსნით, 3 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა.
"კავალიერსის" მხრიდან რიკი რუბიო გამოირჩა. ესპანელმა კალათბურთელმა 14 ქულა, 2 შედეგიანი გადაცემა და ამდენივე ჩაჭრა მიითვალა.
"პეისერსი" მომდევნო შეხვედრას 14 ოქტომბერს, "მემფის გრიზლის" წინააღმდეგ გამართავს, "კლივლენდი" 11 ოქტომბერს "ჩიკაგო ბულსს" უმასპინძლებს.