ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი შეხვედრები გაიმართა.
"პორტლენდ ტრეილბლეიზერსმა" "ატლანტა ჰოუქსს" უმასპინძლა და 136:131 დაამარცხა.
მასპინძელთა შემადგენლობიდან საუკეთესო ანფერნე სიმონსი გახლდათ, რომელმაც თავი 43 ქულით (9/16 სამქულიანი), 3 მოხსნითა და 7 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა. როგორც მატჩის შემდეგ უცხოურ მედიაში დაიწერა, სიმონსის ბაბუა გასულ ღამეს გარდაიცვალა, შვილიშვილმა კი თავის ყველაზე დიდ გულშემატკივარს გამარჯვება (თანაც, როგორი სტატისტიკური მონაგარით) მიუძღვნა.
ნორმან პაუელმა 26 ქულა, 6 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და ამდენივე ჩაჭრა დააგროვა.
რაც შეეხება "ჰოუქსს", შესანიშნავი შეხვედრა გამართა ტრეი იანგმა, რომელმაც გუნდს 56
ქულა (7/12 სამქულიანი), 4 მოხსნა და 14 შედეგიანი გადაცემა შესძინა. აქამდე NBA-ს ისტორიაში არც ერთ კალათბურთელს 56 ქულასთან ერთად 14 გადაცემა არ ჰქონია. ამასთან ერთად, ტრეი მე-4 კალათბურთელი გახდა (ჯეიმს ჰარდენი, უილტ ჩემბერლენი და ნეიტ არჩიბალდი), რომლებმაც 50-ზე მეტი ქულა და 14-ზე მეტი ასისტი დააგროვეს.
კლინტ კაპელამ აქტივში 22 ქულა (10/10 ჩაგდებული ბურთი), 11 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა.
ამრიგად, "პორტლენდი" 14 გამარჯვებითა და 22 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილს იკავებს. მომდევნო შეხვედრას 6 იანვარს, "მაიამი ჰიტის" წინააღმდეგ ჩაატარებს.
"ატლანტა" 16 მოგებითა და 20 მარცხით აღმოსავლეთში მე-12 პოზიციაზე იმყოფება, შემდეგ მატჩს კი იმავე 6 იანვარს, "საკრამენტო კინგსის" პირისპირ გამართავს.
"მემფის გრიზლი" "ბრუკლინ ნეტსს" ესტუმრა და 14-ქულიანი უპირატესობით, 118:104 დაამარცხა.
სტუმართა შემადგენლობიდან "საუკეთესო ახალგაზრდამ", ჯა მორანტმა, თავი 36 ქულით, 6 მოხსნითა და 8 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.
ჯას მხარი დესმონდ ბეინმა აუბა, რომელმაც 29 ქულა, 8 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და ამდენივე ჩაჭრა მიითვალა.
რაც შეეხება "ნეტსს", კევინ დურანტმა გუნდს 26 ქულა, 3 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა და 3-იც დაფარება შესძინა.
ჯეიმს ჰარდენმა 19 ქულა, 4 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა და თითო ჩაჭრა და დაფარება დააგროვა.
ამრიგად, "გრიზლი" 24 გამარჯვებითა და 14 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას ხვალ, 5 იანვარს, "კლივლენდ კავალიერსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.
"ბრუკლინი" 23 მოგებითა და 12 მარცხით აღმოსავლეთში მე-2 პოზიციაზე იმყოფება, შემდეგ მატჩს კი 6 იანვარს, "ინდიანა პეისერსის" პირისპირ გამართავს.