ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი შეხვედრები გაიმართა.
"დენვერ ნაგეტსი" "მილუოკი ბაქსს" ესტუმრა და 136:100 გაანადგურა.
მასპინძელთა მხრიდან სანდრო მამუკელაშვილმა მოედანზე 3 წუთი გაატარა, რა დროშიც 1 ასისტი მიითვალა, 1 სამქულიანი კი ვერ გამოიყენა.
მოქმედი ჩემპიონების რიგებიდან საუკეთესო იანის ანტეტოკუნმპო გახლდათ, რომელმაც თავი 29 ქულით, 9 მოხსნით, 2 შედეგიანი გადაცემით, 1 ჩაჭრითა და ამდენივე დაფარებით გამოიჩინა.
"ნაგეტის" შემადგენლობიდან ნიკოლა იოკიჩმა გუნდს 18 ქულა (7/9), 9 მოხსნა, 15 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება შესძინა.
მონტე მორისმა აქტივში 18 ქულა (7/8), 2
მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა.
ამრიგად, "ბაქსი" 31 მოგებითა და 21 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილს იკავებს. შემდეგ მატჩს 2 თებერვალს, "ვაშინგტონ ვიზარდსის" წინააღმდეგ გამართავს.
"დენვერი" 28 გამარჯვებითა და 21 მარცხით დასავლეთში მე-5 პოზიციაზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი იმავე 2 თებერვალს, "მინესოტა ტიმბერვულვზის" პირისპირ ჩაატარებს.
"ფინიქს სანსმა" "სან ანტონიო სპურსს" უმასპინძლა და 115:110 დაამარცხა.
მასპინძელთა მხრიდან კრის პოლმა ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა. 36 წლის გამთამაშებელმა თავი 20 ქულით, 9 მოხსნით, 19 შედეგიანი გადაცემით, 1 ჩაჭრითა და ამდენივე დაფარებით გამოიჩინა.
დევინ ბუკერმა 28 ქულა, 4 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1-იც ჩაჭრა მიითვალა.
"სპურსის" შემადგენლობიდან დაგ მაკდერმოტმა გუნდს 24 ქულა, 4 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა.
ამრიგად, "სანსი" 40 მოგებითა და 9 წაგებით ლიგის საუკეთესო შედეგს აფიქსირებს. მომდევნო შეხვედრას 2 თებერვალს, "ბრუკლინ ნეტსის" წინააღმდეგ გამართავს.
"სან ანტონიო" 19 გამარჯვებითა და 32 მარცხით იმავე დასავლეთში მე-11 პოზიციას იკავებს, შემდეგი ტურის მატჩს (2 თებერვალს) კი "გოლდენ სტეიტ უორიორსის" პირისპირ ჩაატარებს.