სხვადასხვა სახეობაში მონაწილე უკრაინელმა სპორტსმენებმა რუსეთის სამხედრო ოპერაციაზე კომენტარი გააკეთეს. შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, კიევისა და სხვა ქალაქების დაბომბვა ხუთშაბათს დილით დაიწყო. დღეს უკრაინელმა კალათბურთელებმა საკუთარი ქვეყნის მოსახლეობას მიმართეს.
ალექს ლენისა და სვიატოსლავ მიხაილუკის განცხადება
"საკრამენტო კინგსის" ცენტრმა ალექს ლენმა და "ტორონტო რეპტორსის" ფორვარდმა სვიატოსლავ მიხაილუკმა რუსეთის მიერ უკრაინული ქალაქების დაბომბვა გააკრიტიკეს და საკუთარ ქვეყანას გამძლეობა უსურვეს.
"ჩვენს ძვირფას, მშობლიურ უკრაინას დიდი ტრაგედია დაატყდა. ომს კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით. უკრაინა მშვიდობიანი და სუვერენული ქვეყანაა. იქ ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც საკუთარი ბედის გადაწყვეტა თვითონვე
სურთ. ვლოცულობთ ჩვენი ოჯახებისთვის, ნათესავებისთვის და თანამოძმეებისთვის. ვიმედოვნებთ, რომ ეს საშინელი ომი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდება. ძვირფასო უკრაინელებო, მოითმინეთ! ჩვენი ძალა ერთიანობაა! ჩვენ თქვენ გვერდით ვართ!" - წერენ კალათბურთელები.
ალექს ლენმა "საკრამენტოს" შემადგენლობაში მატჩი დღეს გამართა. "კინგსი" "მინესოტას" დაუპირისპირდა და 114:134 დამარცხდა. უკრაინელმა კალათბურთელმა მოედანზე 19 წუთი დაჰყო, რა დროშიც თავი 4 ქულით, 3 მოხსნით, 1 შედეგიანი გადაცემითა და ამდენივე ჩაჭრით გამოიჩინა.
რაც შეეხება მიხაილუკის "ტორონტოს", კანადელები თავიანთ შეხვედრას ხვალ, 26 თებერვალს, "შარლოტ ჰორნეტსის" წინააღმდეგ ჩაატარებენ.
მომზადებულია Marca-ს მიხედვით