ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" "ტორონტო რეპტორსს" ესტუმრა და 128:123 დაამარცხა. ძირითადი დრო 116:116 მორჩა, ოვერტაიმში კი კალიფორნიელები უკეთ გამოიყურებოდნენ.
სტუმართა მხრიდან ლებრონ ჯეიმსმა გუნდს 36 ქულა, 9 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება შესძინა.
რასელ უესტბრუქმა თავი 22 ქულით, 10 მოხსნით, ამდენივე შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა, აღსანიშნავია, რომ ბოლო წამებზე სწორედ რასელის 3 ქულიანის წყალობით გადავიდა შეხვედრა დამატებით დროში.
მასპინძელთა შემადგენლობიდან სკოტი ბარნსმა აქტივში 31 ქულა, 17 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა ჩაიწერა.
ამრიგად, "ლეიკერსი" 30 მოგებითა და 40 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზე იმყოფება, შემდეგ შეხვედრას 20 მარტს, "ვაშინგტონ ვიზარდსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.
"რეპტორსი" 39 გამარჯვებითა და 31 მარცხით აღმოსავლეთში მე-7 პოზიციას იკავებს, მომდევნო მატჩს კი 21 მარტს, "ფილადელფიას" პირისპირ გამართავს.