მოგეხსენებათ, გოგა ბითაძის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ინდიანაპოლისური კარიერა არ შედგა, რის გამოც 3.5-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ გზების გაყოფა და სხვადასხვა გზით წასვლა ამჯობინეს.
ქართველმა კალათბურთელმა ამჯერად გეზი ფლორიდის მზიან შტატში, კერძოდ კი, ორლანდოსკენ აიღო, სადაც დასავლური კარიერის გადარჩენას შეეცდება.
რატომ ვერ გამოავლინა გოგა ბითაძემ "ინდიანა პეისერსში" საკუთარი პოტენციალი?
2018/19 წლების სეზონის შემდეგ გოგა ბითაძემ ევროლიგა NBA-ს ლატარიისთვის მსუყე სტატისტიკით, საშუალოდ 24 წუთში (13 მატჩში) 12.1 ქულით, 6.5 მოხსნით, 1.2 შედეგიანი გადაცემით, 0.5 ჩაჭრითა და 2.3 დაფარებით დატოვა, რის შემდეგაც დრაფტზე მე-18
ნომრად "ინდიანამ" აირჩია. ვისაც ახსოვს, "პეისერსის" შემდეგ მოდიოდნენ ისეთი გუნდები, როგორებიც "სან ანტონიო სპურსი" და "ბოსტონ სელტიკსი" არიან. თუ "პეისერსი" ქართველ ცენტრს არ აირჩევდა, მაშინ დიდი შანსი იყო, გოგა ტეხასის ან მასაჩუსეტსის გიგანტში აღმოჩენილიყო, თუმცა მოხდა ის, რაც მოხდა.
ბითაძე მივიდა გუნდში, რომელსაც უკვე ჰყავდა ფარის გამორჩეული დაცვით სახელგანთქმული მაილის ტერნერი, იმ დროს ვიქტორ ოლადიპოსთან ერთად გუნდის ლიდერი, დომანტას საბონისი და ჯაკარ სამპსონი. პირველ სეზონში გოგა 54 შეხვედრაში საშუალოდ 9 წუთით დაიტვირთა, თუმცა მონაგარი არცთუ ისე დიდი იყო - 3.2 ქულა, 2.0 მოხსნა, 0.4 შედეგიანი გადაცემა, 0.2 ჩაჭრა და 0.7 დაფარება. როგორც ქართველი, ასევე ინდიანაპოლისელი ქომაგები ქართველი ბიჭის მიმართ დიდ იმედს ამყარებდნენ, თუმცა, რაც სიმართლეა, სიმართლეა, ბითაძე არ მოხვდა მისთვის შესაფერის გუნდში, სადაც განვითარდებოდა და პოტენციალს მაქსიმალურად გამოავლენდა.
რიგით მეორე სეზონში საშუალოსტასტიკური მონაცემები სათამაშო დროსთან ერთად გაიზარდა, 45 მატჩში მოედანზე 12 წუთს ატარებდა, რა დროშიც 5.1 ქულას, 3.3 მოხსნას, 0.8 შედეგიან გადაცემას, 0.2 ჩაჭრასა და 1.3 დაფარებას აგროვებდა. სტატისტიკური სკალა სათამაშო დროსა და დაგროვებულ ქულებში ერთდროულად გაიზარდა. თითოეულ შეხვედრაში გოგა 15 წუთს თამაშობდა, რა დროშიც 7.0 ქულასა და 3.0 მოხსნას აგროვებდა. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი გამოვიდა სეზონის დასკვნითი ეტაპი, როცა ქართველმა ცენტრმა თითქოსდა პოტენციალის სრულად გამოვლინება დაიწყო, მაგალითად, "ჰიუსტონ როკეტსთან" ჩაგდებული 23 ქულა (100% მაჩვენებლით, კარიერის საუკეთესო მაჩვენებელია), 20 ქულა "ვაშინგტონთან" (აქაც 100% მაჩვენებლით). სხვათა შორის, თუ დასამახსოვრებელ სტატისტიკაზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება არ აღინიშნოს მიმდინარე სეზონში "დეტროიტ პისტონსთან" გამართული მეგა-მატჩი, სადაც ქართველმა ცენტრმა თავი 14 ქულითა და 15 მოხსნით (8 მეტოქის ფარზე) გამოიჩინა.
თუმცა ფაქტი იყო, რომ ბითაძისა და გუნდის ხედვები ერთმანეთს სცდებოდა. "პეისერსმა" კიდევ ერთი მაღალი, ბენეტიქტ მატიურინი მოიყვანა, რომელმაც პირდაპირ უნდა ითქვას, გუნდის ხელმძღვანელობის იმედები პირნათლად გაამართლა, კანადელი საშუალოდ 17.3 ქულასა და 4.1 მოხსნას აგროვებს, თუმცა მოედანზე 28 წუთს თამაშობს...
ვინ იცის, გოგა იმდროინდელ "სელტიკსში" ან "სპურსში" რომ წასულიყო, როგორ განვითარდებოდა მისი კარიერა. ახლა ბეწვის ხიდზე იქნებოდა, თუ საჩემპიონო გუნდთან ერთად მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებდა. ფაქტია, რომ ქართველ კალათბურთელს ამის პოტენციალი აქვს. იყო შანსი ტეხასურ გუნდში გრეგ პოპოვიჩთან, ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელთან (ბევრის აზრით, მათ შორის, ჩემიც) ერთად ემუშავა, თანაც ყველამ კარგად იცის, გრეგს მაღალ კალათბურთელებთან როგორ უყვარს მოღვაწეობა... ან მასაჩუსეტსური ახალგაზრდა გუნდის იმდროინდელ გამორჩეულ სპეციალისტთან, ბრედ სტივენსთან, თუმცა "პეისერსმა" გოგა დღესდღეობით ბევრ გამორჩეულ კალათბურთელს ამჯობინა (ჯორდან პული "გოლდენ სტეიტიდან", კევინ პორტერ ჯუნიორი "ჰიუსტონ როკტესი" და ა.შ.).
რა შეგვიძლია ვთქვათ "ორლანდოზე"?
ფლორიდული გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში დიდებული შედეგით ვერ დაიკვეხნის, თუმცა "ინდიანას" მხოლოდ და მხოლოდ 1 მოგებით ჩამორჩება, 58 მატჩში 24 მოგება და 34 წაგება აქვს, პლეი-ინის (პლეი-ოფში გასასვლელად გადასათამაშებელი შეხვედრებისთვის) ზონასთან კი ბევრი აშორებს - მე-10-ეადგილოსან "ვაშინგტონ ვიზარდსს" 26 გამარჯვება და 30 მარცხი აქვს.
"მეჯიქის" შემადგენლობა ახალგაზრდულია, ჰყავს 2022 წლის ლატარიის პირველი ნომერი პაოლო ბანშერო, რომელიც საშუალოდ 20.0 ქულას, 6.7 მოხსნას, 3.6 შედეგიან გადაცემას, 1.0 ჩაჭრასა და 0.5 დაფარებას აგროვებს. მისი პოტენციალიდან გამომდინარე, გასაკვირიც არ არის, რადგან უცხოური გავლენიანი გამოცემები 20 წლის ამერიკელს მომავალ სუპერვარსკვლავად მოიხსენიებენ.
მიუხედავად ახალი შანსისა, ერთი დიდი დაბრკოლება აქაც გვხვდება. მოგეხსენებათ, მო ბამბა კარიერას "ლოს ანჯელეს ლეიკერსში" გააგრძელებს, მის ადგილზე კი ბითაძე მივიდა. რთულია აღვიქვათ, როგორ შეიძლება მეოთხე მაღალს დრო მიეცეს, თუმცა ჯამალ მოსლის სქემაში ყველა კალათბურთელს თავისი სათამაშო წუთები აქვს.
ცენტრები:
ძირითად შემადგენლობაში შეხვდებით 23 წლის ვენდელ კარტერ ჯუნიორს, რომელიც საშუალოდ 30 წუთში 15.1 ქულას, 8.6 მოხსნას, 2.6 შედეგიან გადაცემას, 0.3 ჩაჭრასა და 0.6 დაფარებას აგროვებს.
მშვენიერ ფორმაშია გერმანელი მორიც ვაგნერი, 21 წუთში თავისი 11.5 ქულით, 4.8 მოხსნით, 1.7 შედეგიანი გადაცემით, 0.8 ჩაჭრითა და 0.2 დაფარებით.
მესამე ცენტრი სუდანელი ბოლ-ბოლი გახლავთ, რომელიც საშუალოდ 23 წუთში 10.5 ქულას, 6.2 მოხსნას, 0.8 შედეგიან გადაცემას, 0.4 ჩაჭრასა და 1.4 დაფარებას აგროვებს.
აწ უკვე "ლეიკერი" მო ბამბა კი 40 გამართულ მატჩში საშუალოდ 17 წუთს ატარებდა, რაც იმის ალბათობას, რომ მოსლი ქართველ ცენტრსაც ისევე ენდობა, ზრდის. თანაც გუნდს ჰყავს მარკელ ფულტსი, რომელიც "ფილადელფიამ" 2017 წელს ლატარიაში 1-ელ ნომრად აირჩია, თუმცა 24 წლის კალათბურთელის კარიერა ისეთი წარმატებით არ განვითარდა, როგორც მოელოდნენ... მაგრამ ამ მომენტისთვის უმოტივაციო "მეჯიქს" მშვენივრად დირიჟორობს და სოლიდურ გადაცემებსაც აკეთებს.
"ორლანდოს" მიზანი 2022/23 წლების სეზონში
ნაკლებად სავარაუდოა, რომ ფლორიდული გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციის პლეი-ოფში მოხვდეს, თუმცა ბურთი მრგვალია და ყველაფერი შეიძლება თავდაყირა დატრიალდეს; თანაც, დასავლეთისგან განსხვავებით, აღმოსავლეთში შედარებით მარტივი სიტუაციაა. ობიექტურად რომ ვთქვათ, "ჩიკაგო ბულზი" თუ იქნება იმის კანდიდატი, რომ რომელიმე პლეი-ინის ზონაში მყოფი გუნდი ამოაგდოს, "ინდიანას" მაგრად დაწყებული სეზონის მიუხედავად, ნაკლები შანსია საუკეთესო 8 გუნდში მოხვდნენ.
გოგა "ჯადოქრების" შემადგენლობაში გარკვეულ დროს მიიღებს და ეს დრო აუცილებლად კარგად უნდა გამოიყენოს; როგორც ყოველთვის, მაქსიმალურად დაიხარჯოს და იყოს, რაც მთავარია, თამამი, რადგან გულშემატკივრები ამ ფაქტს ხშირად გამოეხმაურებიან. ჩვენებურს ის ტალანტი აქვს, რაც NBA-ში სტაბილურად თამაშისთვის კალათბურთელს სჭირდება. იყო ევროპული ვარაუდიც, თუმცა ბითაძემ კიდევ ერთი ამერიკული მცდელობა არჩია...
"ორლანდო" ქართველებისთვის
მოგეხსენებათ, 2003 წლის ლატარიაში ზაზა ფაჩულია სწორედ ამ ფლორიდულმა გუნდმა 42-ე ნომრად აირჩია, სადაც 2 წელი დაჰყო... "დეტროიტ პისტონსში" ბოლო სეზონის წინ კი ყველამ იცის, რომ საქართველოს ისტორიაში საუკეთესო კალათბურთელმა "გოლდენ სტეიტ უორიორსთან" ერთად 2-ჯერ იზეიმა ჩემპიონობა...
ვინ იცის, იქნებ გოგასთვისაც ასეთი წარმატებული გამოდგეს კარიერის განახლება "ორლანდოში"...