შიო ხეცურიანი: ჩვენი მიზანია, ვაქციოთ კალათბურთი ცხოვრების წესად

AutoSharing Option
კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებამდე სამ თვეზე ნაკლები რჩება. ვეტერანი კალათბურთელი, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი შიო ხეცურიანი კალათბურთის განვითარების 10-წლიან სტრატეგიას კალათბურთში ჩართულ სუბიექტებს აქტიურად აცნობს.

რა ვითარებაში მიმდინარეობდა სტრატეგიის შექმნაზე მუშაობა, როგორ განისაზღვრა სტრატეგიის ძირითადი ამოცანები, ამ და სხვა საკითხებზე შიო ხეცურიანი საუბრობს.

- ვიდრე უშუალოდ სტრატეგიის ძირითად მიმართულებებზე გადავიდოდეთ, გვითხარით, როგორ მიმდინარეობდა სტრატეგიაზე მუშაობა?
- სტრატეგიაზე დაახლოებით ათი თვის განმავლობაში ვმუშაობდით. ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში არაერთი შეხვედრა გავმართეთ კალათბურთში ჩართულ ხალხთან, ადამიანებთან, ვისაც კალათბურთი აინტერესებს როგორც დედაქალაქში, ისე
რეგიონებში. მათგან მივიღეთ მაქსიმალური ინფორმაცია, თუ რა უჭირს დღეს ქართულ კალათბურთს, რა მიმართულებებზე უნდა გაკეთდეს განსაკუთრებული აქცენტი. ამასთან, სტრატეგიაზე მუშაობის ფარგლებში ჩავატარეთ კვლევები სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე. მათი გამოცდილებიდან საუკეთესო მაგალითები ავიღეთ.

კალათბურთის განვითარების მიზნების დასასახად ლიტვის და სლოვენიის მონაცემებს შევადარეთ საქართველოში არსებული მდგომარეობა.

- რა კრიტერიუმით შეირჩა აღნიშნული ქვეყნები?
- ქვეყნები შეირჩა როგორც კალათბურთის კუთხით არსებული, ასევე მოსახლეობის და ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით. სლოვენია და ლიტვა ახლოს არიან საქართველოსთან ამ კრიტერიუმებით. შემდეგ უფრო დავკონკრეტდით და სლოვენიაზე მეტი აქცენტი გავაკეთეთ.

10 თვის წინ არაერთი ადამიანი გვეკითხებოდა, თუ რატომ მაინცდამაინც სლოვენია. ჩვენ ვთვლით, რომ აღნიშნულ ქვეყანაში კალათბურთი სწორი მიმართულებით ვითარდება, ჩვენი შეხედულების სისწორე ევრობასკეტზე სლოვენიის მიერ მოპოვებულმა წარმატებამაც დაადასტურა. საქართველოს რეალობას და სპეციფიკას მოვარგეთ შემდგომი განვითარების გეგმა, რომლის შესრულების შედეგად ჩვენ მივიღებთ სლოვენიის დონის, გარკვეულ ასპექტებში უკეთეს მდგომარეობას ქართულ კალათბურთში.

- სტრატეგიის ძირითად შინაარსზე რომ ვისაუბროთ, როგორია ქართული კალათბურთის განვითარების თქვენეული ხედვა?
- სტრატეგიაში წარმოდგენილია ჩვენი შეხედულებები, თუ როგორ უნდა განვითარდეს კალათბურთი საქართველოს მასშტაბით უახლოესი ათი წლის განმავლობაში. მასში საუბარია როგორც კალათბურთელების, მწვრთნელების და მსაჯების რაოდენობის ზრდაზე, ასევე კომპეტენციასა და ხარისხის გაუმჯობესებაზე; ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე, ბავშვთა კალათბურთის განვითარებაზე რეგიონებში და თბილისში; ქალთა კალათბურთში არსებული პრობლემების გადაჭრაზე.

სტრატეგიაში ასევე განხილულია ფინანსური მდგრადობის საკითხი. რაც მთავარია, საქართველოში კალათბურთის პოპულარიზაციის აუცილებლობა. ჩვენ მიერ ჩატარებული შედარების შემდეგ გამოიკვეთა, რომ საქართველოში 846 მოსახლეზე კალათბურთის ერთი მოთამაშეა. სლოვენიაში 205 მოსახლეზე - 1 კალათბურთელი. ეს ციფრიც მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენს ქვეყანაში კალათბურთელების რაოდენობა გასაზრდელია. ქუჩის კალათბურთის ხელშეწყობა აუცილებელია, ჩასატარებელია სხვადასხვა პიარ- აქტივობა.

ჩვენი მიზანია, ვაქციოთ კალათბურთი ცხოვრების წესად.

- ამ დრომდე თუ გვქონდა მსგავსი სამოქმედო პროგრამა, ერთგვარი სახელმძღვანელო - თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენს ქვეყანაში კალათბურთი?
- სამწუხაროდ, დღემდე არ არსებობს საქართველოში კალათბურთის განვითარების გრძელვადიანი გეგმა. შესაბამისად, ჩვენ მიერ შემუშავებული პროგრამით პირველად გვექნება მსგავსი დოკუმენტი. დღეს კალათბურთის ფედერაციაში არ აქვთ არანაირი სახელმძღვანელო დოკუმენტი, გაწერილი სტრატეგია, გრძელვადიანი მიზნები უგულებელყოფილია.

დღესდღეობით კალათბურთის ფედერაცია კარგი მმართველობის ყველა პრინციპს არღვევს, არ არის გამჭვირვალობა, არ ასაჯაროებენ არც ფინანსურ ხარჯებს და არც სხვა მონაცემებს. წესდებაში ძალიან ბუნდოვანია საარჩევნო რეგულაციები და ყველანაირი შესაძლებლობა აქვს მოქმედ ფედერაციის ხელმძღვანელობას არჩევნების შედეგებზე ზეგავლენა მოახდინოს.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას ვაკვირდებოდით და სტატისტიკები გამოვითხოვეთ, 2 დღეში მოვიპოვეთ ჩვენთვის საინტერესო მონაცემები. თვეები გადის და ვერ შევძელით საქართველოს კალათბურთის ფედერაციიდან ანალოგიურ თემატიკაზე სტატისტიკის მოპოვება.

- დამეთანხმებით, თქვენ მიერ შემუშავებული სტრატეგიის განხორციელებისთვის სახელმწიფოს, სპორტის სამინისტროს მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია. რა მოლოდინი გაქვთ ამ მხრივ?
- სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო დიდი ყურადღებას უთმობს კალათბურთს. ყოველწლიურად იზრდება კალათბურთში ინვესტირებული თანხა, რაც მართლაც მისასალმებელია. მაგალითად, ჩვენი ინფორმაციით, დღეისთვის 7 მილიონ ოთხასი ათასი ლარი არის პირდაპირი დაფინანსება სამინისტროდან კალათბურთის ფედერაციისთვის გაცემული. ამ თანხის დიდი ნაწილი სუპერლიგის გუნდებს ხმარდება, დანარჩენი უნდა მოხმარდეს კალათბურთის განვითარებას.

ჩვენ დავინტერესდით ფედერაციის ბიუჯეტით, ამ ხარჯების თაობაზე ინფორმაცია სამინისტროსგან მივიღეთ. აღმოჩნდა, რომ ფედერაციას, ფაქტობრივად, ბავშვთა კალათბურთსა და რეგიონებზე ხარჯი დაგეგმილი არ აქვს. ერთადერთი მნიშვნელოვანი ხარჯი არის კალათბურთის ფედერაციასა და ესპანურ კლუბ "სასკი ბასკონიას" შორის დადებული კონტრაქტი.

- ისევ სტრატეგიას რომ მივუბრუნდეთ, როგორც ცნობილია, აქტიურად მართავთ შეხვედრებს და თქვენს პროგრამას აცნობთ კალათბურთელებს. როგორია მათი შეფასებები?
- დიახ, ჩვენ უკვე შევხვდით მოთამაშეთა გაერთიანების კავშირს, რომლის პრეზიდენტი არის გიორგი ცინცაძე, წევრები კი - საქართველოს ეროვნული ნაკრების, სუპერლიგის და "ა" ლიგის მოთამაშეები. შევხვდით მსაჯებს, საკალათბურთო კლუბ "რუსთავს" და ქვემო ქართლის ფედერაციას, ასევე, ვეტერან კალათბურთელებს, გავაცანით ჩვენი სტრატეგია, მოვისმინეთ მათი ხედვები, რეკომენდაციები, შენიშვნები.

შეფასებები ძალიან პოზიტიურია ჩვენი პროგრამის მიმართ, რაც რა თქმა უნდა, სასიხარულოა. შეხვედრები გაგრძელდება. ჩვენ მზად ვართ, ყოველთვის მოვუსმინოთ კალათბურთით დაინტერესებულ ადამიანებს და გავითვალისწინოთ რეკომენდაციები.

აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო ადამიანებს, რომლებმაც ამ სტრატეგიაზე მუშაობაში ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს: "თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილეს, ნიკა ქურდიანს; "სოკარის" გენერალურ დირექტორ ლევან გიორგაძეს; "იმედი L"-ის გენერალურ დირექტორ გივი გიორგაძეს; "მართვის აკადემიის" დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს, ვანო ნადირაძეს; იურიდიული კომპანია "მაქგილის"  წარმომადგენლებს - ლაშა მდივანს, რევაზ ბერიძეს და ირაკლი კუჭავას. მე და ჩემს კალათბურთელ თანამოაზრეებს ამ ადამიანებმა არაერთი ძალიან ღირებული რჩევა მოგვცეს. ჩვენ ეტაპობრივად ვხვდებოდით მათ, შუალედურ შედეგებს ვაცნობდით, ვისმენდით მათ რეკომენდაციებს და ვითვალისწინებდით.

ვფიქრობ, სხვადასხვა სფეროდან წარმატებული ადამიანების აქტიურმა ჩართულობამ განაპირობა ის, რომ მივიღეთ სტრატეგია, რომელიც პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს, რომლის განხორციელების შემთხვევაში საქართველოში კალათბურთი მნიშვნელოვნად განვითარდება. ამასთან, აღნიშნული პროგრამა კალათბურთის გულშემატკივრებს და დაინტერესებულ პირებს ჩვენი მუშაობის მონიტორინგის საშუალებასაც მისცემს, რადგანაც სტრატეგიაში ყველა მიზანი რიცხვებზე დამოკიდებულია და არააბსტრაქტული, შესაბამისად, გაზომვადია.

გიორგი ჭკუასელი
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბოლობოლო ზუროსი დარჩა ტუ წავიდა ბოისებმა და ფედერაციამ მოილაპარეკეს ტავის სასარგებლოტ ტუ არა დაწერეტ რატომ არ წერტ
შოთა გუგეშაშვილი
16:16 09-10-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული