საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის განცხადება

AutoSharing Option
ა/წ 11 დეკემბერს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობამ დანიშნა საერთო საარჩევნო კრება, რომელზეც მოწვეულმა სრულუფლებიანი ხმის უფლების მქონე წევრებმა მომდევნო 4 წლის ვადით უნდა აირჩიონ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატების განცხადებების მიღება დაიწყება ა/წ 15 ნოემბრიდან და გასტანს 5 დეკემბრამდე.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობით, საკალათბურთო სამყარომ უკვე მრავალი წლის განმავლობაში, არასათანადო გარემო პირობებში შეძლო და არა მხოლოდ შეუნარჩუნა ქვეყანას სპორტის ეს სახეობა, არამედ ინფრასტრუქტურული პრობლემებისა და მწირი დაფინანსებების მიუხედავად, შეძლო აღორძინების გზაზე დაეყენებინა ქართული
კალათბურთი და დღეს ქვეყნის გუნდურ სათამაშო სახეობებში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სახეობად ჩამოეყალიბებინა.

საარჩევნო ვადის მოახლოებასთან ერთად, ბუნებრივია, გამძაფრდება ვნებათაღელვები, პრეზიდენტობის კანდიდატები გადავლენ წინასაარჩევნო პერიოდის დასკვნით ეტაპზე, გაიმართება მრავალი შეხვედრა, საზოგადოების დაინტერესება გაიზრდება. დარწმუნებულნი ვართ, ცალკეული გამონაკლისების გარდა, საკალათბურთო სამყარო და პრეზიდენტობის კანდიდატები კიდევ ერთხელ გამოიჩენენ საზოგადოებისა და ერთმანეთის მიმართ პატივისცემას და მომავალი არჩევნები სამაგალითო იქნება მთელი სპორტული სამყაროსა და ქართული საზოგადოებისათვის.

მიუხედავად ყოველივე ზემოთ აღნიშნულისა, პრეიზდენტობის სავარაუდო კანდიდატებმა დაიწყეს მიზანმიმართული, არაჯანსაღი და საკალათბურთო სამყაროს შეურაცხმყოფელი განცხადებების გავრცელება, რომლებიც მიზნად ისახავს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და კონკურენტი კანდიდატების დისკრედიტაციას. სწორედაც არაჯანსაღია მთელი ამ წლების განმავლობაში ქართული კალათბურთისა და ფედერაციის მიერ გაწეული წარმატებული საქმიანობის არდაფასება და აუგად აგდება.

მათ მიერ სოციალურ ქსელებსა და მასმედიის საშუალებებით გაკეთებული განცხადებები ატარებს შეგნებულად დეზინფორმაციულ და არამართლზომიერ ხასიათს, მით უმეტეს, რომ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წესდება, რომლითაც სრულყოფილად რეგულირდება საარჩევნო სუბიექტების ვინაობა და მათზე გადანაწილებული ხმათა რაოდენობა მიღებულია ფედერაციის საერთო კრების მიერ და მის შემუშავებაში მონაწილეობა აქვს მიღებული FIBA-ს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, კალათბურთის ფედერაციის, საკალათბურთო სამყაროს წარმომადგენლებს და წესდების საბოლოო რედაქციამ დაიმსახურა FIBA-ს უმაღლესი შეფასება.

ხოლო, რაც შეეხება გამგეობის გადაწყვეტილებას საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საერთო საარჩევნო კრებაზე წარმოსადგენი სრულუფლებიანი ხმის უფლების მქონე წევრთა და მათი დელეგატების ხმათა რაოდენობების განსაზღვრის შესახებ, ისიც მიღებულია წესდების სრული შესაბამისობითა და გამგეობის სხდომაზე დამსწრე გამგეობის წევრთა ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია მოუწოდებს ფედერაციის პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატებს, პატივი სცენ საკალათბურთო საზოგადოებასა და თავიანთ კონკურენტებს, თავი შეიკავონ არამართლზომიერი და შეურაცხმყოფელი განცხადებებისაგან, კეთილსინდისიერად წარმართონ თავიანთი საარჩევნო კამპანიები, ხოლო საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია, თავის მხრივ, სრულყოფილად განახორციელებს წესდებით მასზე დაკისრებულ მოვალეობას და საპრეზიდენტო კანდიდატებისათვის უზრუნველყოფს ჯანსაღ, ობიქტურ, სამართლიან და თანასწორუფლებიან საარჩევნო გარემოს.

GBF.GE
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული