კავკასიის უნივერსიტეტის გუნდი A ლიგის ფინალში გავიდა

AutoSharing Option
A ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირის პირველი ფინალისტის ვინაობა ცნობილია. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (კსა) გუნდმა დღეს ოლიმპიურ სასახლეში ზაზა ფაჩულიას აკადემიის გუნდი დაამარცხა და ცხრილში პირველი ადგილი, შესაბამისად კი საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალური სერიის საგზური გაინაღდა. კავკასიელებს დარჩენილი აქვთ ბოლო მატჩი კლუბ “რაზმთან”, მაგრამ ეს უკანასკნელი დღეს “თბილისთან” მატჩზეც არ გამოცხადდა და შესაბამისად, გათამაშებიდან მოიხსნა. ასე რომ, 2-დან 2 მოგების მქონე კსუ-ს 12 დეკემბერს “რაზმთან” დაგეგმილ მატჩში ტექნიკური გამარჯვება ჩაეწერება.

ფინალური სერიის მეორე საგზურისთვის “თბილისი” და “ზაზა” იბრძოლებენ. ეს გუნდები ერთმანეთს 12 დეკემბერს,
ოლიმპიურ სასახლეში შეხვდებიან. რაც შეეხება დღვანდელ დაპირისპირებას, კსუ-სა და “ზაზას” მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ძირითადად ახალგაზრდებით დაკომპლექტებულმა “ზაზას აკადემიამ” სოლიდური წინააღმდეგობა გაუწია სტუდენტებს. დეიან პროკიჩის გაწვრთნილმა “ზაზამ” პირველი პერიოდი 18:14 მოიგო, ხოლო მეორე ათწუთეულის შემდეგ, დიდ შესვენებაზე, კავკასიელებმა მოახერხეს დაწინაურება – 33:31.

შესვენების შემდეგ თამაში თანაბარ ბრძოლაში გაგრძელდა. საკვანძო გამოდგა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდის უკანახაზელის – გიგი მელაძის მესამე პერიოდში ჩაგდებული 4 სამქულიანი, რისი წყალობითაც ლევან ტყეშელაშვილის გაწვრთნილი გუნდი მეტოქეს წინ არ უშვებდა. ბოლო პერიოდის წინ კავკასიელებს ერთქულიანი ლიდერობა შერჩათ, თუმცა გადამწყვეტ მომენტში თავისი სიტყვა თქვა ამერიკელმა ლეგიონერმა – რაიან აარონმა, რომელსაც ხელი ვასო კუტალაძემ, ვალერი კვანტალიანმა და მისმა თანაგუნდელებმაც შეაშველეს და კსუ-ს უპირატესობამ 15 ქულას მიაღწია.

საბოლოოდ თამაში ისე დასრულდა, ვითარება არ დაძაბულა. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდმა 75:62 გაიმარჯვა და ფინალური სერიის საგზური გაინაღდა. გამარჯვებულებს 26 ქულითა და 11 მოხსნით რაიან აარონმა ულიდერა. 7 სამქულიანი და ჯამში 23 ქულა ჩააგდო გიგი მელაძემ, ხოლო კვანტალიანმა კავკასიელებს 11 ქულა მიაშველა. “ზაზას აკადემიაში” 17 ქულით საუკეთესო იყო ბალკანელი ლეგიონერი – სტოიან კნეჟევიჩი. 14 ქულა მიითვალა ვახტანგ გაფრინდაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საკვალიფიკაციო ტურნირის ფინალურ სერიაში 2 მატჩის ჯამში გამარჯვებული გუნდი “ა” ლიგაში პირდაპირ გადავა, ხოლო წაგებულს გასული სეზონის “ა” ლიგის აუტსაუდერ სეუ-სთან მოუწევს ლიგის ბოლო საგზურისთვის ბრძოლა.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული