როგორც ბრალდებულების ადვოკატმა თამარ აბესაძემ ჟურნალისტებს, ე.წ. მოდულის შენობიდან გამოვლის შემდეგ განუცხადა, დანაშაული პროვოცირებულია ჩანერგილი პირის მიერ და რეალურად, არავითარ თამაშების ჩაწყობას ადგილი არ ჰქონია.
"ბრალს გაეცნენ დეტალურად. ბრალის დადგენილებაზე გააკეთეს წარწერა - გავეცანით, მაგრამ არ ვეთანხმებით გარემოებებს, რომელიც ბრალშია მითითებული. მათი პოზიციაა, რომ ასეთი სახის დანაშაული არის პროვოცირებული. აინტერესებთ
გარდა ამისა, ადვოკატი იმ გარემოებაზე მიუთითებს, რომ საქმეში არ ფიგურირებს არც ერთი კალათბურთელი, რაც მატჩების გარიგების ფაქტს კიდევ უფრო დიდი კითხვვს ნიშნის ქვეშ აყენებს.
"დათიკაშვილი ამბობს ასეთ რაღაცას - კალათბურთის თამაშის დროს, ვერცერთი მსაჯი ვერ დაუფარებს ხელს მოთამაშეს, როდესაც ის თუნდაც სამ ქულიანებს აგდებს. აქედან გამომდინარე, გამოდის რომ ამ საქმეში თვითონ კალათბურთელებიც უნდა იყვნენ ჩართულები, რომ მათ სპეციალურად ააცილონ ფარს, ან გადავიდნენ საჯარიმო ზოლზე და ა.შ. თუმცა საქმეში კალათბურთელები არ ფიგურირებენ", - განაცხადა აბესაძემ.
რაც შეეხება ფარულ აუდიო-ვიდეო ჩანაწერებს, როგორც ადვოკატი აცხადებს, მასალების გაცნობა ვერ მოასწრო, თუმცა დანამდვილებით იცის, რომ თამაშების ჩაწყობაზე იქ საუბარი არაა.
"ჩანაწერებში მხოლოდ თანხებზე არაა საუბარი. ასევე კონკრეტულად არ არის ლაპარაკი თამაშის ყიდვაზე, ჩაწყობაზე და სასურველი შედეგის დადგომაზე", - განაცხადა თამარ აბესაძემ.
გარიგებული მატჩების საქმეზე დაკავებულ 5 პირს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. გამოძიება მათ კომერციულ მოსყიდვას ედავება. ბრალდებულთაგან 3 დანაშაულს არ აღიარებს, 2 კი წარდგენილ ბრალში სრულად სცნობს თავს დამნაშავედ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კალათბურთის მწვრთნელები და მსაჯები ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე დააკავა. საერთო ჯამში, აყვანილია 5 პირი. უფრო კონკრეტულად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები -ზაზა მაჩალაძე, ირაკლი ბერიშვილი და დავით ბერიშვილი, ასევე საკალათბურთო კლუბ "სოხუმის" მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელია და ამავე კლუბის თანამფლობელი - თემურ დათიკაშვილი დააკავეს.
წყარო: ipn.ge