იგორ კოკოშკოვი "ფინიქს სანსის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე განიხილება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი იგორ კოკოშკოვი, რომელიც ამჟამად "იუტა ჯაზის" თავკაცის, ქუინ სნაიდერის ასისტენტად მუშაობს, "ფინიქს სანსის" მწვრთნელობის კანდიდატია.

ამის შესახებ ინფორმაციას The Arizona Sports-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, მასთან მოლაპარაკება უახლოეს მომავალში დაიწყება.

კოკოშკოვს NBA-ში მწვრთნელის ასისტენტად მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, ხოლო გასულ ზაფხულს სლოვენიის ნაკრებს ევრობასკეტი მოაგებინა.

კოკოშკოვის გარდა, "ფინიქსის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ასევე განიხილებიან "ჰიუსტონ როკეტსის" თავკაცი კევინ მაკჰეილი და "სან ანტონიო სპურსის" მწვრთნელის ასისტენტი ჯეიმს ბორეგო.

თავად "იუტა ჯაზის" მთავარი მწვრთნელი ქუინ სნაიდერი ფიქრობს, რომ მისი
ასისტენტი იგორ კოკოშკოვი მზადაა, NBA-ს გუნდი ჩაიბაროს.

"ეს მისთვის პატივია. უკვე რამდენიმე წელია ვამბობ, რომ მას შეუძლია NBA-ს გუნდს უთავკაცოს. მას დრო დასჭირდა, რომ ამ თანამდებობისთვის წარედგინა საკუთარი თავი.

მან ყოველთვის იცოდა, რომ ნიჭი ჰქონდა, მაგრამ ძალიან მორცხვია, ხოლო გასულ ზაფხულს შანსი გაუჩნდა, კარგი გამოცდილება მიეღო. ის ნამდვილად იმსახურებს, გახდეს მთავარი მწვრთნელი და მის გამო გვიხარია, იმისდა მიუხედავად, მოხდება თუ არა ეს. ის უნდა განიხილებოდეს კანდიდატად არა მარტო ახლა, არამედ მომავალ წელსაც", - ამბობს სნაიდერი The Deseret News-თან.

რაც შეეხება "სანსს", გუნდმა მიმდინარე სეზონში რეგულარული ჩემპიონატი ბოლო ადგილზე დაასრულა და არსებობის ისტორიაში ყველაზე ცუდი სეზონი ჩაატარა.

აღსანიშნავია, რომ კოკოშკოვი 2008-13 წლებში "ფინიქსში" მთავარი მწვრთნელის, ელვინ ჯენტრის ასისტენტი იყო.

შეგახსენებთ, რომ იგორ კოკოშკოვი საქართველოს ნაკრებში 2008-დან 2015 წლამდე მუშაობდა. კოკოშკოვთან ერთად საქართველოს ნაკრებმა 3 ევრობასკეტზე ითამაშა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული