"ბარსელონამ" სვეტისლავ პეშიჩს ლიგა ენდესას ფინალში "ბასკონიასთან" წაგება არ აპატია და მის ნაცვლად, უკვე ოფიციალურად, გუნდის მთავარ მწვრთნელად შარუნას იასიკიავიჩუსი დანიშნა.
44 წლის ლიეტუველმა სპეციალისტმა კლუბთან კონტრაქტი 2023 წლამდე გააფორმა.
იასიკიავიჩუსის სამწვრთნელო კარიერა 2014 წელს დაიწყო, როცა "ჟალგირისში" ასისტენტი გახდა. 2016 წელს კი ყოფილი გამთამაშებელი ლიეტუვური გრანდის მთავარი მწვრთნელის რანგში მოგვევლინა.
"ჟალგირისთან" ერთად იასიკიავიჩუსი 5-ჯერ გახდა ლიეტუვის ჩემპიონი და გუნდი ევროლიგის "ოთხთა ფინალშიც" გაიყვანა.
აწ უკვე მთავარმა მწვრთნელმა "ბარსელონას" რიგებში კალათბურთელის კარიერის დროს 4 სეზონი გაატარა.