"დინამომ" თსსუ ბოლო პერიოდში გატეხა და ფინალურ სერიაში დაწინაურდა

AutoSharing Option
სტუდენტურ-ახალგაზრდული ზეიმი – ასე შეიძლება დაერქვას იმ ამბავს, რაც დღეს, საღამოს ოლიმპიურ სასახლეში ხდებოდა. ერთის მხრივ სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები და მხარდამჭერები, ხოლო მეორეს მხრივ "დინამოს" თინეიჯერი ქომაგები. მოედანზე კი ბრძოლა, რომელსაც საჩემპიონო სასწორი გამარჯვებულის გუნდის მხარეს უნდა გადაეხარა.

დაძაბული, საინტერესო და თვალსასეირო მატჩით გაიხსნა 20-წლამდელთა საქართველოს ჩემპიონატის ფინალური სერია, რომელიც 2 გამარჯვებამდეა. თორნიკე გელოვანისა და ირაკლი ივანეიშვილის გაწვრთნილმა დინამომ, რომელიც ფინალამდე დაუმარცხებლად მოვიდა, წაგებას თვალებში ჩახედა.სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდმა ნახევარფინალში დაამტკიცა საკუთარი შესაძლებლობები, როცა ჩემპიონობისთვის ბრძოლას თსუ გამოთიშა. ფინალის პირველ მატჩში
კი თავიდანვე რომ დაწინაურდა, ბოლო პერიოდამდე მეტოქეს 10 ქულაზე ახლოს არ უშვებდა.

სწორედ ბოლო პერიოდში მოახდინეს დინამოელებმა გარდატეხა, რაც სერგი ნინუას, ნიკოლოზ თოთლაძის, ნიკოლოზ გულიაშვილის და, რა თქმა უნდა, მათი თანაგუნდელების დამსახურებაცაა. ეს 3 კალათბურთელი განსაკუთრებით შედეგიანად გაისარჯა ეპიზოდში, როცა დინამომ 10 ქულიანი ჩამორჩენა 5-ქულიან ლიდერობად აქცია. ეს მოხდა ბოლო პერიოდში, დასაწყისიდან შუაწელამდე, სანამ თსსუ-მ მწვრთნელების – ლაშა ელბაქიძისა და ზურა მაისურაძის წუთშესვენებებისა და აქტიური ჩარევის შემდეგ ისევ სათავისოდ შემოაბრუნა თამაში. ანგარიში ბოლოსწინა წუთზე ვახტანგ გედენიძის სამქულიანით გათანაბრდა.

თსსუ-ს დაწინაურების შანსიც მიეცა, მაგრამ ვერ გამოიყენა და ჰაერივით საჭირო სამქულიანი მატჩის გმირმა – ნიკოლოზ თოთლაძემ ჩააგდო, რომელსაც მანამდეც ყველაზე მეტი ქულა ჰქონდა მოგროვებული. ჩაგდებული ბურთით გამოწვეული გადამეტებული სიხარულის გამო დინამო ტექნიკურით დაჯარიმდა, რომელიც გედენიძემ ჩააგდო და შეტევაშიც თსსუ დარჩა. გამთანაბრებელი, საშუალო მანძილიდან ლუკა ლურსმანაშვილის ნასროლი ორქულიანი კალათში არ ჩაეშვა, ბურთს დინამო დაეუფლა და მატჩის ბედიც აქ გადაწყდა.

დარჩენილ წამებში დინამოელებმა ყველა ის წესი დაიცვეს, რაც ასეთ სიტუაციებში გამარჯვების მოსაპოვებლადაა საჭირო და 87:82 გამარჯვებით ფინალურ სერიაში 1:0 დაწინაურდნენ. თოთლაძემ 30 ქულა და 4-4 მოხსნა-პასი მიითვალა. 29 ქულა და 14 მოხსნა მოაგროვა გულიაშვილმა, სერგი ნინუას ანგარიშზე კი 19 ქულა და 6 პასი დაგროვდა. სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდში 22 ქულით საუკეთესო იყო გედენიძე, 19-19 ქულა ლუკა ლურსმანაშვილმა და ლუკა ხარაბაძემ დააგროვეს.

ფინალური სერიის მეორე მატჩი ხვალ, 31 მარტს, ოლიმპიურ სასახლეში, 17:30 საათზე გაიმართება.

GBF
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული