დინამო საქართველოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებული მატჩის წაუგებლად გახდა

AutoSharing Option
თბილისის "დინამო" ჩემპიონია! თორნიკე გელოვანისა და ირაკლი ივანეიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა საქართველოს 20-წლამდელთა ჩემპიონატი ისე მოიგო, თამაში არ წაუგია. დინამოელებმა ფინალური სერიის მეორე მატჩი 100:82 მოუგეს "თსსუ-ს" და საჩემპიონო თასი კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ ნიკოლოზ ცქიტიშვილისა და სუპერლიგის დირექტორ გიორგი ჯაფარიძისგან ჩაიბარეს.

ნახევარფინალური და მეოთხედფინალური სერიების მსგავსად "დინამომ" ფინალური მშრალად მოიგო. გუნდმა წაუგებლად განვლო ასევე ჯგუფური ეტაპის 8 შეხვედრა და 20-წლამდელთა შორის ქვეყნის საუკეთესო გუნდის ტიტული დამსახურებულად მოიპოვა. ეს ერთგვარი იმედი და კომპენსაციაა იმ ცუდი ამბისა, რასაც თბილისის "დინამოს" დიდი გუნდის
სუპერლიგიდან დაქვეითება და "ა" ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად ბრძოლა ჰქვია. დინამომ "ა" ლიგის რეგულარულ ჩემპიონატში ბოლოსწინა ადგილი დაიკავა და მომავალი სეზონის წინ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად საკვალიფიკაციო რაუნდში ბრძოლა ელის.

დინამოს 20-წლამდელთა გუნდის უმეტესობა სწორედ "ა" ლიგის გუნდში ირიცხებოდა და მომავალ სეზონს ეს ბიჭები მეტი გამოცდილებითა და შემართებით შეხვდებიან. 20-წლმდელთა ჩემპიონატში მათ ყველა მეტოქე დაჩაგრეს. ერთადერთი წინაღობა დინამოელებს ფინალურ სერიაში – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდთან შეხვდათ. ლაშა ელბაქიძის გაწვრთნილმა თსსუ-მა სერიის წინა მატჩში დინამო გვარიანად ანერვიულა. მთელი 3 პერიოდი უგებდა, თან სოლიდურად, თუმცა საბოლოოდ გამარჯვებამდე ვეღარ მივიდა. ბოლო პერიოდში გელოვანის გაწვრთნილმა გუნდმა მოახერხა თამაშის შემობრუნება და 87:82 გაიმარჯვა.

აი, მეორე მატჩი კი დინამოელებმა უფრო დამაჯერებლად მოიგეს. მხოლოდ პირველ პერიოდში ეპყრათ მატჩის სადავეები სამედიცინო უნივერსიტეტელებს, რომლებმაც 10-წუთეული 24:23 მოიგეს. მეორე პერიოდში დინამოელები გააქტიურდნენ. ფარქვეშ ფეხი მოიკიდა წინა მატჩში შედარებით ინერტულმა ლევან ფირცხელიანმა, ვისი დომინაციაც მედიკოსებმა ვერ აღკვეთეს.

მეორე პერიოდი დინამომ 24:15 მოიგო და დიდი შესვენებისთვის 8 ქულით დაწინაურდა. ამის შემდეგ მომავალ ჩემპიონს პრობლემები აღარ შექმნია. დინამოელებმა დამაჯერებლად მიიყვანეს მატჩი გამარჯვებამდე და ჩემპიონობა იზეიმეს. დინამოელთაგან 30 ქულით, 7 პასით და 6 მოხსნით საუკეთესო შედეგი ნიკოლოზ თოთლაძემ დააფიქსირა. 15 ქულა, 19 მოხსნა და 7 პასი ლევან ფირცხელიანმა მიითვალა, რომელიც 20-წლამდელთა ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე გახდა. მას MVP-ის ტიტული კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ნიკოლოზ ცქიტიშვილმა და სუპერლიგის დირექტორმა, გიორგი ჯაფარიძემ გადასცეს. მათვე დააჯილდოვეს დინამოელები ოქროს მედლებითა და საჩემპიონო თასით, ხოლო მე-2 ადგილზე გასული თსსუ-ს წევრებს ვერცხლის მედლები გადაეცათ.

GBF


მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგია, უხარია ყველა ჭეშმარიტი კალათბურთის მოყვარულს 20 წლამდელებს შორის კარგი და აუცილებელი ჩემპიონატის ჩატარების, რომელსაც იმედია რეგულარული ხასიათი ექნება!
ლაშა
14:47 01-04-2023
0

სიახლეები პოპულარული