ბოლო 4 თვეში პროგრამის ფარგლებში აღნიშნული დეპარტამენტის ხელმძღვანელობა კახეთში, ქვემო ქართლში, აჭარაში, შიდა ქართლში, იმერეთში, გურიაში, სამეგრელოში, რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში იმყოფებოდა. რამდენიმე მათგანში ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლოზ ცქიტიშვილი, რეგიონალური განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი შალვა ონიანი და
განსაკუთრებით ნაყოფიერი ფედერაციის ხელმძღვანელობის ქვემო სვანეთში სტუმრობა გახლდათ, სადაც ახლო წარსულში ცნობილ კალათბურთელებს – ვიქტორ სანიკიძესა და ნიკოლოზ ცქიტიშვილს, ახალგაზრდები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ.
ლენტეხში ვიზიტი იმით უფრო იყო მნიშვნელოვანი, რომ საქართველოს რეგიონებს შორის სვანეთი ყველაზე ნაკლებად განვითარებულია კალათბურთის მხრივ და სწორედ ფედერაციის ხელმძღვანელობის ჩასვლით იქ ამ პრობლემის მოგვარება დაიწყება. ამის მყარი გარანტიები ვიქტორ სანიკიძემ ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერისგან, გიორგი ონიანისგან მიიღო. შეხვედრას, რომელიც საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებთან ქალაქის მუნიციპალიტეტში გაიმართა, მერთან ერთად მისი მოადგილე ბერდია ჩანქსელიანი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გაზდელიანი და საკრებულოს წევრი ირაკლი ქურასბედიანი ესწრებოდნენ. შეხვედრაზე რეგიონში კალათბურთის განვითარების გზებსა და კონკრეტულ ნაბიჯებზე ისაუბრეს, რომლებიც ადგილობრივი ხელისუფლების და ახალშექმნილი ადგილობრივი კალათბურთის ფედერაციის ხელშეწყობით განხორციელდება.
რეგიონალური კალათბურთის ფედერაცია, რომელიც ლენტეხთან ერთად მესტიასაც მოიცავს, ლენტეხში გაზრდილმა, ამჟამად კი ეროვნულ ფედერაციაში რეგიონალური განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შალვა ონიანმა ჩამოაყალიბა. ფიბას შესაბამის ფონდთან თანამშრომლობითა და ეროვნული ფედერაციის ხელშეწყობით, შალვა წლებია, აქტიურად ზრუნავს კალათბურთის საქართველოს მთელი მასშტაბით განვითარებაზე და ამიერიდან მას რეალური ბერკეტები ეძლევა საიმისოდ, სპორტის ამ სახეობის წინსვლას მშობლიურ მხარეშიც შეუწყოს ხელი.
მერიიდან ლენტეხის სტუმრებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სპორტულ დარბაზში გადაინაცვლეს, რომლის პრიორიტეტიც აქამდე ჭიდაობა-ძიუდო და მეკლდეურობა იყო, თუმცა მიმდინარე რეკონსტრუქციის შემდეგ იქ კალათბურთის სტანდარტული მოედანიც მოეწყობა და ადგილობრივ ახალგაზრდობას სისტემატურად ვარჯიშის საშუალება მიეცემა. ამის გარდა, დაგეგმილია ლენტეხის ტურისტული კუთხითაც გააქტიურება, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და იქ საკალათბურთო, ზოგადად, სპორტული გუნდების შეკრებებისა და ტურნირების მოწყობა.
ლენტეხში ჩასულმა ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებმა მთელი რეგიონისთვის საკალათბურთო ინვენტარი – სათამაშო ბურთები, საკალათბურთო ფარები, სათამაშო ფორმები, ახალგაზრდა კალათბურთელებისთვის დრიბლინგის დასახვეწად საჭირო სპეციალური სათვალეები, სამწვრთნელო საქმიანობისთვის საჭირო დაფები, სასტვენები და სხვადასხვა საჭირო ატრიბუტიკა ჩაიტანეს.
ლენტეხიდან ფედერაციის წარმომადგენლებმა ცაგერში გადაინაცვლეს, სადაც ასევე არ არსებობს სტანდარტული საკალათბურთო დარბაზი, თუმცა, ლენტეხის მსგავსად, ამ ქალაქის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმაც მზაობა გამოთქვეს, ამ მიმართულებით აქტიურად იმუშაონ. ცაგერში ჩამოსულნი იყვნენ ზემო და ქვემო რაჭის – შესაბამისად, ონისა და ამბროლაურის საკალათბურთო სკოლების მწვრთნელები, რომლებმაც ზემოთ ნახსენები ინვენტარი მიიღეს.
ცაგერში წამყვანი სპორტული სახეობა ფრენბურთია. ამ ქალაქის ვაჟთა გუნდი ქვეყნის რამდენიმეგზის ჩემპიონია და ცენტრალური დარბაზიც ფრენბურთის თარგზეა მოჭრილი, თუმცა ნაგებობას მულტიფუნქციური პერსპექტივა გააჩნია და ამ მიმართულებით მუშაობის შემთხვევაში, ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებმა ადგილობრივ ხელისუფლებას ყველა საჭირო ინვენტარით დახმარება აღუთქვეს. ფედერაციის წარმომადგენლებთან შესახვედრად დარბაზში იმყოფებოდა ცაგერის მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი, რომელმაც სტუმრებს რეგიონში კალათბურთის განსავითარებლად მუშაობა და სპორტის ამ სახეობის მხარდაჭერა აღუთქვა.
ვიქტორ სანიკიძემ, ნიკოლოზ ცქიტიშვილმა და რეგიონალური განვითარების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ადგილობრივებთან ერთად ფრენბურთის საჩვენებელი მატჩი გამართეს და პირობა დადეს, რომ შემდეგი ვიზიტისას ცაგერის დარბაზში კალათბურთს ითამაშებდნენ.
ორდღიანი ვიზიტის მორიგი გაჩერება ქუთაისი გახლდათ, სადაც კალათბურთი დედაქალაქის შემდეგ ყველაზე მეტადაა განვითარებული. იმერეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბუბა კვიმსაძე, ქუთაისელი, წყალტუბოელი და რეგიონის სხვა ქალაქების მწვრთნელები ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათგან იგივე ინვენტარი მიიღეს, რაც სვანეთსა და რაჭა-ლეჩხუმში დარიგდა.
რეგიონალური განვითარების პროგრამა ჩვეული რიტმით, აქტიურად გაგრძელდება და შემდეგი ვიზიტები საქართველოს სამხრეთ რეგიონებში განხორციელდება.
GBF
დარბაზი ნული ფარები ნული და ასე შემდეგ,რომ არაფერი ვთქვათ თვითონ იატაკზე.კატასტროფის მიჯნაზეა და რატო რატო ქ.ონმა რა დააშავა სადც სხიერელი დაიბადა მარკოიშვილი და კიდო ბევრი გაიზარდა რატო რატო არ აქცევენ ყურადღებას