რუსთავის გუნდი 18-წლამდელთა B ლიგის ჩემპიონია!

AutoSharing Option
18-წლამდელთა B ლიგის გამარჯვებულია საკალათბურთო კლუბი რუსთავი. მრავალი თაობის აღმზრდელმა, საქართველოს დამსახურებულმა მწვრთნელმა ოთარ ხმელიძემ საჩემპიონო მედალი მისი ყოფილი მოსწავლისგან, 20 წლის წინ მისივე ხელმძღვანელობით საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონი რუსთავის გუნდის მოთამაშისგან, ამჟამად საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობის წევრისგან, ოთარ ფაიქრიძისგან ჩაიბარა.

რუსთავის გუნდმა ძალიან მაგარ შერკინებაში დაამარცხა ჰიუნდაი და B ლიგის ჩემპიონი გახდა. უშველებელ თბილისი არენას არ ეტყობოდა, თუმცა ორივე გუნდს ბლომად გულშემატკივარი ჰყავდა, რომლებიც მხურვალედ ქომაგობდნენ საკუთარ მოთამაშეებს. მატჩიც ისეთი გამოვიდა, ფინალს რომ შეეფერება. ძალიან დაძაბული, ემოციური, ქულა-ქულაში მიმდინარე.
შეხვედრის ბედიც ბოლო წამებზე გადაწდა.

რუსთავი იგებდა პირველი პერიოდის შემდეგ, მაგრამ რუსთაველები აგებდნენ გადამწყვეტი პერიოდის წინ. სხვაობა დიდი არ იყო, 3 ქულა მხოლოდ, რაც ქვემოქართლელებმა არაერთხელ შეამცირეს, ლიდერობაც მოიპოვეს, თუმცა ირაკლი ჩერქეზიშვილის ხელმძღვანელობით მოთამაშე ჰიუნდაელები მოედნის ერთ მტკაველს არ თმობდნენ, ორივე გუნდის წევრები თითოეული ბურთისთვის რომ იტყვიან, კბილებით, ბოლომდე იბრძოდნენ.

ასე ქულა-ქულაში მივიდა მატჩი ბოლო წუთამდე, სადაც რუსთავმა 3-ქულიანი ლიდერობით შეაბიჯა. ნიკოლოზ ბოსტოღანაშვილმა ზუსტი საჯარიმოებით ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა (68:69), რის შემდეგაც ჰიუნდაი დაჯარიმდა და მატჩის დასრულებამდე 15 წამით ადრე რუსთაველთაგან ყველაზე შედეგიანმა ვაჟა კეჭაღმაძემ (რომელიც ოთარ ხმელიძის კიდევ ერთი აღსაზრდელის, ილია კეჭაღმაძის შვილია), უმნიშვნელოვანესი საჯარიმოები ჩააგდო.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მატჩი იმდენად დაძაბული იყო, რომ აქამდე არაერთხელ ნახსენებ ოთარ ხმელიძეს გადამეტებული ემოციების გამო მსაჯებმა თამაშიდან დისკვალიფიკაცია მისცეს. მატჩის წაყვანა ერთპიროვნულად მოუხდა მის თანაშემწეს, ირაკლი მებურიშვილის, რომელმაც რუსთაველები სანუკვარ გამარჯვებამდე მიიყვანა. ზემოხსენებული საკვანძო საჯარიმოების შემდეგ რუსთაველები 71:68 დაწინაურდნენ და ჰიუნდაის დარჩენილ 15 წამში ერთი გზა ჰქონდა – სამქულიანი, რომლის სროლაც გუნდის ლიდერმა, კახაბერ დავითულიანმა იტვირთა.

ბურთი, რომელსაც შეეძლო მატჩი ოვერტაიმში გადაეყვანა, მიზანს ასცდა, რომელიც რკალიდან ასხლეტის შემდეგ ვერცხლისწყალივით სხარტმა ლუკა ტაბაღუამ მოიხელთა, თუმცა მას გაქცევა არ აცალეს. ჰიუნდაელთა მიერ აღებული ტაქტიკური ჯარიმის შემდეგ ტაბაღუამ ერთი საჯარიმო ჩააგდო, ჰიუნდაი 4 ქულით დააწინაურა და მეტოქისთვის მიუწვდომელი გახადა. საბოლოოდ 72:68 (სტატისტიკა) და რუსთავმა საჩემპიონო ზეიმი მოაწყო.

ჩემპიონებს 15 ქულით, 7 მოხსნით და 5 ჩაჭრით უმაღლესი შედეგი დააფიქსირა ვაჟა კეჭაღმაძემ. 19 ქულით ბომბარდირი გახდა დათა ვაშაკიძე, ხოლო ლუკა ტაბაღუამ 7 ქულა, 6 პასი და გამთამაშებლისთვის უჩვეულოდ ბევრი – 12 მოხსნა მოაგროვა. ჰიუნდაიში 13 ქულით და 7 მოხსნით საუკეთესო იყო დავით ბეგალიშვილი. 12 ქულა და 11 მოხსნა ალექსანდრე ცომაიამ მიითვალა. ნიკოლოზ ბოსტოღანაშვილმა შეხვედრა 13 ქულით დაასრულა.

კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობის წევრთან, ოთარ ფაიქრიძესთან ერთად რუსთაველებს მედლები კიდევ ერთმა რუსთაველმა, ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტის წევრმა, ვაჟა კვიჟინაძემ გადასცა. საჩემპიონო თასი რუსთაველთა კაპიტანმა, გიორგი ბაძაღუამ ჩაიბარა, რომლის მოგებაც ოთარ ხმელიძემ და მისმა შეგირდებმა ფეიერვერკის თანხლებით აღნიშნეს.

GBF
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბანერი 2022 წლისაა:D
ლაშა
16:37 08-05-2023
0

სიახლეები პოპულარული