ევროლიგის მეოთხედფინალური ეტაპი დასრულდა. დასრულდა მადრიდის "რეალისა" და "პარტიზანის" ომი გადატანილი მოედანზე. ამ სერიაში გულშემატკივარმა ყველაფერი ნახა მათ შორის ჩხუბიც და გაძევებებიც.
სერიის საწყისი 2 მატჩის საკუთარ მოედანზე წაგების შემდეგ (87:89, 80:95) მადრიდის "რეალმა" ზედიზედ 3 შეხვედრა (82:80, 85:78, 98:94) მოიგო და საუკეთესო ოთხეულში ადგილი დაიკავა.
რაც შეეხება გუშინდელ შეხვედრას (98:94), გულშემატკივარმა მაგარი თამაში ნახა, პირველი ტაიმი სერბული გუნდის გამარჯვებით 55:39 დასრულდა (18 ქულა ყველაზე დიდი უპირატესობა), ესპანელებს ძალიან უჭირდათ, მესამე მეოთხედში ჩამორჩენა 7 ქულამდე (69:76) შეამცირა, მეოთხე მეოთხედში კი საქმეში სერხიო როდრიგესი ჩაერთო, რომელმაც გადამწყვეტ 10 წუთეულში 13 ქულა ჩააგდო და გუნდს ულიდერა.
რაც შეეხება სტატისტიკურ მონაგარს, ძანან მუსამ 20 ქულა, 6 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება დააგროვა, სერხიო როდრიგესმა - 19 ქულა, 3 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა.
"პარტიზანის" მხრიდან კევინ პანტერმა 28 ქულა, 2 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
მეოთხედფინალური შეხვედრების საბოლოო შედეგები:
"ოლიმპიაკოსი" - "ფენერბაჰჩე" - 3:2 (79:68, 78:82, 72:71, 69:73, 84:72)
"მონაკო" - თელ-ავივის "მაკაბი" 3:2 (67:79, 86:74, 83:78, 69:104, 97:86)
"ბარსელონა" - კაუნასის "ჟალგირისი" 3:0 (91:69, 89:81, 77:66)
ამრიგად, ნახევარფინალური შეხვედრები 19 მაისს გაიმართება. ერთმანეთს დაუპირისპირდებიან:
"ოლიმპიაკოსი" - "მონაკო"
მადრიდის "რეალი" - "ბარსელონა"