მატჩი თსუ-ს უპირატესობით დაიწყო. გიორგი ჩხეიძის გაწვრთნილმა უნივერსიტეტელებმა 7:0 ლიდერობა მოიპოვეს, თუმცა შორი სროლების ხარჯზე სტუ-მ გარდატეხა მოახდინა და პირველი პერიოდის მეორე ნახევარში მეტოქე ჩამოიტოვა. საწყისი ათწუთეული "ტექნიკოსთა" გამარჯვებით – 17:11 დასრულდა, რის შემდეგაც თსუ-ს ჯერი დადგა. მეორე პერიოდი სახელმწიფოუნივერსიტეტელებმა დიდებულად ჩაატარეს, მეტოქეს მხოლოდ 6
მესამე პერიოდში თსუ-მ კიდევ უფრო გაზარდა უპირატესობა, თუმცა ბოლო პერიოდში სტუ-მ დიდი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა და ისეთი გაქცევა მოაწყო, მატჩის ბედი გადაწყვიტა. მე-4 პერიოდი ახალი დაწყებული იყო, თსუ-ელმა გურამ ბედოშვილმა 2-ქულიანით თავისი გუნდი 40:34 დააწინაურა. აქ ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდმა 13:0 გაქცევა მოაწყო, რაც დავით დადუნაშვილის შედეგიანი შეტევით დაიწყო, შოთა ლეშკაშელის სამქულიანით გაგრძელდა და მიხეილ ჩადუნელმა რომ ჩააგდო, სტუ 42:40 დაწინაურდა.
"ტექნიკოსები" ამაზე არ გაჩერდნენ და უპირატესობა 7 ქულამდე გაზარდეს – ლევან ძინძიბაძისა და მერაბ დევდარიანის შედეგიანი სროლების შემდეგ. თსუ არ გატყდა და შალვა მეტონიძისა და ალექსანდრე გოგოლაშვილის შედეგიანობით ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა – 49:50. ბოლო 4 წუთი ასე ქულა-ქულაში წარიმართა.
მატჩის ბოლო წუთი ახალი დაწყებული იყო, როცა გურამ ბედოშვილის სამქულიანით თსუ-მ ლიდერობა დაიბრუნა – 60:59, თუმცა გამოცდილი დავით დადუნაშვილის ეგრეთ წოდებული ენდვანით სტუ კვლავ გალიდერდა – 62:60. დასრულებამდე 30 წამით ადრე ბედოშვილმა სამქულიანი ააცილა და თსუ-ელები დაცვაში შოთა ლეშკაშელზე დაჯარიმდნენ. სტუ-ს უკანახაზელმა ორივე საჯარიმო ჩააგდო და თავისი გუნდი დასრულებამდე 10 წამით ადრე 4 ქულით დააწინაურა.
თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, თუმცა თსუ-ელმა შალვა მეტონიძემ სწრაფი ორქულიანი ჩააგდო და სახელმწიფოუნივერსიტეტელებმა პრესინგს მიმართეს. საფინალო სირენამდე 3 წამით ადრე თსუ-მ ბურთის ფლობა მოიპოვა, თუმცა წუთშესვენება აღარ ჰქონდა, გვერდითა ხაზიდან შემოტანისას შეტევა რომ დაეგეგმა. თსუ-ს მოთამაშეებმა სროლა ვერ მოასწრეს და საბოლოოდ 62:64 დამარცხდნენ.
ამ მოგებით სტუ-მ დაუმარცხებელი გუნდის სტატუსი შეინარჩუნა და A ჯგუფში ერთპიროვნულად ლიდერობს. B ჯგუფში დაუმარცხებელია თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდიც, რომელმაც დამაჯერებლად – 85:66 სძლია "აგრარულ უნივერსიტეტს". სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა სპორტის უნივერსიტეტის გუნდმა, რომელმაც სეუ-ს (საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი) 77:60 სძლია.
GBF