დოპინგი: რუსების საქმე უკან მიდის

AutoSharing Option
იტალიური სპორტული გამოცემის La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, რუსი ბიატლონისტებისა და მოთხილამურეების მხილების შემდეგ, რიჩარდ მაკლარენის ანგარიში, შესაძლოა, რუსეთის მოციგურავეთა ნაკრების წევრებსაც შეეხოს. კერძოდ, იტყობინებიან, რომ არ არის გამორიცხული, სოჭის ოლიმპიადაზე მოპოვებული ოქროს მედალი ჩამოართვან ადელინა სოტნიკოვას.

იმავე გაზეთის ცნობით, არსებობს ეჭვი, რომ გუნდურ პირველობაში ოქროს მედლის მფლობელები - ტატიანა ვოლოსოჟარი და ქსენია სტოლბოვა ასევე მანიპულირებდნენ საკუთარი დოპინგ-სინჯებით. ამ ყველაფერმა შეიძლება გამოიწვიოს სოჭის ოლიმპიადის შედეგების გადასინჯვა.

* * *
პარალელურად, ოთხი რუსი სკელეტონისტი დროებით ჩამოაშორეს საერთაშორისო ტურნირებს ანტისადოპინგო წესების დარღვევის
გამო. ლაპარაკია ალექსანდრ ტრეტიაკოვზე, ელენა ნიკიტინაზე, მარია ორლოვასა და ოლგა პოტილიცინაზე. მათი დარღვევები სოჭის ოლიმპიადის დროს არის დაფიქსირებული. ამ მომენტისთვის გამოძიება მიმდინარეობს.

* * *
მესამე ინფორმაცია რუსულ დოპინგთან დაკავშირებით თხილამურებით მორბენლებს უკავშირდება. ინტერნეტ-რესურსი Iltalehti ირწმუნება, რომ რუსეთის ნაკრების ორ წევრს - ალექსანდრ ლეგკოვსა და მაქსიმ ვილეგჟანინს ჩამოართმევენ სოჭის ოლიმპიადაზე მოპოვებულ მედლებს.

"დიდი ალბათობით, ლეგკოვი და ვილეგჟანინი მედლების გარეშე დარჩებიან", - აცნობა ფინურ Iltalehti-ს წყარომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტიდან.

შეგახსენებთ, რომ ამ მოთხილამურეთა გვარები მოხსენიებულია რიჩარდ მაკლარენის ანგარიშში. სათხილამურო სპორტის საერთაშორისო ფედერაციამ, ისინი დროებით ჩამოაშორა საერთაშორისო ტურნირებს. ლეგკოვმა სოჭში 50-კილომეტრიანი დისტანცია მოიგო, აგრეთვე ვერცხლი მოიპოვა 4x10 კილომეტრზე ესტაფეტაში, რაც შეეხება ვილეგჟანინს, მისი მონაგარი 2014 წლის ოლიმპიადაზე ვერცხლის სამი მედალი იყო.

* * *
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრები კი უკვე ნანობენ იმას, რომ რუსი სპორტსმენები დაუშვეს რიო-დე-ჟანეიროს 2016 წლის ოლიმპიადაზე. ამ გადაწყვეტილებას შეცდომა უწოდა კომიტეტის წევრმა გერჰარდ ჰაიბერგმა. მისი სიტყვები მოჰყავს ნორვეგიულ გამოცემა VG-ს.

"ვფიქრობ, ჩვენ ყველანი საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში მეტად გულუბრყვილოები ვიყავით. შემდეგ ჯერზე, მტკიცე და ხისტი პოზიცია უნდა დავიკავოთ", - განაცხადა ჰაიბერგმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბოროტების იმპერია ყველგან სიბოროტეს ჩადის.მსოფლიოს ავთვისებიან სიმსივნეს რუსეთი ჰქვია
ეს სიმართლეა სამწუზაროდ
11:56 03-01-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული