პარადოქსი: ბრაზილიამ იტალიასთან კონტრშეტევაზე ითამაშა

AutoSharing Option
შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში დიდი საფეხბურთო ჯახი შედგა: იტალიამ და ბრაზილიამ მთელი მატჩი უმაღლეს ტემპში წარმართეს, მომენტებიც უხვად შექმნეს და ორ-ორი გოლი გაიტანეს.

ამ თამაშში იყო ყველაფერი, რისთვისაც გვიყვარს სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობა...

ტაქტიკა/შემადგენლობები
ზედ თამაშის წინ, იტალიას კლაუდიო მარკიზიო დაუშავდა და ჩეზარე პრანდელიმ სასტარტო შემადგენლობაში იძულებითი ცვლილება მოახდინა... კლაუდიოს ადგილი კიდევ ერთმა იუვენტინომ ემანუელე ჯაკერინიმ დაიკავა.

დაცვის მარჯვენა ფრთაზე პრანდელიმ ინაციო აბატეს კრისტიან მაჯო ამჯობინა, მარცხენა ფრთა კი მატია დე შილიომ დაიკავა. ცენტრში ანდრეა ბარცალი და ლეონარდო ბონუჩი მოქმედებდნენ. შეტევაში
მარიო ბალოტელის
არა სტეფან ელ შაარავი, არამედ პაბლო ოსვალდო შეუწყვილდა.

ზემოთ თქმულიდან ნათლად ჩანს, რომ ჩეზარე პრანდელიმ თამაში 4-4-2 სქემით დაიწყო, რამაც დიდად არ გაუიმართლა...

ლუიშ ფელიპე სკოლარის ფრედის სახით ერთადერთი გამოკვეთილი ფორვარდი ჰყავდა, რომელსაც უკნიდან ჰალკი და ნეიმარი ეხმარებოდნენ. თუმცა, ნახევარდაცვაში გამწესებული ერნანესი და ოსკარიც რომ უფრო შემტევები არიან, ვიდრე ჩამშლელები, ესეც ცხადზე ცხადია.

მოკლედ, სკოლარიმ შემტევი შემადგენლობა დააყენა და ასეთ დროს, ტაქტიკა ხშირად პირობით სახეს იღებს... მაგალითად, ფაქტობრივად შეუძლებელი იყო ნეიმარის პოზიციის განსაზღვრა, რადგან ახალგაზრდა ბრაზილიელი ყველგან იყო, სადაც გუნდს სჭირდებოდა.

თამაში
თუ ფეხბურთი გიყვართ და ეს თამაში ვერ ნახეთ, ნამდვილად ბევრი დაკარგეთ, რადგან იტალიამ და ბრაზილიამ საოცარი საფეხბურთო სპექტაკლი დადგეს. უმაღლესი ტემპი, აურაცხელი რაოდენობის მომენტი, ემოცია, დრამატიზმი და უმაღლესი საშემსრულებლო ოსტატობა...

გუნდები თითქოს განთავისუფლდნენ ყველანაირი წნეხისგან, კომპლექსისგან და ითამაშეს ისე, როგორც მათ გაეხარდებოდათ.

ეს იყო ის შემთხვევა, როდესაც მწვრთნელებმა თითქოს უარი თქვეს ამხანაგური მატჩის კლასიკური გზით გამოყენებაზე, არც კი უცდიათ ახალი ტაქტიკა/სტრატეგიებისა თუ ახალგაზრდა ფეხბურთელების გამოცდა - ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ სწორედაც რომ სცადეს, მაგრამ ამით, თვითონ თამაშს არაფერი დაჰკლებია.

მომენტების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, რადგან მთელი თამაში ორივე კართან ბუღი იდგა... პირველში უფრო ბრაზილიელები გამოირჩნენ, აი მეორეში კი უპირატესობა იტალიელებმა იგდეს ხელთ.

VideoSportall.Ge
21.03.13. ბრაზილია - იტალია 2:2


სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ მთლიანობაში უკეთესი შთაბეჭდილება მაინც იტალიის ნაკრებმა დატოვა. "სკუადრა აძურამ" მეორე ტაიმი სრული უპირატესობით წარმართა და ცოტა მეტი სიზუსტით რომ ეთამაშა დამაგვირგვინებელ ფაზაში, აუცილებლად მოიგებდა.

მარტო მარიო ბალოტელის, მინიმუმ ჰეთთრიკის შესრულება შეეძლო. კარგი მომენტები გაატანეს ქარს ლეონარდო ბონუჩიმ და სტეფან ელ შაარავიმაც.

იტალიელთა გარდასახვა ჩეზარე პრანდელის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგია - "აძურა" 4-4-2-დან 3-5-2-ზე გადაეწყო, ინერტული პაბლო ოსვალდო კი სტეფან ელ შაარავიმ შეცვალა და ჩვეული მარცხენა ფრთა დაიჭირა... მარჯვნივ დებიუტანტი ალესიო ჩერჩი გამწესდა, ცენტრფორვარდის პოზიცია კი მარიო ბალოტელიმ დაიკავა. შეიცვალა ანდრეა პირლოც და თითქოს იტალიელთა იერიშებს სისწრაფე მოემატა.

მოკლედ, პრანდელიმ ქმედითი ნაბიჯები გადადგა და შედეგმაც არ დაახანა.

მთელი მეორე ტაიმი, იტალია უტევდა, ბრაზილია კი კონტრშეტევებზე ირჯებოდა... დიახ, პარადოქსია, მაგრამ ფაქტია: იტალია შეტევაზე, ბრაზილია კონტრშეტევაზე.

გოლები
პირველი ტაიმი ბრაზილიელებმა ორი უპასუხო ბურთის წყალობით მოიგეს და ორივე გოლი იტალიელ მცველთა შეცდომას მოჰყვა. ეს სადღაც ლოგიკურია, რადგან "აძურას" ძირითადში გამწესებული ოთხი უკანახაზელიდან, სამი თავის გუნდში 3-მცველიან ტაქტიკაზეა მორგებული.

ლეონარდო ბონუჩი, ანდრეა ბარცალი და კრისტიან მაჯო თითქოს დაბნეული ჩანდნენ და 20 წლის მატია დე შილიოც რომ ვერ გამოდგა ყველას დამზღვევი, არც ეს უნდა იყოს გასაკვირი. ეგ კი არა, ორივე გოლში დე შილიოს თავისი ბრალი მიუძღვოდა...

პირველი გოლი იტალიელთა საჯარიმოში ჩაწოდებას მოჰყვა - ლეონარდო ბონუჩი და მატია დე შილიო ერთ კაცზე წავიდნენ, შედეგად, ფრედი უყურადღებოდა დარჩა და როდესაც ბონუჩის მოგერიებული ბურთი მას მიუვიდა, ახლო მანძილიდან კარის დალაშქვრა აღარ გასჭირვებია, 0:1.

მეორე გოლი ბრაზილიელთა სწრაფ კონტრიერიშს მოჰყვა: რამდენიმესვლიანი კომბინაცია ოსკარმა მეკარისაგან მარცხენა დაბალ კუთხეში უზუსტესი დარტყმით დააგვირგვინა, 0:2.

მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როდესაც იტალიელებმა კუთხურის უფლება მოიპოვეს - ჩაწოდებას დანიელე დე როსი გამოეხმაურა და ურთულესი ვითარებიდან, ბურთი მეტოქის ბადეში გაახვია, 1:2.

"რომანისტამ" დასწრებაზე ითამაშა და ბრძოლაში შეუცვალა ბურთს მიმართულება. ამ ეპიზოდიდან სამი წუთი იყო გასული, როდესაც მარიო ბალოტელი მეტოქის საჯარიმოსკენ დაიძრა და უძლიერესი დარტყმით, ბურთი ჟულიო სეზარის კარში ჩაჭედა, 2:2. ბალოტელის დარტყმა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში, გერმანელთა კარში გატანილ მეორე გოლს წააგავდა.

ლუიშ ფელიპე სკოლარი (ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი):
"ძალიან კარგი სპარინგი იყო და მთლიანობაში, კმაყოფილი ვარ შეგირდთა გარჯით. დღევანდელი მატჩის შემდეგ, უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სამუნდიალე ბირთვი შერჩეულია. ნეიმარმა შესანიშნავად ითამაშა და არ შეიძლება, რომ მისი პროგრესი არ მახარებდეს. გარდა იმისა, რომ მეტოქის მცველებს არ აძლევდა მოსვენებას, დაცვასაც აქტიურად ეხმარებოდა. ჩემი აზრით, ნეიმარი მატჩის საუკეთესო მოთამაშეა".

ჩეზარე პრანდელი (იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი):
"შესანიშნავად ვითამაშეთ და ცოტა რომ გაგვმართლებოდა, მოვიგებდით კიდეც. როდესაც ანგარიში 0:2 გახდა, ერთი წამით ისიც კი გავიფიქრე, რომ ყველაფერი დამთავრდა, მაგრამ შემდეგ, მალევე დამიბრუნდა რწმენა. ეს ჩემი შეგირდების დამსახურებაა, რომლებმაც თავი არ დაზოგეს. მარიო ბალოტელიმ ულამაზესი გოლი გაიტანა და მთლიანობაში, შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა. მარიომ კიდევ არაერთი სახიფათო მომენტი შექმნა და დაგვანახვა, რომ ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. ბრაზილიასთან სპარინგმა 100%-ითგაამართლა, დროა მალტასთან მატჩზე გადავერთოთ".

21.03. ამხანაგური მატჩი
იტალია-ბრაზილია 2:2
გოლები: 0:1 ფრედი (33), 0:2 ოსკარი (42), 1:2 დე როსი (54), 2:2 ბალოტელი (57).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლუიშ ფელიპე სკოლარი: დანიელე დე როსის გოლი არ უნდა გასულიყო [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული