ლეო მესის და კომპანიას სუნთქვა უჭირდათ, ლუის სუარესს სისხლი უჩქეფდა [VIDEO]

AutoSharing Option
გაიქცევი და გონებას დაკარგავ
სამხრეთ ამერიკის შესარჩევი ეტაპის მე-12 ტური მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა - ოთხი მატჩიდან სამში გამარჯვება საშინაო კედლებში მოასპარეზე გუნდებს დარჩათ, ერთი შეხვედრა კი ფრედ დასრულდა. ჩვენც სწორედ ამ მატჩით დავიწყოთ:

ლა პასში, ზღვის დონიდან 3 600 მეტრის სიმაღლეზე, შეუჩვეველი ადამიანისთვის ფეხბურთის თამაში კი არა, უბრალოდ, გადაადგილება და სუნთქვა ჭირს. ამ ქალაქში არგენტინის ნაკრების ბოლო ვიზიტი "ალბისელესტეს" შერცხვენით დასრულდა - 2009 წელს, დიეგო მარადონას ხელმძღვანელობით, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა ბოლივიასთან 1:6 წააგო.

ალეხანდრო საბელიამ მინდორზე პრაქტიკულად მეორე შემადგენლობა გაიყვანა.
თამაში იმ ფეხბურთელებმა დაიწყეს, რომლებსაც ვენესუელასთან არ უასპარეზიათ. გამონაკლისი მხოლოდ ოთხი იყო: ხავიერ მასკერანო და ლიონელ მესი რამდენიმე დღის წინაც ძირითადში იყვნენ, ევერ ბანეგა და როდრიგო პალასიო კი ვენესუელასთან ცვლილებაზე შევიდნენ.

ნაკრებში სადებიუტო მატჩი ჩაატარა 28 წლის ხოსე მარია ბასანტამ, რომელიც მექსიკური "მონტერეის" ღირსებას იცავს, მანამდე კი, რა თქმა უნდა, "ესტუდიანტესში" თამაშობდა - საბელიას სელექცია ხომ ყოფილი შეგირდებით შემოიფარგლება (არგენტინის ნაკრების დამრიგებელი თავის დროზე "ესტუდიანტესის" მწვრთნელი იყო და მაშინდელი გუნდიდან, ვისაც ჯერ კარიერა არ დაუსრულებია, ნაკრებში თითქმის ყველა ათამაშა).

შეხვედრა ბოლივიელთა შეტევებით დაიწყო და მალე, 25-ე წუთზე ანგარიშიც გაიხსნა - "გრემიოს" ფორვარდმა მარსელო მორენომ სტუმართა დაცვის შეცდომით ისარგებლა და მასპინძლები დააწინაურა. არგენტინელებს ძალიან გაუჭირდათ, ანხელ დი მარიამ რამდენჯერმე ჟანგბადის ნიღბითაც ისარგებლა, რადგან "რეალის" ფორვარდს სუნთქვა უჭირდა.

სტუმართა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ანგარიშის გათანაბრება პირველივე ტაიმში მოახერხეს - თავი ევერ ბანეგამ გამოიჩინა, ვინც ნაკრებში თავისი პირველი გოლი გაიტანა.

მეორე ნახევარში გუნდები შედარებით დამშვიდდნენ, თუმცა გოლის გატანა ორივეს შეეძლო. არგენტინელთაგან საუკეთესო მომენტი ლეო მესის ჰქონდა, თუმცა მისი დარტყმა გალარსას კარს მცირედით ასცდა. საბოლოოდ მატჩი ფრედ დასრულდა და ამ შედეგით, პირველ რიგში, კმაყოფილნი სტუმრები იყვნენ, რასაც მესის კომენტარიც ადასტურებს.

ლეო მესი: "ასეთი პირობებში თამაში ნამდვილად საშინელებაა, ამიტომ ფრე საკმაოდ კარგი შედეგია. საკმარისია ერთხელ გაიქცე, რომ მერე გონს მოსასვლელად რამდენიმე წამი გჭირდება. ზოგიერთ ჩემს თანაგუნდელს თავი ასტკივდა, რამდენიმე ცუდადაც გახდა, მაგრამ მე არაფერი მომსვლია. ახლა წინ ორი მნიშვნელოვანი მატჩი გველის - ჯერ კოლუმბიას უნდა ვუმასპინძლოთ და შემდეგ ეკვადორში უნდა ჩავიდეთ. ორი საკმაოდ რთული შეხვედრა გველის და ამ მატჩებში ბევრი რამ გადაწყდება".

მიუხედავად არგენტინელის უარყოფისა, ჟურნალისტების ცნობით, შესვენებაზე "ბარსელონას" ლიდერმა თავი ცუდად იგრძნო და მას გულიც კი აერია.

მატჩის შემდეგ ბოლივიელთა მხრიდან ერთადერთი გოლის ავტორმა, მარსელო მორენომ სანაკრებო კარიერის დასრულება გადაწყვიტა. ფეხბურთელის თქმით, მან გადახდელში რამდენიმე წუთი იტირა კიდეც.

"კი, მე ასეთი გადაწყვეტილება მივიღე. ახლა უნდა გავაანალიზო, სწორად მოვიქეცი თუ არა," - განაცხადა მარსელო მორენომ.

ფეხბურთელის მამის აზრით, "გრემიოს" 25 წლის ფორვარდის გადაწყვეტილება დროებითია და ის ნაკრებს აუცილებლად დაუბრუნდება.

აქაც უჰაერობა მასპინძელთა მხსნელად
შესარჩევ ჯგუფში მეორე ადგილზე ეკვადორის ნაკრები გადავიდა, რომელმაც შინ პარაგვაი გაანადგურა. თავიდან სტუმრები დაწინაურდნენ, მაგრამ რეინალდო რუედას შეგირდები არ დაბნეულან და მათ ანგარიში პირველი ტაიმში გაათანაბრეს - ფელიპე კაისედომ შესარჩევ ეტაპზე უკვე მეხუთე გოლი გაიტანა.

მეორე ნახევარში გაიშვიათებულმა ჰაერმა (კიტო ზღვის დონიდან 2 800 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს) თავისი საქმე გააკეთა და პარაგვაელებმა საკუთარ კარში სამი ბურთი მიიღეს. დუბლი შეასრულა ახალგაზრდა ჯეფერსონ მონტერომ, კიდევ ერთი გოლი კი გამოცდილმა კრისტიან ბენიტესმა გაიტანა.

სუარესი მუშტებზე გადავიდა
ყველაზე საინტერესო მატჩი სანტიაგოში გაიმართა, სადაც ერთმანეთს კრიზისში მყოფი ორი გუნდი დაუპირისპირდა. ჩილეს ზედიზედ ოთხი წაგება ჰქონდა, ურუგვაის კი 5-მატჩიანი მოუგებელი სერია. საბოლოოდ მასპინძლებმა იძალეს და შესარჩევ ეტაპზე 10 ივნისის შემდეგ პირველი გამარჯვება მოიპოვეს. ოსკარ ვაშინგტონ ტაბარესის გუნდს კი 6 მატჩია არ მოუგია და უკვე მე-6 პოზიციაზეა.

ურუგვაელთა პრობლემებს შესაძლოა ლუის სუარესის დისკვალიფიკაციაც დაემატოს - "ლივერპულის" ფორვარდმა მასპინძელთა მცველ გონსალო ხარას სახეში მუშტი ჩაარტყა.

VideoSportall.Ge
ლუის სუარესმა ჩილელ მცველს სახეში მუშტი დაარტყა


მართალია, არბიტრებს ეს ეპიზოდი გამორჩათ, მაგრამ არ გამორჩენიათ ტრანსლაციის რეჟისორებს, რომლებმაც ყველაფერი კარგად დააფიქსირეს.

აღსანიშნავია, რომ სუარესმა მოგვიანებით ყვითელი ბარათი მიიღო და მომდევნო შეხვედრას, რომელიც "სელესტას" ვენესუელასთან ელის, ისედაც გამოტოვებს, თუმცა, შესაძლოა, ფორვარდს უფრო ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია მისცენ.

თამაში კი მასპინძელთა კარნახით წარიმართა და საბოლოოდ მათი დამსახურებული გამარჯვებით დასრულდა. ანგარიში ესტებან პარედესმა გახსნა, 78-ე წუთზე კი შეხვედრას წერტილი ედუარდო ვარგასმა დაუსვა. ამ მოგების წყალობით ჩილემ ურუგვაის გადაასწრო და მე-4 ადგილზე გადავიდა.

ჩილეს მსგავსად, 15 ქულა აქვს ვენესუელის ნაკრებსაც, რომელმაც შინ კოლუმბიას მოუგო. შეხვედრის ერთადერთი გოლი სალომონ რონდონმა გაიტანა. ხოსე ნესტორ პეკერმანის გუნდმა 4-მატჩიანი მოგებათა სერია დაასრულა და მესამე ადგილამდე ჩამოქვეითდა.

სამხრეთ ამერიკა. XII ტური
ბოლივია-არგენტინა 1:1
გოლები: 1:0 მ. მორენო (25), 1:1 ბანეგა (44).
ბოლივია (3-5-2): გალარსა - რალდესი, სენტენო, ლ. გუტიერესი - ჩუმასერო, რ. კარდოსო (73. მოხიკა), დ. ბეხარანო (65. ხ. არსე), ვეისაგა, ტორიკო (46. მ. ბეხარანო) - მ. მორენო, საუსედო.
არგენტინა (4-4-2): რომერო - კამპანიარო, ს. დომინგესი, ბასანტა, კლემენტე როდრიგესი - პერუცი, მასკერანო, ბანეგა (62. პონსიო), დი მარია (90. გინიასუ) - მესი, პალასიო (86. დი სანტო).

VideoSportall.Ge
26.03.13. ბოლივია - არგენტინა 1:1


ეკვადორი-პარაგვაი 4:1
გოლები: 0:1 ლ. კაბალიერო (15), 1:1 ფ. კაისედო (38), 2:1 ჯ. მონტერო (50), 3:1 კ. ბენიტესი (54), 4:1 ჯ. მონტერო (75).
ეკვადორი (4-4-2): ა. დომინგესი - ხ. პარედესი, ახილიერი, ერასო, ვ. აიოვო - ა. ვალენსია, კინონესი (70. სარიტამა), ნობოა, ჯ. მონტერო (84. რ. იბარა) - კ. ბენიტესი, ფ. კაისედო (80. ხ. როხასი).
პარაგვაი (4-4-2): ბარეტო - პირისი (60. ნ. ვალდესი), პ. აგილარი, პ. და სილვა, სამუდიო - ვ. აიალა, ფ. ოვიედო, რივეროსი, რ. ორტისი (46. ვ. კასერესი) - ლ. კაბალიერო (78. პ. ველასკესი), ე. ბენიტესი.

ჩილე-ურუგვაი 2:0
გოლები: 1:0 ე. პარედესი (10), 2:0 ე. ვარგასი (78).
ჩილე (3-4-3): ბრავო - მედელი, გ. ხარა, ხ. როხასი - ისლა (85. მარკოს გონსალესი), არანგისი (59. მატი ფერნანდესი), მ. დიასი, მენა - ე. ვარგასი, ე. პარედესი, ბოსეჟური (70. კ. კარმონა).
ურუგვაი (4-3-1-2): მუსლერა - აგირეგარაი (46. ა. სილვა), ლუგანო, გოდინი, ალვარო პერეირა - ა. გონსალესი, არევალო რიოსი, ლოდეირო (82. კრისტიან როდრიგესი) - გ. რამირესი (70. ფორლანი) - სუარესი, კავანი.

ვენესუელა-კოლუმბია 1:0
გოლი: 1:0 რონდონი (13).
ვენესუელა (4-2-3-1): დ. ფერნანდესი - ა. გონსალესი, ვისკარონდო, ტუნიესი (61. ა. ფლორესი), სიჩერო (84. რ. ფელტშერი) - რინკონი, ლუსენა - ს. გონსალესი, არისტეგიეტა (68. მიკუ), არანგო - რონდონი.
კოლუმბია (4-3-2-1): ოსპინა - სუნიგა, ლ. პერეა (83. ა. რამირესი), კ. ვალდესი, არმერო - ე. ვალენსია, ა. აგილარი, მ. ტორესი (75. ბაკა) - კუადრადო (65. ტ. გუტიერესი), ჯ. როდრიგესი - ფალკაო.

თ მ ფ წ ბ ქ
1. არგენტინა 11 7 3 1 24-8 24
2. ეკვადორი 10 6 2 2 16-10 20
3. კოლუმბია 10 6 1 3 19-7 19
4. ჩილე 11 5 0 6 16-19 15
5. ვენესუელა 11 4 3 4 9-12 15
6. ურუგვაი 11 3 4 4 17-21 13
7. პერუ 10 3 2 5 11-15 11
8. ბოლივია 11 2 3 6 13-20 9
9. პარაგვაი 11 2 2 7 8-21 8

ბომბარდირები: 9 - იგუაინი (არგენტინა); 8 - მესი (არგენტინა), სუარესი (ურუგვაი); 6 - ფალკაო (კოლუმბია), 5 - ფ. კაისედო (ეკვადორი).

მომდევნო ტური

7 ივნისი
არგენტინა-კოლუმბია, ბოლივია-ვენესუელა, პარაგვაი-ჩილე, პერუ-ეკვადორი.

Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბოლივიის პრეზიდენტმა ლიონელ მესის პონჩო ჩააცვა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული