სამხრეთ ამერიკის შესარჩევი ტურნირის მთავარი მატჩი ბუენოს აირესში გაიმართება - ლიდერი, არგენტინის ნაკრები კოლუმბიას უმასპინძლებს, რომელიც "ალბისელესტეს" 5 ქულით ჩამორჩება, მაგრამ თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.
მიუხედავად ტრავმისა, ალეხანდრო საბელიამ ნაკრებში ლიონელ მესი გამოიძახა. არგენტინელი ჟურნალისტების ცნობით, გუნდის კაპიტანი მომჯობინდა და ის მინდორზე პირველივე წუთებიდან იქნება. ასევე ნაკრებშია ერიკ ლამელა - "რომას" 21 წლის შემტევმა შესანიშნავი სეზონი ჩაატარა და ეროვნულ გუნდში გამოძახება ნამდვილად დაიმსახურა. ლამელამ "ალბისელეტეს" რიგებში მხოლოდ ერთხელ, 2011 წელს ითამაშა.
სამაგიეროდ, კვლავ განაცხადს მიღმა
ამ გუნდების ბოლო 10 მატჩიდან 7 არგენტინამ მოიგო, 2 ფრედ დასრულდა და ერთხელ, 2004 წელს, კოლუმბიამ იმარჯვა. მიუხედავად ამისა, შეუძლებელია, დავივიწყოთ 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი, რომელიც კოლუმბიამ სტუმრად 5:0 მოიგო და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.
ხოსე ნესტორ პეკერმანის გუნდი უძლიერესი შემადგენლობით ითამაშებს. გამორჩეული ფეხბურთელებიდან გამოძახებულნი მხოლოდ "პესკარას" უნიჭიერესი ნახევარმცველი ხუან კინტერო და "ბეტისის" ფორვარდი დორლან პაბონი არ არიან. სხვათა შორის, ამ გუნდების პირველი წრის შეხვედრაში ანგარიში სწორედ პაბონმა (45-ე წუთზე) გახსნა, მაგრამ მეორე ტაიმში თავი მესიმ და აგუერომ გამოიჩინეს, არგენტინამ კი 2:1 მოიგო.
კოლუმბიამ ბოლოს მსოფლიოს ჩემპიონატზე 1998 წელს ითამაშა და თუ ბუენოს აირესში იმარჯვა, მუნდიალისკენ ძალიან დიდ ნაბიჯს გადადგამს.
ბოლო შანსი
სამი აუტსაიდერი - პარაგვაი, პერუ და ბოლივია, ამ ტურში შინ ითამაშებს და უკანასკნელი შანსის გამოყენებას ეცდება - თუ რომელიმე გუნდი ვერ მოიგებს, მუნდიალის ფინალურ ეტაპს უნდა გამოემშვიდობოს. ეს განსაკუთრებით პარაგვაის ეხება, რომელიც ბოლო ადგილზეა და მეოთხე პოზიციაზე მყოფ ჩილეს მასპინძლობს. სტუმრებმა წინა ტურში 4-მატჩიანი წაგებათა სერია დაასრულეს, ურუგვაის 2:0 მოუგეს და მე-4 პოზიციაზე გადავიდნენ.
ბოლივია, რომელიც მე-8 ადგილზეა, ლა პასში ვენესუელას შეხვდება. აღსანიშნავია, რომ ამ ქალაქში უკანასკნელი ორი სტუმრობა ვენესუელას გამარჯვებით დასრულდა, რაც მართლაც საამაყო შედეგია - ლა პასში თამაში ხომ აბსოლუტურად ყველა გუნდს უჭირს, მათ შორის, კონტინენტის გრანდებსაც.
მეორე ადგილზე მყოფი ეკვადორი კი პერუს ესტუმრება. სერხიო მარქარიანის გუნდმა ბოლო დროს ძალიან მოუმატა და უკანასკნელი 10 მატჩიდან (ოფიციალური და ამხანაგური) მხოლოდ 1 წააგო. ეკვადორს კი შესარჩევ ეტაპზე უკვე 6 მატჩია, არ წაუგია და გერმანიასთან მარცხამდე (2:4) 9-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა.
მუნდიალი 2014. შესარჩევი ციკლი. სამხრეთ ამერიკა
XIII ტური
8 ივნისი
ბოლივია-ვენესუელა 00:00
არგენტინა-კოლუმბია 02:05
პარაგვაი-ჩილე 04:10
პერუ-ეკვადორი 06:10
თ მ ფ წ ბ ქ
1. არგენტინა 11 7 3 1 24-8 24
2. ეკვადორი 10 6 2 2 16-10 20
3. კოლუმბია 10 6 1 3 19-7 19
4. ჩილე 11 5 0 6 16-19 15
5. ვენესუელა 11 4 3 4 9-12 15
6. ურუგვაი 11 3 4 4 17-21 13
7. პერუ 10 3 2 5 11-15 11
8. ბოლივია 11 2 3 6 13-20 9
9. პარაგვაი 11 2 2 7 8-21 8
ბომბარდირები: 9 - იგუაინი (არგენტინა); 8 - მესი (არგენტინა), სუარესი (ურუგვაი); 6 - ფალკაო (კოლუმბია); 5 - ფ. კაისედო (ეკვადორი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"