მუნდიალი 2014. სამხრეთი ამერიკა: ურუგვაი გაცოცხლდა [VIDEO]

AutoSharing Option
სამხრეთ ამერიკაში შესარჩევი ეტაპის დასრულებამდე სულ ორი ტურია დარჩენილი. უკვე გაირკვა ის სამი გუნდი, რომელიც ბრაზილიაში ვერ ითამაშებს - პარაგვაი, ბოლივია და პერუ მუნდიალზე არ იქნებიან. მცირე შანსი აქვს ვენესუელას, რომელსაც მეხუთე ადგილზე გასვლა და პლეი ოფში თამაშის უფლების მოპოვება ჯერ კიდევ შეუძლია...

ურუგვაი იბრძვის
ურუგვაის ნაკრებმა წინა შეხვედრაში პერუ დაამარცხა და ოთხეულში შესვლის შანსი შეინარჩუნა. ამ ტურში კი ოსკარ ტაბარესის შეგირდები კოლუმბიას მასპინძლობდნენ, რომელსაც მოტივაცია ასევე არ აკლდა - ქულის მოპოვების შემთხვევაში კოლუმბიელები მუნდიალის საგზურს მიიღებდნენ.

მასპინძლებს სამი დიეგოს
სახით ძალიან სერიოზული დანაკლისი ჰქონდათ - ლუგანო და გოდინი დისკვალიფიცირებულნი იყვნენ, ხოლო ფორლანს ტრავმა აწუხებდა. მათ გარდა, არ უთამაშია მარტინ კასერესსაც, რის გამოც ურუგვაის დაცვის ცენტრში 37 წლის ანდრეს სკოტი და 18 წლის ხოსე ხიმენესი ვიხილეთ.

მეტოქის ასეთი დანაკლისის მიუხედავად, კოლუმბიამ ფრთხილი ტაქტიკა აირჩია. ხოსე პეკერმანის შეგირდები უფრო საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ზრუნავდნენ, რის გამოც საბოლოოდ დაისაჯნენ კიდეც. პირველი ტაიმი შედარებით მოსაწყენი გამოდგა, აი, მეორე ნახევარში ურუგვაიმ მოუმატა და მეტოქე წნეხში მოაქცია.

მასპინძელთა გააქტიურებას შედეგი 77-ე წუთზე მოჰყვა, როდესაც ედინსონ კავანიმ თავისივე დაწყებული კომბინაცია ზუსტი თავური დარტყმით დაასრულა. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ მაქსი პერეირას შესანიშნავი გადაცემა - "ბენფიკას" მცველმა ფორვარდს ბურთი თავზე დაასვა.

მეორე გოლი კი ცვლილებაზე შემოსულმა ფეხბურთელებმა შექმნეს - გასტონ რამირესმა მარცხენა ფლანგზე იაქტიურა და პენალტის ნიშნულისკენ პასი გააკეთა, იქ კი ყველას კრისტიან სტუანიმ აჯობა და ნაკრებში პირველი გოლი გაიტანა.

მსოფლიოს ორგზის ჩემპიონებმა უაღრესად მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს. ახლა ყველაფერი "სელესტეს" ხელშია. ურუგვაის ორი უმძიმესი მატჩი დარჩა, თუმცა მისი კონკურენტებიც ანალოგიურ მდგომარეობაში არიან და არაა გამორიცხული, ტაბარესის შეგირდებს მუნდიალზე გასასვლელად 3 ქულის აღებაც ეყოთ. ამავე დროს, არც ისაა გამორიცხული, რომ ურუგვაი მეხუთე ადგილზეც ვერ გავიდეს...

სასწაულის იმედად
მეხუთე ადგილის დაკავებაზე კი ვენესუელა ოცნებობს. სესარ ფარიასის გუნდმა მხიარულ შეხვედრაში პერუს სძლია და ამ უკანასკნელს მუნდიალზე მოხვედრის ყველანაირი შანსი მოუსპო, თავად კი 19 ქულა მოაგროვა. მართალია, ვენესუელა ურუგვაის და ეკვადორს მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩება, მაგრამ არანგოს და კომპანიას მხოლოდ ერთი მატჩი აქვთ დარჩენილი, რომელიც აუცილებლად უნდა მოიგონ და იმის იმედად იყვნენ, რომ 22-ქულიანი გუნდებიდან ერთ-ერთი ორივე თამაშს წააგებს, თან რაც შეიძლება დიდი ანგარიშებით.

მოკლედ, შანსი არც ისე დიდია, მაგრამ მაინც არის. მთავარია, ეკვადორი-ურუგვაი ფრედ არ დასრულდეს და შემდეგ ამ წყვილში დამარცხებულმა ბოლო ტურშიც წააგოს. აქვე გეტყვით, რომ მეხუთე ადგილზე გასული გუნდი პლეი ოფში იორდანიის ნაკრებს შეხვდება და შეგახსენებთ, რომ ვენესუელა არის ერთადერთი სამხრეთამერიკული ნაკრები, რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე არასდროს უთამაშია.

პერუსთან ვენესუელა უპირატესობას ფლობდა და დამსახურებულადაც მოიგო, თუმცა თავიდან სტუმრები დაწინაურდნენ - გოლი კრისტოფერ ურტადოს ანგარიშზეა. მასპინძლებმა პირველ ტაიმში მხოლოდ ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს (რონდონი), საბოლოოდ კი მეტოქე მეორე ტაიმში გატეხეს.

მესიმ კრესპო ჩამოიტოვა
არგენტინა გახდა პირველი სამხრეთამერიკული ნაკრები (ბუნებრივია, ბრაზილიის შემდეგ), რომელმაც მუნდიალის საგზური მიიღო. "ალბისელესტემ" ბოლო ადგილზე მყოფ პარაგვაის 5:2 მოუგო და მეხუთეადგილოსან ურუგვაისთვის მიუწვდომელი გახდა.

დუბლი შეასრულა ლიონელ მესიმ, რომელმაც ნაკრებში თავისი 36-ე და 37-ე გოლები გაიტანა. ახლა 26 წლის ფეხბურთელი ეროვნული გუნდის ყველა დროის ბომბარდირებში მეორე ადგილზეა - მასზე წინ მხოლოდ ლეგენდარული გაბრიელ ბატისტუტაა, რომელიც 56 გოლით ლიდერობს.

შესანიშნავი მატჩი ჩაატარა სერხიო აგუერომ - "მანჩესტერ სიტის" ფორვარდმა შეხვედრის დებიუტში პენალტი მოიპოვა, 32-ე წუთზე კი მესისგან მკერდით მშვენიერი პასი მიიღო, ბურთი თავადაც მკერდით დაამუშავა და რობერტო ფერნანდესს შორეულ კუთხეში გაუტანა.

მესის და "კუნის" გარდა, გოლები ანხელ დი მარიამ და ცვლილებაზე შემოსულმა მაქსი როდრიგესმა გაიტანეს. ამ უკანასკნელმა ნაკრებში თავი 4-წლიანი პაუზის შემდეგ გამოიჩინა - ბოლო გოლი მაქსის 2009 წელს, ვენესუელასთან ჰქონდა გატანილი.

არგენტინა გახდა მეათე ნაკრები ბრაზილიის, იაპონიის, ავსტრალიის, ირანის, სამხრეთ კორეის, საფრანგეთის, ჰოლანდიის, აშშ-ის და კოსტა რიკის შემდეგ, რომელმაც ბრაზილია 2014-ის საგზური მოიპოვა.

"ვოცნებობ იმაზე, რაზეც ყველა არგენტინელი - მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებაზე. ამისთვის კი ბევრი უნდა ვიშრომოთ, რომ რაც შეიძლება კარგად გავიაროთ ტურნირის მთელი დისტანცია. მსოფლიოს ჩემპიონატზე საუკეთესო შემთხვევაში 7 მატჩი გველის და 100%-ით უნდა დავხარჯოთ ჩვენი ძალისხმევა, რათა მუნდიალი მოვიგოთ,"
- განაცხადა ლეომ თამაშის შემდეგ.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

XVI ტური

ბოლივია-ეკვადორი 1:1
გოლები: 1:0 არასკაიტა (47), 1:1 ფ. კაისედო (58-პენ)
ბოლივია (4-4-2): კინონესი - დ. ბეხარანო, სენტენო, რალდესი, კაბრერა - მ. ბეხარანო (46. არასკაიტა), ასოგე (46. მ. მორენო), ჩუმაკერო (74. მაიგა), ვეისაგა - რ. კარდოსო, ხ. არსე
ეკვადორი (4-4-2): ა. დომინგესი - რეასკო, გაგა, ერასო, ვ. აიოვი - ა. ვალენსია, სარიტამა, ს. კასტილიო (65. ნობოა), ჯეფერსონ მონტერო - ხ. აიოვი (50. რ. იბარა), ფ. კაისედო (73. გერონი)
გაფრთხილება: არავინ

ურუგვაი-კოლუმბია 2:0
გოლები: 1:0 კავანი (77), 2:0 სტუანი (81)
ურუგვაი (4-4-2): მუსლერა - მაქსი პერეირა, ხ. ხიმენესი, სკოტი, ფუსილე - ა. გონსალესი (46. გარგანო), ლოდეირო (46. სტუანი), არევალო რიოსი, კ. როდრიგესი (71. გ. რამირესი) - კავანი, სუარესი
კოლუმბია (4-4-2): ოსპინა - ჯ. მედინა, ლ. პერეა, იეპესი, სუნიგა - გუარინი, კ. სანჩესი (86. ჯ. მარტინესი), ა. აგილარი (80. ა. რამირესი), ჯ. როდრიგესი - ფალკაო, ტეო გუტიერესი (69. კუადრადო)
გაფრთხილება: მაქსი პერეირა, სტუანი - ს. მედინა, ჯ. როდრიგესი

ვენესუელა-პერუ 3:2
გოლები: 0:1 ურტადო (20), 1:1 ს. რონდონი (37), 2:1 ს. გონსალესი (62-პენ), 3:1 ოტერო (77), 3:2 სამბრანო (87)
ვენესუელა (4-4-2): დანი ერნანდესი - ა. გონსალესი, ვისკარონდო, ამორებიეტა, როსალესი - ს. გონსალესი (68. ოტერო), რინკონი, ოროსკო, არანგო (86. არისტეგიეტა) - ი. მარტინესი (75. ლუსენა), ს. რონდონი
პერუ (4-5-1): რაულ ფერნანდესი - ხ. ერერა (14. ადვინკულა), სამბარანო, ა. როდრიგესი, ხ. ვარგასი - კ. ურტადო, ლობატონი, რეტამოსო, კრუსადო (63. ლ. რამირესი), ა. კარილიო - კ. პისარო (64. გერერო)
გაფრთხილება: ს. გონსალესი, ოტერო - ლობატონი, ადვინკულა, სამბრანო, რაულ ფერნანდესი

პარაგვაი-არგენტინა 2:5
გოლები: 0:1 მესი (12-პენ), 1:1 ხ. ნუნიესი (17), 1:2 აგუერო (32), 1:3 დი მარია (50), 1:4 მესი (53-პენ), 2:4 სანტა კრუსი (86), 2:5 მაქსი როდრიგესი (90)
პარაგვაი (3-4-1-2): რობერტო ფერნანდესი - მ. კასერესი, კანდია, პ. და სილვა - ვ. აიალა, რივეროსი, რ. ორტისი (21. ს. აკინო - 46. ო. რომერო), სამუდიო - ფაბრო (46. ხ. როხასი) - ხ. ნუნიესი, სანტა კრუსი
არგენტინა (4-3-3): რომერო - საბალეტა, კოლოჩინი, კამპანიარო, ბასანტა - გაგო (86. მაქსი როდრიგესი), ბილია, დი მარია - აგუერო (77. ბანეგა), მესი, პალასიო (65. ლავეცი)
გაფრთხილება: რობერტო ფერნანდესი - საბალეტა

თ მ ფ წ ბ ქ
1. არგენტინა 14 8 5 1 30-11 29
2. კოლუმბია 14 8 2 4 22-9 26
3. ჩილე 14 8 0 6 24-21 24
4. ეკვადორი 14 6 4 4 18-14 22
5. ურუგვაი 14 6 4 4 22-22 22
6. ვენესუელა 15 5 4 6 13-19 19
7. პერუ 14 4 2 8 15-22 14
8. ბოლივია 15 2 5 8 16-29 11
9. პარაგვაი 14 3 2 9 15-28 11

ბომბარდირები: 10 - მესი (არგენტინა), სუარესი (ურუგვაი); 9 - იგუაინი (არგენტინა); 7 - ფალკაო (კოლუმბია); 6 - ფ. კაისედო (ეკვადორი)

დარჩენილი ტურები:
11 ოქტომბერი:
არგენტინა-პერუ, ეკვადორი-ურუგვაი, კოლუმბია-ჩილე, ვენესუელა-პარაგვაი

15 ოქტომბერი:
ურუგვაი-არგენტინა, პარაგვაი-კოლუმბია, ჩილე-ეკვადორი, პერუ-ბოლივია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლიონელ მესი: როგორც ყველა არგენტინელი, მეც მუნდიალის მოგებაზე ვოცნებობ [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული