მუნდიალი 2014. შესარჩევი ეტაპი. სამხრეთი ამერიკა: შანსი ვენესუელასაც კი აქვს

AutoSharing Option
ბოლო ტურების შეხვედრები გაიმართება სამხრეთ ამერიკაშიც, სადაც ერთი საგზურის მფლობელი უკვე ცნობილია - როგორც მოსალოდნელი იყო, არგენტინამ ბრაზილიაში გამგზავრების უფლება ნაადრევად გაინაღდა.

11 ოქტომბერს კიდევ ერთი საგზური უნდა გათამაშდეს, თუმცა არის ვარიანტი, რომლის მიხედვითაც, ბრაზილია 2014-ის ბილეთს ერთბაშად ორი გუნდი მიიღებს...

ოთხი მატჩიდან სამი ერთდროულად იწყება, ვინაიდან იმ შეხვედრებში კონკურენტები თამაშობენ. კოლუმბია, ქულის აღების შემთხვევაში, მინიმუმ მეოთხე ადგილს და შესაბამისად, მუნდიალზე თამაშის უფლებას გაინაღდებს, ხოლო თუ მატჩი ჩილემ მოიგო, მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადებას სწორედ ხორხე სამპაოლის შეგირდები დაიწყებენ.

მაგრამ, როგორც შესავალში
აღვნიშნეთ, არსებობს ვარიანტი, რომლის მიხედვითაც, საგზური შეიძლება ორივემ დაიმსახუროს. ამისთვის საჭიროა, რომ ურთიერთშეხვედრაში ჩილემ იმარჯვოს, ეკვადორის და ურუგვაის მატჩი კი ფრედ არ დასრულდეს.

მუნდიალზე მოხვედრის შანსს ინარჩუნებს ვენესუელაც, რომელსაც კიტოში გასამართი მატჩის ფრედ დასრულება ასევე არ აწყობს.

ვენესუელა მეხუთე ადგილს იმ შემთხვევაში დაიკავებს, თუ თავად დიდი ანგარიშით მოიგებს, ურუგვაი კი ჯერ ეკვადორთან დამარცხდება, ბოლო ტურში კი არგენტინასთან წააგებს.

რატომ ურუგვაი და არა ეკვადორი? იმიტომ, რომ "სელესტეს" ბურთების უარესი სხვაობა აქვს და ამ კომპონენტში ვენესუელა მას უფრო აჯობებს, ვიდრე ეკვადორს.

ვენესუელა-პარაგვაიზე რა მოგახსენოთ, მაგრამ დარჩენილი ორი მატჩი მართლაც დიდ ინტერესს იწვევს. გუნდებს დანაკლისი, პრაქტიკულად, არ აქვთ. კოლუმბიას მხოლოდ კამილო სუნიგა არ ეყოლება, ჩილეს კი უძლიერესი შემადგენლობის გამოყვანა შეუძლია. ხორხე სამპაოლიმ ისევ გამოიძახა დავიდ პისარო და ხორხე ვალდივია, რომლებმაც ნაკრების წინა შეხვედრებში ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეს.

ურუგვაის მარტინ კასერესის სახით გამორჩეული ფეხბურთელი კი აკლია, მაგრამ "იუვენტუსის" მცველი უკვე დიდი ხანია, ტრავმირებულია და ოსკარ ვაშინგტონ ტაბარესს მისი შეცვლა არ უნდა გაუჭირდეს.

აქვე აღვნიშნოთ, რომ ეკვადორს ურუგვაი ძალიან დიდი ხანია არ დაუმარცხებია, სულ კი 42 მატჩიდან მხოლოდ 3 აქვს მოგებული, 29 შეხვედრა კი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის გამარჯვებით დასრულდა.

ტურის ბოლო შეხვედრა კი "მონუმენტალზე" გაიმართება. არგენტინა პერუს უმასპინძლებს და ეცდება, დიდი დერბის წინ ხასიათი გაიუმჯობესოს.

წესით, უნდა ითამაშოს მაურო იკარდიმ, რომელსაც "ალბისელესტეს" რიგებში დებიუტი ექნება. ალეხანდრო საბელიამ შეკრებაზე არგენტინის ჩემპიონატის რამდენიმე ფეხბურთელიც გამოიძახა. ესენი არიან: სებასტიან დომინგესი, როდრიგო ბრანია, გაბრიელ მერკადო და ლეანდრო სომოსა.

მერკადო და სომოსა კიდევ გასაგებია, მაგრამ ნაცნობობის გარდა, სხვა რა დამსახურებისთვის მოხვდნენ ნაკრებში ვეტერანები სება დომინგესი და როდრიგო ბრანია, რომლებიც საკმაოდ ცუდ ფორმაში არიან, გაუგებარია.

საბელიას მსგავს საკადრო პოლიტიკას ჯერ პატიობენ, მაგრამ საკმარისია გუნდმა მუნდიალზე ცუდად ითამაშოს, რომ მას ყველა საეჭვო გადაწყვეტილებას ერთიანად გაუხსენებენ.

მუნდიალი 2014. შესარჩევი ეტაპი. სამხრეთ ამერიკა
XVII ტური
ეკვადორი-ურუგვაი 01:00
კოლუმბია-ჩილე 01:00
ვენესუელა-პარაგვაი 01:00
არგენტინა-პერუ 03:00

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. არგენტინა 14 8 5 1 30-11 29
2. კოლუმბია 14 8 2 4 22-9 26
3. ჩილე 14 8 0 6 24-21 24
4. ეკვადორი 14 6 4 4 18-14 22
5. ურუგვაი 14 6 4 4 22-22 22
6. ვენესუელა 15 5 4 6 13-19 19
7. პერუ 14 4 2 8 15-22 14
8. ბოლივია 15 2 5 8 16-29 11
9. პარაგვაი 14 3 2 9 15-28 11

ბომბარდირები: 10 - მესი (არგენტინა), სუარესი (ურუგვაი); 9 - იგუაინი (არგენტინა); 7 - ფალკაო (კოლუმბია); 6 - ფ. კაისედო (ეკვადორი)

ბოლო ტური
15 ოქტომბერი:
ურუგვაი-არგენტინა, პარაგვაი-კოლუმბია, ჩილე-ეკვადორი, პერუ-ბოლივია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული