რუმინეთი-საბერძნეთი 1:1 - ტოროსიდისის სუპერგოლი... საკუთარ კარში [VIDEO]

AutoSharing Option
პირველი მატჩის შემდეგ ფავორიტად ქცეულმა საბერძნეთის ნაკრებმა სტატუსი გაამართლა და მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. სტუმრებს ორბურთიანი უპირატესობის შენარჩუნება არ გასჭირვებიათ და პრაქტიკულად, არც უნერვიულიათ.

რუმინელთა დამრიგებელმა ვიქტორ პიცურკამ, წინა შეხვედრასთან შედარებით, რამდენიმე ცვლილება განახორციელა. კარში ბოგდან ლობონტის ადგილი ჩიპრიან ტატარუშანუმ დაიკავა, დაცვის ცენტრში კი, გარდოშის ნაცვლად, ვლად კირიკეში დაბრუნდა.

ცვლილებები შეეხო ნახევარდაცვასაც, სადაც ბურჩეანუ და კოჩიში ჰობანმა და მაქსიმმა შეცვალეს. ფერნანდო სანტუშმა კი მხოლოდ ერთი ფეხბურთელი შეცვალა: 36 წლის კარაგუნისმა ტრავმირებული კაცურანისის (34 წლის) ადგილი
დაიკავა.

ანგარიში 23-ე წუთზე გაიხსნა და გოლი, რა თქმა უნდა, კოსტას მიტროღლუმ გაიტანა, ვინც რამდენიმე დღის წინ ბოგდან ლობონტი ორჯერ დაამწუხრა. ამჯერად, "ოლიმპიაკოსის" ფორვარდის მსხვერპლი ტატარუშანუ გახდა - ვასილის ტოროსიდისის პასის შემდეგ მიტროღლუ გოლკიპერთან პირისპირ დარჩა და საბერძნეთი წინ გაიყვანა.

მასპინძლებმა მეორე ტაიმი კარგად დაიწყეს და ანგარიშიც გაათანაბრეს, თუმცა გოლი არა რომელიმე რუმინელმა ფეხბურთელმა, არამედ ტოროსიდისმა გაიტანა.

ტანასეს არაზუსტი პასის შემდეგ ბურთი ბერძენთა საჯარიმოში აღმოჩნდა, მაგრამ მის სიახლოვეს ერთი რუმინელი ფეხბურთელიც არ იმყოფებოდა. ამ დროს კი ტოროსიდისმა, რატომღაც, გადაწყვიტა, რომ კარნეზისის მზადყოფნა შეემოწმებინა და მთელი ძალით საკუთარი კარის "ცხრიანისკენ" დაარტყა. მეკარემ რეაგირება კი მოასწრო, მაგრამ დარტყმა აუღებელი იყო და ანგარიშიც გათანაბრდა - 1:1.

დარჩენილ წუთებში მასპინძლებს ცდა არ დაუკლიათ, მაგრამ ბერძნების კარში რომ გოლის გატანა ძალიან რთულია, ამას სტატისტიკაც მოწმობს: ელინებმა ბოლო 8 შეხვედრაში მხოლოდ ორი გოლი გაუშვეს (ორივე რუმინელებთან), თანაც, ერთხელ საკუთარ კარში გაიტანეს.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

საბოლოოდ, წყვილში უფრო ძლიერმა ნაკრებმა იმარჯვა და მუნდიალის საგზური ისტორიაში მესამედ მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე საბერძნეთმა პირველად 1994 წელს ითამაშა, მეორედ კი 2010-ში და ორივეჯერ ჯგუფში არგენტინასთან და ნიგერიასთან მოხვდა.

მუნდიალი 2014. ევროპა. პლეი ოფი. საპასუხო მატჩი
რუმინეთი-საბერძნეთი 1:1 (1:3)
გოლები: 0:1 მიტროღლუ (23), 1:1 ტოროსიდისი (55-საკ. კარში)

რუმინეთი (4-1-4-1): ტატარუშანუ - მატელი, გოიანი, კირიკეში, რაცი (26. ლატოვლევიჩი) - ჰობანი - ტორიე (56. მ. ნიკულაე), სტანჩუ (86. გროზავი), ტანასე, მაქსიმი - მარიკა
საბერძნეთი (4-3-3): კარნეზისი - ტოროსიდისი (72. ვინტრა), პაპასტატოპულოსი, სიოვასი (80. მანოლასი), ჰოლებასი - მანიატისი, კარაგუნისი (73. სამარისი), ციოლისი - სალპინგიდისი, მიტროღლუ, სამარასი
გაფრთხილება: - მიტროღლუ, ჰოლებასი, ციოლისი
კუთხური: 9-2; ჯარიმა: 12-13; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 9-4 (4-3); ბურთის ფლობა: 55%-45%
მაყურებელი: 52 000

I მატჩი:
საბერძნეთი-რუმინეთი 3:1: სერიოზული უპირატესობა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული