ფიფა წლის საუკეთესო მწვრთნელს კომპლექსური გამოკითხვით დაასახელებს - ხმების 50% ეკუთვნის ეროვნულ ნაკრებთა თავკაცებსა და კაპიტნებს, დანარჩენი 50% კი - ონლაინ-გამოკითხვასა და 6 კონტინენტის 200 მედიასაშუალებას.
მაშ ასე, ნომინანტთა მოკლე სია ასეთია:
კრის კოულმენი (უელსი, ეროვნული ნაკრები)
დიდიე დეშამი (საფრანგეთი, ეროვნული ნაკრები)
ხოსეპ გვარდიოლა (ესპანეთი, ბაიერნი/სიტი)
იურგენ კლოპი (გერმანია, ლივერპული)
ლუის ენრიკე (ესპანეთი, ბარსელონა)
მაურისიო პოჩეტინო (არგენტინა, ტოტენჰემი)
კლაუდიო რანიერი (იტალია, ლესტერი)
ფერნანდო სანტუში (პორტუგალია, ეროვნული ნაკრები)
ზინედინ ზიდანი (საფრანგეთი, რეალი)
ქალთა გუნდების მწვრთნელების ნომინანტების სია ერთი დღით ადრე დასახელდა. დღეს წლის საუკეთესო ფეხბურთელ ქალ ნომინანტთა სია გამოქვეყნდება, ხოლო 4 ნოემბერს ჯერი ვაჟ ნომინანტებზე მიდგება.
მოგეხსენებათ, ამ წლიდან "ფრანს ფუტბოლი" და ფიფა ერთობლივად აღარ ასახელებენ გამარჯვებულებს.
ხმის მიცემის პროცედურა 4 ნოემბერს დაიწყება და 22 ნოემბრამდე გასტანს. თითოეულ კატეგორიაში სამ-სამი ფინალისტი, ასევე, ახალი ტიტულის, ფიფას ფანების რჩეულის მფლობელი 2 დეკემბერს გასაჯაროვდება. მსოფლიო ნაკრების 55 ნომინანტი ნოემბრის ბოლოს გამოქვეყნდება. ყველა გამარჯვებული კი 9 იანვარს ფიფას სპეციალურ ცერემონიალზე დაჯილდოვდება.
ფერნანდო სანტუშმა ეროვნულ ნაკრებთა შორის წლის ყველაზე პრესტიჟული ტიტული, ევრო 2016 მოაპოვებინა პორტუგალიის ნაკრებს და ბუნებრივია, რომ ეს სპეციალისტი ფავორიტებს შორისაა. ისევე, როგორც ზინედინ ზიდანი - ზიდანის "რეალმა" ჩემპიონთა ლიგა მოიგო. მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ არც წლის ყველაზე დიდი საფეხბურთო სენსაციის ავტორი - იტალიელი კლაუდიო რანიერი, რომელმაც არაფრით გამორჩეული "ლესტერი", რომელიც წინა სეზონში ძლივს გადაურჩა გავარდნას, ინგლისის ჩემპიონი გახადა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"