მუნდიალი 2014. საფრანგეთი-უკრაინის გამოხმაურება: თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა [VIDEO]

AutoSharing Option
ასე მე-40 წუთისას სრულიად "სტად დე ფრანსი" ისეთი შემართებით და ისე ტკბილად მღეროდა უმშვენიერეს "მარსელიეზას", რომ იმ მომენტში წამითაც არ შემპარვია ეჭვი - საფრანგეთი გასული იყო.

მართალია ტაბლოზე 2:0 კიდევ საკმაო ხანი ენთო, მაგრამ ეს მამადუ სახოს დღე გახლდათ! 72-ე წუთზე მან დუბლი გაიფორმა და მატჩი თავის ბენეფისად აქცია. ბევრ ვებგვერდზე, რაც მთავარია მაგალითად უეფას საიტს, ბურთს ოლეგ გუსევის ავტოგოლად ასაღებდნენ... როგორც ჩანს, უეფაში ის მომენტი ისეთი ემოციური იყო, კარგად აღარავინ დააკვირდა და შამპანურის გახსნაზე გადაერთვნენ. დღეს, კი სახოს კუთვნილი
გოლი დაუბრუნეს.

მამადუ ის კაცია, ჯერ კიდევ ღლაპობისას პსჟ-ს კაპიტანი რომ გახდა. ძალიან ნიჭიერი და უდიდესი პოტენციალის მქონე. თუმცა მას შემდეგ რაღაც ფსიქოლოგიური პრობლემები შეექმნა და ახალგაზრდა მცველი საკუთარ თავს აღარ ჰგავდა. პარიზელებმა მას ჯერ კაპიტნობა ჩამოართვეს, მერე კი, სულაც გაუშვეს. "ლივერპულში" სახო აშკარად გარდაისახა. იცით ვინ არის მისი უფროსი მეგობარი და ვინ აძლევს ხოლმე რჩევებს? თვით ლილიან ტურამი. გახსოვთ რა გააკეთა 1998 წლის მუნდიალზე "პროფესორმა" ხორვატიასთან? ვისაც დაგავიწყდათ გეტყვით, რომ ტურამს ნაკრებში გოლი საერთოდ არ ჰქონდა გატანილი და იმ უმნიშვნელოვანეს მომენტში, როცა ფრანგები ნახევარფინალს აგებდნენ ხორვატიასთან ორჯერ შეაგდო. ვერაფერს იტყვი, სახოც კარგად გამოუზრდია.

"ჩვენ ფანების მხარდაჭერას ვგრძნობდით. ყველა გაერთიანდა და ამან თავისი გააკეთა. შესანიშნავი ატმოსფერო იყო როგორც მინდოზე, ასევე გასახდელში. პირველი მატჩის შემდეგ, ყველამ დიდი გამოწვევა მიიღო, ფანებმა არ მიგვატოვეს და ამ ერთსულოვნებამ შედეგი გამოიღო" - თქვა მატჩის გმირმა.

23 წლის ფეხბურთელი ერთსულოვნებაზე ამდენს იმიტომ ლაპარაკობდა, რომ პლეი ოფამდე და მით უმეტეს, პირველი მატჩის მერე, "მამლების" გარშემო ძალიან დაძაბული ფონი იყო, და ძნელად თუ იპოვნიდით ადამიანს, რომელიც მხარს დიდიე დეშამს დაუჭერდა, მისი მოხსნა ფაქტობრივად გადაწყვეტილი ჩანდა. თუმცა აღმოჩნდა ერთი კაცი... უეფა-ს პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ მატჩამდე ერთი დღით ადრე თქვა - თუ საფრანგეთი ვერ გავა ამაში დამნაშავე დეშამი კი არა, ფეხბურთელები იქნებიანო. აბა ამაზე უკეთეს ადვოკატს სად ნახავდა "დიდი"? მათი საერთო მეგობარი ავოკატო ანიელი სამწუხაროდ დიდი ხნის გარდაცვლილია.

დეშამმა ძირითად შემადგენლობაში 5 ფეხბურთელი შეცვალა, მისმა საფრანგეთმა მოიგო და ფედერაციამ უმალვე ახალი კონტრაქტი გაუფორმა - 2016 წლის ზაფხულამდე... აი ასე.

"როგორც მწვრთნელს, მქონია კარგი პერიოდები, მაგრამ ეს რაღაც განსაკუთრებულია - საფრანგეთი მსოფლიოს ჩემპიონატზე მიდის. ორმაგად სასიამოვნო და სასიხარულოა ეს წარმატება პირველი ჩაგდებული მატჩის მერე. ქება ფეხბურთელებს ეკუთვნით, რომლებმაც ყველაფერი გაიღეს. მიზანი მიღწეულია. ეს ბევრს ნიშნავს მოთამაშეებისთვის, სტაფისთვის და მთლიანად ფრანგული ფეხბურთისთვის" - განაცხადა გახარებლმა დეშამმა.

ფრანკ რიბერის გოლი არ გაუტანია, მაგრამ გუნდის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო. ჩინებული მატჩი ჩაატარეს პოლ პოგბამ და იოან კაბაიმაც.
"უბედნიერესი ვარ და ალბათ ეს ჩემი კარიერის მატჩია. წარმოუდგენლად შემოვატრიალეთ სიტუაცია. ორბურთიანი სხვაობა აქამდე პლეი ოფში არავის მოუბრუნებინა. ვფიქრობ, რომ ბრაზილიაში გამგზავრება დავიმსახურეთ" - გვითხრა კაბაიმ.

ამბიციური და საოცარი ჟინით მოთამაშე პოგბა, როგორც ყოველთვის ძირითადად თავის თავზე ლაპარაკობდა: "მე ბრაზილიაში მივდივარ და მსოფლიოს ჩემპიონატზე ვითამაშებ! ეს ისეთი ბედნიერებაა, რომელსაც ვერ გადმოვცემ. ოცნება ამიხდა, ფანტასტიურია".

აქტუალურია დამირ სკომინა. ახალგაზრდა არბიტრებს შორის სლოვენიელი თითქოს ყველაზე გამოსარჩევია (ან იყო), მაგრამ მან ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა. ჯერ ქარიმ ბენზემას სუფთა გოლი არ ჩაუთვალა და ბევრს გაუელვა აზრად, ფრანგებს ირლანდიასთან პლეი ოფში უსამართლო მოგების გამო ახლა სჯიან და "ვალს უბრუნებენო". თუმცა ცოტა ხანში სკომინას ლაისმენითურთ ისევ უხეშად შეეშალა და ვალი მართლაც დაუბრუნა ფრანგებს - ბენზემამ აშკარა თამაშგარედან გაიტანა, იყო სხვა შეცდომებიც.

უკრაინელებზე ძალიან ცუდად იმოქმედა არტიომ ფედეცკისა და ალექსანდრ კუჩერის არყოფნამ. მიხაილ ფომენკოს დიდი არჩევანი არ ჰქონდა. ვიტალი მანძიუკს გაუჭირდა ფედეცკის სრულფასოვნად შეცვლა. ხოლო ევგენი ხაჩერიდიმ მეორე ტაიმის დებიუტში, მეორე ყვითელი მიიღო ჩქაროსნული მატარებელივით წინგაჭრილი რიბერის წაქცევისთვის და მისი გუნდიც გაიწირა.

"პირველ რიგში ძალიან დასანანია, რომ მუნდიალის საგზური პირდაპირ ჯგუფის გამარჯვებულის რანგში ვერ მოვიპოვეთ. პლეი ოფში თამაში ძალიან ძნელია, თან საფრანგეთის დონის გუნდთან. ფრანგებს ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრები ჰყავთ და ისინი ფანებთან ერთად გაღიზიანებულნი იყვნენ პირველი მატჩის მერე, რამაც გამოიწვია ეს არნახული გარემო სტადიონზე. ორი თამაშის ჯამში მეტოქემ გვაჯობა და ეს სიურპრიზი არ ყოფილა. კიევში მოგებით დაპირისპირება არ დამთავრებულა და პარიზში როგორც საჭირო იყო, ისე ვერ ვითამაშეთ, მარტო ეპიზოდური გამოღვიძებები გვქონდა. ვწუხვარ, რომ ორი მცველი გვაკლდა. ბიჭებთან ბევრს ვმუშაობდით იმაზე, რომ არასაჭირო ბარათები თავიდან აგვერიდებინა, მაგრამ საბოლოოდ, ამან ორივე შეხვედრაში გვაზარალა" - განაცხადა ფომენკომ.

ეს იყო მეხუთე წაგებული პლეი ოფი უკრაინელთათვის - აქედან 4-ჯერ მსოფლიოს ჩემპიონატზე, ხოლო ერთხელ ევროპის ჩემპიონატზე მიმავალი გზა ჩაეხერგათ. თუმცა პროგრესი არის... წინა 8 საპლეიოფო შეხვედრაში უკრაინას ერთი მოგებაც კი არ ჰქონდა, ამჯერად კი, ნავსი სანახევროდ მაინც გატყდა.

სხვათა შორის, მატჩის ბოლოს იყო სტუმართა ერთი დარტყმა, რომლის დროსაც ალბათ ფრანგებს ჟრუანტელმა დაუარათ და დეჟავუ განიცადეს... თითქმის ზუსტად 20 წლის წინ, 1993 წლის 17 ნოემბერს საფრანგეთისა და ბულგარეთის მატჩის ბოლო 90-ე წუთზე ემილ კოსტადინოვმა ეფექტური გოლი გაიტანა და "მამლების" ძალიან ძლიერი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი ჯგუფში ჩატოვა და 1994 წლის მუნდიალზე არ გაუშვა. ისტორია არ განმეორდა, ფრანგები ბრაზილიაში მიდიან - Vive la France!

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საფრანგეთი-უკრაინა 3:0 - ფრანგებს ეს შეუძლიათ [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული