მუნდიალზე, სადამდეც შევძლებთ - ინტერვიუ საბრი ლამუშთან

AutoSharing Option
კოტ დივუარის ნაკრებისგან უკვე წლებია, წარმატებას ელიან, მაგრამ "სპილოებს" საქმის ბოლომდე მიყვანა არ გამოსდით ხოლმე.

არადა, შემადგენლობა მართლაც მშვენიერია - დიდიე დროგბა, კოლო ტურე, იაია ტურე, ჟერვინიო, დიდიე ზოკორა, სეიდუ დუმბია, ლასინა ტრაორე, უილფრიდ ბონი, ჯივანი სიო, სალომონ კალუ...

"სპილოებისგან" სიურპრიზი 2014 წლის მუნდიალზე ნამდვილად არ იქნება გამორიცხული და ვნახოთ რას გვეტყვის საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი 42 წლის საბრი ლამუში, რომელიც კოტ დივუარს 2012 წლის მაისიდან თავკაცობს და ჯერჯერობით მშვენივრადაც

- უკვე წელიწადნახევარია კოტ დივუარის მთავარი მწვრთნელი ხართ. რას ფიქრობდით
როდესაც პოსტზე დაინიშნეთ?
- მე მგონი, ამას არავინ ელოდა, არც მე. პირველივე სამსახური მწვრთნელის რანგში სანაკრებო პოსტი იყოს იშვიათია და ადვილი არ არის. მით უმეტეს, თუ აფრიკის ერთ-ერთ უდიდეს ნაკრებზე ვსაუბრობთ. ერთ-ერთი მთავარი ამოცანა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლა გახლდათ და ბედნიერი ვარ, რომ მიზანს მივაღწიეთ. ეს ნიჭიერი საფეხბურთო ნაკრები ზედიზედ მესამედ ითამაშებს მუნდიალზე.

- როგორი იყო ადაპტაციის პერიოდი?
- მთავარია, შეეწყო ფეხბურთელებს, რომლებიც გყავს. ჩემი პირველი გამოწვევა იყო გუნდურობის უმაღლეს დონეზე გამტკიცება. ჩემი შეგირდებით სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი. შესაძლოა, ყველაფერი იდეალურად არ გახლდათ, მაგრამ შემდეგ ეტაპზე წაუგებლად გავედით. ყოველთვის ვცდილობდი საუკეთესო გამოსავალი და ბალანსი მეპოვნა.

"სპილოების" გულშემატკივრებს უნდათ, რომ ნაკრები ყველა მატჩს 4:0-ს იგებდეს, მაგრამ სამწუხაროდ, ასე არ გამოდის ხოლმე. აფრიკაში ადვილი მატჩები არ არის, ამას მაროკოს მაგალითიც მოწმობს. შეიძლება გამბიასთან და ტანზანიასთან დაგიცდეს ფეხი, რადგან ასეთი ნაკრებები შენთან დაპირისპირებას გამალებით ელოდებიან, ეს მათთვის წლის მატჩია. შემდეგ იყო სენეგალთან პლეი ოფი, რომელსაც აფრიკის თასის საკვალიფიკაციო პლეი ოფშიც შევხვდით და საბოლოო ჯამში მათთან დაუმარცხებლად ვითამაშეთ, 4 მატჩიდან 3 მოვიგეთ.

საბედნიეროდ, ქვეყნის ფეხბურთის ასოციაციას სწორი მიდგომა აქვს და სტაბილურობა უნდა. იმისთვის რომ კარგი შედეგები გქონდეს დრო გჭირდება, ნაკრებში კი ფეხბურთელებთან სამუშაოდ გაცილებით მცირე დრო გაქვს, ვიდრე კლუბში.

- სენეგალთან პლეი ოფი ახსენეთ. პირველი შეხვედრა შთამბეჭდავად მოიგეთ 3:1. თუმცა საპასუხო თამაში მძიმე გამოვიდა...
- საკუთარ კდელებში 4-5 ბურთის სხვაობით მოგება შეგვეძლო და გვმართებდა კიდევაც, მაგრამ არ გაგვიმართლა და ბოლო წუთზე აქეთ გავუშვით. ამის გამო, საპასუხო მატჩის წინ მეტოქეს 4 გოლის ნაცვლად უკვე ორიც ჰყოფნიდა. ამან სენეგალს თავდაჯერება შემატა და მეტოქემ მართლაც კარგი თამაში აჩვენა, მაგრამ ჩვენი მეკარე ბრწყინვალედ გამოიყურებოდა, ორი მატჩის ჯამში ნამდვილად დამსახურებულად ვიმარჯვეთ, გვქონდა ის უპირატესობაც, რომ ერთად უკვე 18 მატჩი ჩაგვეტარებინა და ყველა საგარეო შეხვედრაში გვქონდა გოლი გატანილი.

- რა იგრძენით, როდესაც საფინალო საასტვენის ხმა გაისმა?
- გამოვცოცხლდი. ნამდვილი წამება იყო მეორე ტაიმის ყურება. საერთოდ გამოთიშულნი ვიყავით თამაშიდან, ვერაფერს ვცვლიდით და სენეგალს ბოლოს კიდევ ჰქონდა შანსი. არ ვიცი რა იქნებოდა, რომ არა ჯოვანი სიოს ვარდნა. უკანასკნელ წუთზე კი, გავიტანეთ, ანგარიში გავათანაბრეთ და ფინალურ ეტაპზე წაუგებლად გავედით.

ძალიან სასიამოვნო შეგრძნება იყო ამ ნამდვილად საფეხბურთო ქვეყნის ზედიზედ მესამედ გაყვანა მსოფლიოს ჩემპიონატზე, თანაც ბრაზილიაში, ფეხბურთის სახლში.

- ეს მუნდიალი კოტ დივუარის ოქროს თაობის, რომელსაც დიდიე დროგბა მეთაურობს, ბოლო შანსია რაიმე გამორჩეულს მიაღწიოს...
- თუმცა კოტ დივუარი მსოფლიოს ჩემპიონატს ვერ მოიგებს... ჩვენ მართლაც გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც კარიერის დასასრულისკენ მიდიან და ზოგისთვის ეს მართლაც ბოლო მუნდიალი იქნება. ბევრი მათგანი მსოფლიოსთვის კარგადაა ცნობილი და მათთვის მაღალ დონეზე თამაში ჩვეულებრივი მოვლენაა. ეს ნაკრები აფრიკის თასზე ყოველთვის ფავორიტია, მაგრამ ტურნირი არასოდეს მოუგია. კოტ დივუარს ბევრი მუნდიალზეც ნაკლებ შანსს აძლევს, მაგრამ გუნდს ნამდვილად შეუძლია დიდი ნაკრებებისთვის პრობლემების შექმნა, მაგრამ ამისთვის 100%-ით უნდა დავიხარჯოთ.

- სადამდე შეგიძლიათ გასვლა მსოფლიოს ჩემპიონატზე?
- საკუთარ თავს ზღვრებს არ ვუწესებთ. ჩვენი ნომერ პირველი ამოცანა წინა ორ მსოფლიოს ჩემპიონატზე უკეთ გამოსვლა და ჯგუფური ეტაპის დაძლევაა. თუმცა ისიც ვიცით, რომ ეს ადვილი არ იქნება, რადგან ძლიერი კონკურენტები გვყავს. თუ ჯგუფურ ეტაპს გადავლახავთ, მერე ყველაფერი შესაძლებელია. მთავარია კონცენტრირებულნი ვიყოთ ჩვენს პირველ მატჩზე და კარგად მოვემზადოთ. კოტდივუარელ გულშემატკივრებს ჩვენი იმედი აქვთ და მათ სიამაყის საფუძველი უნდა მივცეთ.

- თქვენს ჯგუფში კოლუმბია, იაპონია და საბერძნეთი არიან. ეს წინა მსოფლიოს ჩემპიონატებთან შედარებით კოტ დივუარისთვის უკეთესი ჯგუფია.
- არც ისე ადვილი ჯგუფია. კოლუმბია შეიძლება მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი სიურპრიზი გახდეს. ვნახე კოლუმბიელთა თამაში ბელგიის წინააღმდეგ და მათი შემართებით აღვფრთოვანდი, ნიჭიერი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ნაკრებია. იაპონია აზიაში საუკეთესო გუნდია, ხოლო საბერძნეთი 10 წლის წინ ევროპის ჩემპიონი იყო, და დღესაც მშვენივრად თამაშობს, სასურველი შედეგის მიღწევა ეხერხება. ძალიან დაბალანსებული ჯგუფია, რომელშიდაც ჩვენთვის გადამწყვეტი იაპონიასთან პირველი მატჩი იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული