შეახტება მაქს მაიერი მუნდიალის მატარებელს?

AutoSharing Option
"ფეხბურთელი შეიძლება ძალიან ახალგაზრდა, მაგრამ იმდენად ნიჭიერი იყოს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე მისი წაყვანა, ფაქტობრივად, აუცილებელი გახდეს..." - ეს გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, იოახიმ ლიოვის ამასწინანდელი განცხადებაა.

სწორედ ასეთი პასუხი გასცა 54 წლის ბუნდესმწვრთნელმა კითხვას, უნდა ელოდოს თუ არა საფეხბურთო გერმანია მუნდიალზე გასამგზავრებელ შემადგენლობაში სიურპრიზებს.

ჩვენი გერმანელი კოლეგები დარწმუნებულები არიან, რომ ლიოვი უაღრესად ნიჭიერ ახალგაზრდა ფეხბურთელში, რომელიც შეიძლება მუნდიალის მატარებელს შეახტეს, პირველ რიგში, "შალკეს" 18 წლის შემტევ ნახევარმცველ მაქს მაიერს გულისხმობდა, რომელსაც ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში უკვე 5 გოლი აქვს გატანილი. ფაქტია,
რომ მაქსი ამ სეზონის უმთავრესი აღმოჩენაა და არა მარტო "შალკეში", არამედ ზოგადად, მთელ ბუნდესლიგაში გამოირჩევა.

მაქს მაიერის სასარგებლოდ მეტყველებს ისიც, რომ ჩემპიონთა ლიგაში რეგულარულმა თამაშმა მას საერთაშორისო გამოცდილებაც შესძინა. გაგახსენებთ, რომ 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის წინ ლიოვმა გაფართოებულ შემადგენლობაში 20 წლის იულიან დრაქსლერი დაასახელა; მარიო გიოტცეს, ტონი კროოსისა და თომას მიულერის სახით კი, დიდ ტურნირებზე ახალგაზრდა ფეხბურთელებს ყოველთვის ენდობა ხოლმე. თუ იოგი მაქს მაიერს ბრაზილიაში წაიყვანს, შალკელი ლუკას პოდოლსკის რეკორდს დაამხობს და გახდება გერმანიის ნაკრების ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი მათ შორის, ვისაც მუნდიალზე უთამაშია.

"თუ მაქსი ასე გააგრძელებს, ნამდვილად აქვს იმის შანსი, რომ ლიოვმა მსოფლიოს ჩემპიონატზე წაიყვანოს. თანაც, ჩემი აზრით, ასეთი მონაცემების მქონე ფეხბურთელი გერმანიის ნაკრებს არ ჰყავს,"
- აცხადებს ოლაფ ტონი, რომელიც 1986 წლის მუნდიალზე 20 წლის ასაკში წაიყვანეს.

გელზენკირხენული კლუბის მენეჯერი ჰორსტ ჰელდტი კი ამბობს, დარწმუნებული ვარ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრებში სამი შალკელი ითამაშებსო - ჰელდტი ჰიოვედესს, დრაქსლერსა და მაიერს გულისხმობს.

გერმანიის ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებმაც დიდ სანაკრებო ტურნირებზე იასპარეზეს

ფეხბურთელი ასაკი ტურნირი
1. ლუკას პოდოლსკი 19.02 ევრო 2004
2. კარლ-ჰაინც შნელინგერი 19.19 მუნდიალი 1958
3. ლოთარ მათეუსი 19.23 ევრო 1980
4. ლეოპოლდ ნოიმერი 19.32 მუნდიალი 1938
5. ედმუნდ კონენი 19.54 მუნდიალი 1934
6. ბასტიან შვაინშტაიგერი 19.86 ევრო 2004
7. ულრიხ ბიზინგერი 19.86 მუნდიალი 1954
8. მარიო გიოტცე 20.01 ევრო 2012
9. ოლაფ ტონი 20.08 მუნდიალი 1986
10. კრისტიან ვიორნსი 20.08 ევრო 1992
11. რაინერ ბონოფი 20.21 ევრო 1972
12. სებასტიან დაისლერი 20.43 ევრო 2000
13. ტონი კროოსი 20.43 მუნდიალი 2010
14. ული ჰიონესი 20.44 ევრო 1972
15. ბერნდ შუსტერი 20.47 ევრო 1980
16. მარსელ იანსენი 20.59 მუნდიალი 2006
17. ფილიპ ლამი 20.59 ევრო 2004
18. თომას მიულერი 20.74 მუნდიალი 2010
19. პაულ ბრაიტნერი 20.77 ევრო 1972
20. ფრანც ბეკენბაუერი 20.83 მუნდიალი 1966

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული