დიდი 10. IV ტური: პირველად სამი წლის შემდეგ

AutoSharing Option
ბოლო წლების საქართველოს ჩემპიონატის "დაუძინებელი მტრების", "ლელოსა" და "ლოკომოტივის" დაპირისპირება ტრადიციულად საინტერესო, დაძაბული და დრამატული გამოდგა. აღსანიშნავია, რომ რკინიგზელთა გუნდმა საქართველოს ჩემპიონატში "ლელოს" ბოლოს 2014 წლის 25 მარტს მოუგო - 16:13. მას შემდეგ ყველაზე ტიტულოვანი ქართული გუნდი ლელოელებთან მუდამ მარცხდებოდა.

"ლოკომოტივმა" ნავსი გატეხა და საგრძნობლად გაახალგაზრდავებული და სახეცვლილი "ლელო" მისსავე მოედანზე 23:15 დაამარცხა. თამაშის მიმდინარეობით თუ ვიმსჯელებთ, ადვილი შესაძლებელი იყო, რკინიგზელებს ეს შეხვედრა წაეგოთ კიდეც ან სულაც, გაცილებით დიდი სხვაობით მოეგოთ.

პირველ ტაიმში შერკინების ხარჯზე "ლოკომოტივი" საგრძნობ სათამაშო და ტერიტორიულ
უპირატესობას ფლობდა. თავად განსაჯეთ, "ლელომ" პირველად მეტოქის 22-მეტრიან ზონაში 30-ე წუთზე შეაღწია. მიუხედავად ამისა, ფულბეკ ბექა წიკლაურის მიერ მე-10 წუთზე გატანილი არეკნი 35-ე წუთამდე რკინიგზელთა ერთადერთი მონაგარი იყო.

"ლელოს" დაცვა სწორედ 35-ე წუთზე გატყდა. "ლოკომოტივის" მორიგი იერიშისას მასპინძლები თამაშგარეს წესის დარღვევისთვის დაჯარიმდნენ. წიკლაურმა ჩათვლის მოედნიდან ხუთ მეტრში საჯარიმო სწრაფად გაათამაშა და ბურთი შერკინების კვაჭ დავით ხიდეშელს გაატანა, რომელმაც ლელოში დაამიწა. წიკლაურს, რომელმაც იქამდე ორი საჯარიმო გააცუდა, გარდასახვა არ გასჭირვებია - 10:0.

"ლელომ" მეტოქეს ანალოგიური პასუხი ერთ წუთში გასცა. თამაში ცენტრიდან ახალი განახლებული იყო, როცა ლოკომოტიველებმა მოედნის საკუთარ ნახევარზე შეცდომა დაუშვეს. ლელოელებმა ბურთი მარცხნივ, გრძელ ფრთაზე ჩაათამაშეს. მგეზავმა მერაბ კვირიკაშვილმა მეტოქის ხაზი გაჭრა და ბურთი ლელოსკენ ფეხით შეაცურა. იქ ყველას "ლელოს" გარემარბმა აკაკი ტაბუცაძემ დაასწრო. გარდასახვა ირაკლი ყიასაშვილმა ზუსტად დაარტყა და სხვაობა სამ ქულამდე შეამცირა - 7:10. ასე დასრულდა პირველი ტაიმი.

შესვენების შემდეგ, საწყის ათ წუთში თამაშის სურათი არ შეცვლილა. უპირატესობას ისევ რკინიგზელები ფლობდნენ. 45-ე წუთზე წიკლაურმა საჯარიმოთი კიდევ უფრო დააწინაურა თავისიანები - 13:7. ამის შემდეგ "ლელო" მთლიანად გარდაისახა, ათამაშდა. მალე ლელოელთა შეტევა მერაბ კვირიკაშვილმა შესანიშნავი ლელოთი დაასრულა, თუმცა, ყიასაშვილს გარდასახვა გაუცუდდა და ჩამორჩენა მხოლოდ ერთ ქულამდე შემცირდა - 12:13.

სამ წუთში "ლელო" პირველად დაწინაურდა. ყიასაშვილმა ამჯერად, საჯარიმო გაიტანა - 15:13. ეს მატჩის 56-ე წუთზე მოხდა.

ანგარიში თამაშის 76-ე წუთამდე არ შეცვლილა. ყიასაშვილს "ლელოს" კიდევ უფრო დაწინაურება შეეძლო, მაგრამ საჯარიმო ვერ გამოიყენა. სამაგიეროდ, შანსი ხელიდან არ გაუშვა წიკლაურმა და "ლოკომოტივი" ისევ წინ გაიყვანა - 16:15.

თამაშის დასრულებას სამი წუთი აკლდა. "ლელო" უტევდა. ბურთი ხაზზე გაიტანეს. კვირიკაშვილმა შეტევის გაგრძელება მარცხენა ფრთაზე გადაწყვიტა, მაგრამ მისი გადაცემა "ლოკომოტივის" შუამარბმა ვახტანგ კავთიძემ ჩაჭრა და ლელომდე 60 მეტრი ირბინა. წიკლაურმა გარდასახა - 23:15. დარჩენილ დროში "ლელომ" ვერც მატჩის გადარჩენა შეძლო და ვერც საპრემიო ქულას გამოჰკრა ხელი.

ლელო-ლოკომოტივი 15:23
ლელო (15-9): ყიასაშვილი, ხეცოიძე, თოდუა, გავაშელიშვილი, ტაბუცაძე, კვირიკაშვილი (მამუკაშვილი 79), ახობაძე; (1-8): ლორთქიფანიძე (მაჭარაშვილი 79), მამისაშვილი (ზამთარაძე 14), სიმონიშვილი (დუგლაძე 41), ხორბალაძე (გრიგალაშვილი 79), კვაჭაძე (ბუბუტეიშვილი 44), მამამთავრიშვილი, ბერიაშვილი, საღინაძე.
2 ლ - ტაბუცაძე, კვირიკაშვილი. ს, გ - ყიასაშვილი
სინბინი: ხორბალაძე
ლოკომოტივი (15-9): ჩიღვინაძე, გოგოლაშვილი, ნიკოლავა, კავთიძე, შკინინი, წიკლაური, ბეგაძე; (1-8): ვ. ქვათაძე (გოგიჩაშვილი 61), ხიდეშელი (ი. ქვათაძე 61), კაკაურიძე (ქართველიშვილი 61), დარასელია, გეგია (ტურაშვილი 61), ფოფხაძე, გასვიანი, ამირანაშვილი
2 ლ - ხიდეშელი, კავთიძე. 2 გ, 2 ს, ა - წიკლაური
მსაჯი: ნიკა ამაშუკელი

* * *
საქართველოს მოქმედი ჩემპიონი სტარტზე განცდილი მარცხის შემდეგ ნელ-ნელა იბრუნებს სატურნირო ცხრილში მისთვის შესაფერის ადგილს. გორში "არმიამ" მასპინძლებს წინააღმდეგობა მხოლოდ ერთ ტაიმში გაუწია. "ჯიქმა" მხოლოდ ერთი ლელოს გატანა შეძლო, შესვენების შემდეგ კი ჩემპიონების უპირატესობა ანგარიშშიც სათანადოდ აისახა.

ჯიქი-არმია 33:3
ჯიქი: 4ლ - საჯარიმო, სუხაშვილი, წიკლაური, დ.კიკნაძე. 3ს - ნინიძე (2), ბროძელი. გ - ნინიძე.
არმია: ს - მახარაშვილი.
მსაჯი: თორნიკე გვირჯიშვილი

* * *
"ხარების" ეპოპეა ისევ გრძელდება - ოთხი მატჩიდან ოთხი გამარჯვება. ასეთი სტარტი რუსთავურ გუნდს არასდროს ჰქონია. "ხარებმა" ამჯერად თბილისის "აკადემიას" უმასპინძლეს და ისევ მძიმე, დაძაბულ ბრძოლაში გაიმარჯვეს. აღსანიშნავია, რომ მასპინძლები პირველ ტაიმში აგებდნენ კიდეც, მაგრამ ისევ მოახერხეს საკუთარი ძალების კონცენტრირება და მორიგი გამარჯვება მიითვალეს.

ხარები-აკადემია 17:11
ხარები: 2ლ - ნათელაშვილი, ქანდაურაშვილი. 2გ, ს - მჭედლიშვილი
აკადემია: ლ - ხელია. 2ს - მოძღვრიშვილი, მათიაშვილი.
მსაჯი: სულხან ჩიხლაძე

* * *
მიმდინარე გათამაშებაში პირველი გამარჯვება მიითვალა მარნეულის "არმაზმა". "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" მისი მეტოქე აუტსაიდერი ქუთაისის "ბაგრატი" იყო. ბრძოლა აქაც პირველ ტაიმში შედგა, რომელიც ფრედ, 12:12 დასრულდა. მეორე ნახევარში არმაზელებმა იმძლავრეს და ბოლო 30 წუთის განმავლობაში მთლიანად დომინირებდნენ. მათ პირველ ტაიმში გატანილ ორ ლელოს კიდევ სამი მიუმატეს და საპრემიო ქულაც აიღეს.

არმაზი-ბაგრატი 33:12
არმაზი: 5ლ - გიგაური, კვესელაძე, წიკლაური, გუგეშაშვილი, თაგაური. 4გ - ჯინჭველაშვილი
ბაგრატი: 2ლ - საკანდელიძე, ბალანჩივაძე. გ - ოდიშარია.
მსაჯი: საბა აბულაშვილი

* * *
ყველაზე დიდი მოულოდნელობა "ბათუმის" მარცხი გამოდგა შინ ქუთაისის "აიასთან" - 10:23. ქუთათურებმა ამ მოგებით დაამტკიცეს, რომ ძალა შესწევთ, ნებისმიერი მეტოქე დაამარცხონ და ჩემპიონობისთვის იბრძოლონ. აღსანიშნავია, რომ ბოლო წუთამდე "აია" 23:3 იგებდა და მხოლოდ მატჩის მიწურულს შეძლეს ბათუმელებმა პრესტიჟის ლელოს გატანა. შედეგად, ახლა საქართველოს ჩემპიონატში დაუმარცხებელი ორი გუნდიღა დარჩა - "აია" და "ხარები".

ბათუმი-აია 10:23
ბათუმი: ლ - ფუტკარაძე. ს,გ - კობახიძე.
სინბინი: თუთბერიძე
აია: 2ლ - აბრამიძე, ლომიძე. 2ს,2გ,ა - ბაბუნაშვილი.
სინბინი: რევიშვილი.
მსაჯი: გია ამირხანაშვილი

დიდი 10. V ტური
აკადემია-ლელო, ლოკომოტივი-ბათუმი, აია-ჯიქი, არმია-არმაზი, ბაგრატი-ხარები.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული