დიდი 10: "ხარები" - "არმაზი" 17:22

AutoSharing Option
მარნეულის ‘არმაზმა’ რუსთავში ადგილობრივ ‘ხარებს’ ლამაზ სტილში, 22:17 აჯობა და 6-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.

ეს იყო თამაში, რომელიც რაგბის გულშემატკივრის გემოვნებას სრულად დააკმაყოფილებდა: მაღალი ტემპი, ხელდახელ ბურთაობა, შესანიშნავი გარღვევები და ლელოები, დაძაბულობა, რომელიც ბოლოს ზღვარს გასცდა და მოედანზე ხელჩართული ჩხუბი გაიმართა.

სანახაობრივი თამაში პირველივე წუთებიდან გაჩაღდა, თუმცა პირველი ორი ლელო ძალისმიერ სტილში გავიდა. მე-3 წუთზე ‘ხარების’ მოლი 5 ქულით ბიძინა ჯიმშიტაშვილმა დაასრულა. ‘არმაზი’ სათამაშო ინიციატივას დაეუფლა და რადგან ხელსაყრელი მდგომარეობიდან ჯარიმა გაუცუდდა, ლელოზე ირჩია თამაში. ამჯერად მათ ტექნიკური წუნი შეემთხვევათ,
თუმცა დომინირება შედეგის მომტანი ტაიმის შუაში აღმოჩნდა და ამჯერად ლელოთი მათი მოლი დასრულდა. თავი ბესო ბარბაქაძემ გამოიჩინა, გარდასახვა კი აქაც არაზუსტი იყო.

ჯარიმებზე უარი რუსთაველებმაც თქვეს და 26-ე წუთზე 7-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს. დერეფანში ბურთის მოგების შემდეგ, თამაშის გამწვავება საკუთარ თავზე გურამ ქანდაურაშვილმა აიღო, ფინტებით მცველებს შორის გაძვრა და 5 ქულა მიითვალა, ხოლო გიორგი ბასილაიამ გარდასახა.

პასუხმა არ დაიგვიანა, ‘არმაზმა’ თავისუფალი გაითამაშა, ბურთი ფლანგზე გაშალა, სანდრო სვანიძემ შებრუნებული პასი შეირგო, მაღალ სისწრაფეზე ხაზი გაჭრა და ლამაზი ლელო გაიტანა. კარში დარტყმა ლუკა დვალიშვილმა ითავა და წონასწორობა აღადგინა. ტაიმის ბოლოს სტუმრებმა კიდევ ერთი ლამაზი კომბინაცია გაითამაშეს, რომელშიც თითქმის მთელი უკანა ხაზი იღებდა მონაწილეობას და ნიკა წიკლაურმა ლელოთი მარნეულელები დააწინაურა - 17:12.

მეორე ტაიმში დიდი ხნის განმავლობაში აღარ შეცვლილა. 64-ე წუთზე ‘ხარებმა’ ანგარიში გაათანაბრა, კარის წინ 5 მეტრში დანიშნული შერკინებიდან ბურთი თორნიკე აქუბარდიამ გაიტანა, ბასილაიამ გრძელი პასით ზურა ქავთარაძე მოძებნა, რომელიც მცველებს უყურადღებოდ დარჩათ და მას ლელოს გატანა არ გაჭირვებია. გარდასახვა არაზუსტი იყო და მასპინძლებმა დაწინაურების შანსი ხელიდან გაუშვეს.

‘არმაზს’ უპირატესობის დაბრუნება 71-ე წუთზე შეეძლო, მაგრამ რეზი ჯინჭველაშვილმა 40 მეტრიდან ჯარიმა ააცილა. სამაგიეროდ, 2 წუთში კიდევ ერთი ლამაზი ლელო გავიდა. საწყის ეტაპზე ხაზი კობა ჯიმშელეიშვილმა გაჭრა და კარგად იარა, უკვე 22-ში ‘ხარების’ ფულბეკმა ლევან ნარიმანიძემ სალელოვე გადაცემა ჩაჭრა და ბურთი ფეხით მოიგერია, მაგრამ ის 40-მეტრიანთან სანდრო სვანიძის ნადავლი გახდა, რომელიც მარცხენა ფლანგზე სამ მბოჭავს გაექცა და 5-მეტრიან წყვეტილთან სალელოვე ოფლოუდი ბადრი ლიპარტელიანს ამოუგდო.

‘ხარებმა’ საპასუხო ლელოს გასატანად შეუტია და 22-შიც შევიდა, მაგრამ გადაცემა გიორგიკვესელაძემ ჩაჭრა და დაახლოებით 80 მეტრი ირბინა. ლელო გარდაუვალი ჩანდა, თუმცა რუსთაველებმა წითელ ზოლში მისი შებოჭვა მოახერხეს. რამდენიმე წამში სიტუაცია დაიძაბა და მოედანზე ხელჩართული ჩხუბი ატყდა. რეფერიმ ‘არმაზელი’ ოთარ მინაშვილი სინბინით, ხოლო რუსთაველი გურამ ქანდაურაშვილი წითელი ბარათით დასაჯა. ამ ეპიზოდს მოგვიანებით სადისციპლინო კომისია განიხილავს.

რაც შეეხება მატჩს, დარჩენილ 2 წუთში ანგარიში აღარ შეცვლილა, ‘არმაზმა’ 22:17 იმარჯვა და საფლეიოფო ექვსეულში შესვლის შანსი შეინარჩუნა.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული