თბილისის "ლოკომოტივმა" მარნეულის "არმაზს" დასკვნით 15 წუთში ორი ლელო გაუტანა, 22:13 დაამარცხა და ბონუს-ქულით მოგების შემდეგ, მინიმუმ ერთი დღით პირველ ადგილზე აღზევდა.
"რუსთავი არენაზე" გამართული მატჩის მოგების შემთხვევაში მარნეულელები ექვსეულში შესვლის შანსს შეინარჩუნებდნენ და საათზე მეტხანს გმირულად იბრძოლეს, თუმცა კარგად დაწყებული საქმის ბოლომდე მისაყვანად დენთი არ ეყოთ და გამარჯვება ფავორიტს დარჩა.
ანგარიში მე-16 წუთზე მასპინძლებმა გახსნეს - რეზი ჯინჭველაშვილმა 40 მეტრიდან არეკნი გაიტანა. "ლოკომოტივმა" ტემპს მოუმატა და თანმიმდევრულად უტია, თუმცა "არმაზი" თავს კარგად იცავდა და მეტოქეს დაახლოებით
ბექა წიკლაურის აცილებულ გარდასახვას ჯინჭველაშვილის გაფუჭებული ჯარიმა მოყვა, ხოლო 32-ე წუთზე "არმაზმა" უპირატესობა დაიბრუნა. ბექა ფრუიძის ფეხით შეცურებულ ბურთზე შკინინს, ან ლაშა გედეხაურს უნდა ეთამაშათ, მაგრამ მცველებმა ერთმანეთს ვერ გაუგეს და თავისუფალი ბურთი თავად ფრუიძემ დაამიწა. ჯინჭველაშვილმა რთული პოზიციიდან ძელის გავლით გარდასახა, მეორე ტაიმის დასაწყისში ჯარიმა გაიტანა და მასპინძლები 13:5 დააწინაურა.
"ლოკომოტივი" გამოფხიზლდა და ორიოდე წუთში ფარნა გასვიანის ლელოთი უპასუხა. მცველებმა სტუმართა მოლი კი შეაჩერეს, მაგრამ ფორვარდის ახლოდან მიძალებას წინ ვეღარ აღუდგნენ. წიკლაურს გარდასახვა კვლავ გაუცუდდა და სხვაობა მხოლოდ 3 ქულამდე შემცირდა.
ეს ანგარიში 64-ე წუთამდე შენარჩუნდა, მერე კი, მასპინძლებმა უხეში შეცდომა დაუშვეს და რკინიგზელებს პირველი ტაიმის "ვალი" დაუბრუნეს. თავიდან "ლოკომოტივი" შეცდა და მეტოქის ლელოს სიახლოვეს საკუთარ დერეფანში ბურთი დაკარგა, მაგრამ მას ვერც მცველები გაუფრთხილდნენ, ლელოში დაუვარდათ და გიორგი ცუცქირიძემ დამიწება არ დააგვიანა. ამჯერად წიკლაურიც ზუსტი იყო. შეხვედრის მიწურულს სტუმრებმა შერკინებიდან გაშალეს შეტევა, ფლანგზე კვლავ შკინინი გაიქცა, მიმდინარე სეზონში თავისი მე-13 ლელო გაიტანა და "ლოკომოტივს" 22:13 მოგებით ბონუსიც მოუტანა.
ქუთაისის "აიას" პირველი ადგილის დაბრუნების შანსი ხვალ ექნება, როდესაც "აია არენაზე" თანაქალაქელ "ბაგრატს" შეხვდება. ხვალვე გორში "ჯიქი" თბილისის "აკადემიას" ეთამაშება.
მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით