ფოტო: გოგიტა ბუხაიძე
დიდი 10-ის მესამე ტურის პირველ მატჩში, "ბათუმმა" თბილისის "ლელო-სარასენსს" მისსავე "ლელო არენაზე" 26:13 მოუგო და მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი აგემა.
თამაში მასპინძლების შეტევებით დაიწყი და მალევე მერაბ კვირიკაშვილმა ჯარიმით ანგარიში გახსნა. მამუკა ნინიძემ ჯარიმითვე ტაიმის შუაში უპასუხა. კვირიკაშვილმა თავისიანები 26-ე წუთზე კიდევ ერთხელ დააწინაურა, თუმცა საპასუხო შეტევისას სანდრო მამამთავრიშვილი სახიფათო ბოჭვისთვის სინბინით დაისაჯა და ნინიძემ შორეული დარტყმით წონასწორობა მეორედ აღადგინა.
თამაშის განახლებისთანავე ლელოელებმა საკუთარ 22-ში შეცდომა დაუშვეს, "ბათუმმა" 5-მეტრიან შერკინებაში მეტოქეს უკან
მეორე ტაიმის დასაწყისში "ბათუმმა" ჯარიმა გამოიმუშავა და ნინიძემ საშუალო დისტანციიდან სტუმართა უპირატესობა 17 ქულამდე გაზარდა. "ლელო-სარასენსმა" 55-ე წუთზე მოახერხა საპასუხო ლელოს გატანა. სოსო მათიაშვილმა ფეხით შესანიშნავად ითამაშა, დიდი მანძილი მოიგო და საკუთარ გუნდს 5-მეტრიანთან დერეფნის აგდების უფლება მოუპოვა. რამდენიმე დარტყმის შემდეგ ნიკა სვიმონიშვილმა რაქიდან აიტაცა ბურთი და ძელებსშუა გადადო, კვირიკაშვილმა კი გარდასახა და სხვაობა 10 ქულამდე შემცირდა.
თბილისელებმა წნეხი გააძლიერეს და მეტოქის 22-ში რამდენიმე წუთი გაატარეს, მაგრამ ქულის აღება ვერ მოახერხეს. სამაგიეროდ "ბათუმმა" არ გაუშვა შანსი ხელიდან, მეტოქის ნახევარზე ჯარიმა გამოიმუშავა და ნინიძემ დარტყმა უნაკლოდ შეასრულა. "ლელო-სარასენსი" გარდატეხის შეტანას ცდილობდა, მაგრამ 70-ე წუთზე მამამთავრიშვილმა მეორე ყვითელი და შესაბამისად, წითელი ბარათი მიიღო.
დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა, "ბათუმმა" მატჩი 26:13 მოიგო და მინიმუმ კვირამდე სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე იქნება.
მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით