25 წლის გიორგი გოგლიძემ რაგბიში პირველი ნაბიჯები დაახლოებით 12 წლის წინ, სამხატვრო აკადემიის კლუბ "აკადემიაში" გადადგა და დღემდე მისი ერთგულია. ეს ერთგულება მას ორი წლის წინ "დიდი პატივით" დაუფასდა და ბოლო ორი სეზონია მშობლიური გუნდის კაპიტანია.

ის რაგბით ადრეული ასაკიდან დაინტერესდა. თავის ტოლებთან შედარებით ტანით "დიდ ბიჭს", სპორტის ეს ვაჟკაცური სახეობა ძალიან მოსწონდა, თუმცა თამაში ოდნავ გვიან, 13-14 წლისამ დაიწყო:

„რაც თავი მახსოვს, სულ მინდოდა რაგბი მეთამაშა და 2007 წელს, როდესაც მსოფლიო თასზე საქართველოსა და ირლანდიის ნაკრებების საოცარ მატჩს ვუყურე, გადაწყვეტილება მივიღე! არასდროს დამავიწყდება ის ემოციები, რომელიც მაშინ მქონდა – როგორ ერთ მუშტად შეკრულნი იბრძოდნენ ჩვენი ნაკრების მორაგბეები გამარჯვების ლელოს გასატანად და მალევე ჩემს მეგობარს, რომელიც რაგბიზე "აკადემიაში" დადიოდა, ვარჯიშზე გავყევი“ – იხსენებს გიორგი გოგლიძე, რომელმაც ვარჯიში ლევან ობოლაძის ხელმძღვანელობით დაიწყო და დღესაც მისი თავკაცობით, ოღონდ უკვე კაცთა გუნდში თამაშობს.

მაშინ "აკადემია" დღევანდელი ახალი სპორტის სასახლის ტერიტორიაზე, უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მდებარე მოედანზე ვარჯიშობდა და გიორგი იმ პერიოდსაც მოესწრო, როდესაც რაგბის პრაქტიკულად არაფერი ჰქონდა:

„როგორიც უნდა ყოფილიყო პირობები, მაშინვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ რაგბიში ბოლომდე დავრჩებოდი. კარგია, რომ სიტუაცია შეიცვალა და დაახლოებით 2-3 წელიწადში გაჩნდა მოედნები, გასახდელები და საშხაპეები. დღეს "აკადემიას" უკვე საკუთარი სტადიონი და ბაზა აქვს“.

საფრანგეთში წაუგებელი სერიით

გამორჩეული ფიზიკური მონაცემების მორაგბეს მონდომება მალევე დაუფასდა და საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრებში მოხვდა, რომელიც საფრანგეთში ორი ტურნირის გასამართად გაემგზავრა და შინ დაუმარცხებელი დაბრუნდა:

„ფრანგულმა ტურნემ რაგბი კიდევ უფრო შემაყვარა. ეს ჩემი პირველი გასვლა იყო საქართველოს ფარგლებს გარეთ. ვითამაშეთ ორ ტურნირზე, რომელთაგან ერთ-ერთს არაოფიციალურ მსოფლიოს ჩემპიონატს ეძახდნენ, რადგან მასში პლანეტის წამყვანი სარაგბო ქვეყნების წარმომადგენლები თამაშობდნენ. ახალი ზელანდიის გუნდსაც კი მოვუგეთ! სულ 18 თამაში ჩავატარეთ და მათგან მხოლოდ ერთი დავასრულეთ ფრედ, დანარჩენებში კი გამარჯვება მოვიპოვეთ. ეს ძალიან დიდი გამოცდილება იყო. მაშინ პირველად ვნახე, როგორი იყო მწვანე მოედანი და როგორ დადიოდა ხალხი რაგბის საყურებლად“.

პირველი ნაბიჯი ელიტაში

გოგლიძე მალე ჯერ საქართველოს 17 და მერე 18-წლამდელთა (2012 წელს) ნაკრებში მოხვდა. რაგბი ევროპამ იმ წელს 4-წლიანი ექსპერიმენტი დაიწყო და ნამდვილი 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი მოაწყო, რომელშიც ექვსი ერის (ინგლისი, საფრანგეთი, ირლანდია, უელსი, შოტლანდია, იტალია) წარმომადგენლებთან ერთად, ეგრეთ წოდებული მეორე ეშელონის ქვეყნებიდან ორი საუკეთესო თამაშობდა.

ქართველმა ახალგაზრდებმა მაშინ პირველად დაანახეს ევროპის წამყვან ქვეყნებს, რომ მათზე ნაკლებნი არაფრით იყვნენ:

„17-წლამდელთა შესარჩევი ტურნირი რუმინეთში მარტივად მოვიგეთ და მომდევნო წელს გავემგზავრეთ ევროპის ჩემპიონატზე. პირველი შეხვედრა ინგლისთან გვქონდა, რომელთან სათამაშოდ გასვლაც კი, ცოტა ხნის წინ შეუძლებლად მიგვაჩნდა. მეორე თამაშს უკვე სხვა განწყობით შევხვდით. მეტოქე იტალიის ნაკრები იყო და მე ის შეხვედრა ვერ დავასრულე, რადგან თვალის ტრავმა მივიღე. იყო წითელი ბარათიც, მოტეხილობაც და საბოლოოდ მოედანზე 12-ნი დავრჩით, თუმცა ბოლო წუთზე გამარჯვების ლელო მაინც გავიტანეთ და მოვიგეთ!“ – იხსენებს გოგლიძე, რომელმაც გამარჯვების შესახებ საავადმყოფოში შეიტყო:

„მოედნიდან პირდაპირ საავადმყოფოში გამაქანეს და ოპერაცია გამიკეთეს. სწორედ ოპერაციის დასრულების შემდეგ გავიგე, რომ იტალია დავამარცხეთ და ისეთი ბედნიერი ვიყავი, ტკივილი აღარ მახსოვდა. ამ მოგებამ დაგვანახა, რომ მსგავს გუნდებთან თამაში შეგვეძლო და ბოლო შეხვედრა ბიჭებმა ძალიან მაგრად ჩაატარეს, თუმცა შოტლანდიის ძლევამდე სულ ცოტა დააკლდათ. რაც მთავარია, მაშინ უძლიერესებს შორის დავრჩით და ამ გამოცდილებამ მომავალში 19 და 20-წლამდელთა ნაკრებებში იჩინა თავი“.

„ბიჭები მუდამ ზურგს მიმაგრებენ“

"აკადემიამ" მიმდინარე სეზონის განვლილი ნაწილი წინა წლებზე უკეთ ჩაატარა, 14 თამაშიდან 8 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და 38 ქულით მე-5 ადგილზეა. ის ლიდერებს 10 ქულით ჩამორჩება, უახლოეს მდევარს 9 ქულით უსწრებს და პლეი-ოფში თამაშიც, პრაქტიკულად, განაღდებული ჰქონდა.

გოგლიძე ფიქრობს, რომ გუნდის წარმატების საწინდარი მეგობრული ატმოსფეროა:

„აკადემიაში" მისვლის დღიდან მივხვდი, რომ ის ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა. აქ ძალიან ბევრი მეგობარი შევიძინე და იმ პერიოდიდან კაცთა გუნდში ახლა 4-5 მოთამაშე ვართ. "აკადემია" ჩემთვის, ფაქტობრივად, ყველაფერია და სხვა გუნდში თამაში ვერც წარმომიდგენია“.

„გუნდი დიდი ფინანსური შესაძლებლობებით არ გამოირჩევა და შეძლებული კლუბები, პრაქტიკულად, ყოველ წელს გვართმევენ მოთამაშეებს, შევსებას კი ჩვენი კლუბის აღზრდილებიდან ვიღებთ. ეს კლუბის ხელმძღვანელობის დამსახურებაა, რადგან მათ შეძლეს სისტემის აწყობა, მეგობრული ატმოსფეროს შექმნა. წინა წლებში დიდ 10-ში დასარჩენად ვიბრძოდით, თუმცა წელს კარგი სეზონი გვქონდა, პლეი-ოფში პრაქტიკულად გასულები ვიყავით და დიდი მიზნები გვქონდა. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ამაში ხელი ვირუსმა შეგვიშალა და მომავალში რა იქნება, არავინ იცის“.

გიორგი, რომელსაც კლუბისადმი ერთგულება დაუფასდა და აგერ, უკვე მეორე წელია გუნდის კაპიტანია, ფორმის შესანარჩუნებლად სხვა დანარჩენებივით სახლის პირობებში ვარჯიშობს და მოედანზე დაბრუნებას ელოდება:

„ბიჭებს ჯგუფი გვაქვს შექმნილი, სადაც ერთმანეთს ვამხნევებთ და ვარჯიშებს ვუზიარებთ. მე ამ გუნდის კაპიტანი ვარ, რაც უდიდესი პასუხისმგებლობაა, თუმცა, როდესაც ზურგს უკან ჩემი მეგობრების მხარდაჭერას ვგრძნობ, ყველაფერი იოლდება. მადლობელი ვარ მთავარი მწვრთნელის, ლევან ობოლაძის, რომელიც ბავშვობიდან მიცნობს და ასეთი ნდობა გამომიცხადა“.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

crocobet დიდი 10 სენსაციით გაიხსნა, სინი პატარძეულში წავიდა
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს
18 წ. | ხუთი ცვლილებით ნიდერლანდებთან
ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო
გიორგი შერმადინის "ტენერიფეს" მძიმე ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება ლიგა ენდესაში
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" მორიგი წარმატება და მეექვსე გამარჯვება თურქეთის სუპერლიგაში
კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
ნორვეგიის ჩემპიონატის მატჩისას ტრიბუნა ჩაინგრა
საქართველოს ნაკრები ავსტრიასთან დამარცხდა
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0-2 დინამო (თბ). ჰაერივით საჭირო 3 ქულა
"იწყება ერა ახალი?" - რომანო ალისონზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
სათადარიგო ლოჩოშვილი და "კიოლნის" მარცხი "ბაიერთან"
[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა
გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა - "მონცამ" ზედიზედ მეოთხე მარცხი განიცადა
[VIDEO] კოხტა თავური - ზივზივაძე ნაკრებში გოლით მოდის
გაფრინდაშვილის გმირობა და რუსთავის ზედიზედ მე-4 გამარჯვება
"ახალგაზრდა ფეხბურთელებმა სოც.ქსელების გამოყენებაზე უარი უნდა თქვან" - "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი
[VIDEO] სტეფ კარის მორიგი შოუ - ბითაძის "ორლანდო" "გოლდენ სტეიტთან" დამარცხდა
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
კრიშტიანო რონალდოს ვაჟი პორტუგალიის 17-წლამდელთა ნაკრებში პირველად გამოიძახეს