"ბათუმი" "დიდი 10"-ის ფინალშია

AutoSharing Option
"ბათუმმა" "ყოჩებს" შესარჩევ ფინალში, დაძაბულ მატჩში 16:7 სძლია და 2021/2022 წლების დიდი 10-ის საჩემპიონო მატჩში თამაშის უფლება მოიპოვა.

ნიკა ბიწაძის წითელი ბარათით გაძევების შემდეგ, ბოლნისის ‘ყოჩებმა’ 71 წუთი კაცნაკლულმა გაატარა. მიუხედავად ამისა, ისინი ბოლომდე დარჩნენ ბრძოლაში და ზღვისპირელებმა გადამწყვეტი უპირატესობა მხოლოდ დასკვნით წუთებში მოიპოვეს.

თამაში მასპინძლების შეტევებით დაიწყო, რასაც მე-9 წუთზე ბიწაძის მხრიდან მაღალი ბოჭვა მოყვა და მსაჯმა ის წითელ ბარათად შეაფასა. მიუხედავად ამისა, ანგარიშის გახსნის პირველი შანსი სტუმრებს ჰქონდათ, მაგრამ ლაშა მალაღურაძის ჯარიმა კარს ასცდა. ზღვისპირელები კაცნაკლულ მეტოქესთან ტერიტორიულ
უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა სტუმრები 28-ე წუთამდე თავს თავგანწირვით იცავდნენ. მერე ზურაბ ძნელაძემ რაქიდან მოულოდნელად შეუტია და ოფლოუდების სერია კობა ჯიმშელეიშვილის ლელოთი დასრულდა, მამუკა ნინიძემ კი გარდასახა.

მეორე ტაიმის დასაწყისში რეზი ჯინჭველაშვილის ფეხით მოკლეზე გადაკიდებული ბურთი ბექა ურჯუკაშვილმა აიტაცა და ლელო გაიტანა, თუმცა ვიდეო რეფერიმ მანამდე თამაშგარე დააფიქსირა. ამის შემდეგ ინიციატივას ‘ყოჩები’ დაეუფლა, მეტოქის 22-ში ფეხი მოიკიდა და რამდენიმე სახიფათო შეტევის შემდეგ, საბა შუბითიძე სინბინით დაისაჯა. იქვე სტუმრებმა მოლი ააგორეს, რომელშიც ფაქტობრივად მთელი გუნდი ჩაება, მაგრამ მასპინძლებმა შეძლეს თავის დაცვა.

53-ე წუთზე ‘ბათუმმა’ ფეხით განმუხტა საფრთხე, თუმცა ლევან გოგოლაშვილმა აუტიდან სწრაფად დააბრუნა ბურთი თამაშში და გრძელი პასით სერგი ჩხაიძე მოძებნა. მან თემურ ჭიჭინაძესთან კომბინაცია გაითამაშა, შეუტია, გზად რამდენიმე ბოჭვა აიცილა და ლელო ძელებსშუა გაიტანა, მალაღურაძემ კი გარდასახვით წონასწორობა აღადგინა.

მალე ჭიჭინაძე და ძნელაძე წაკამათდნენ და მსაჯმა ორივე სინბინით გააძევა, ‘ყოჩების’ სასარგებლოდ დანიშნული ჯარიმა კი ‘ბათუმს’ გადაეცა (რადგან ინიციატორი ჭიჭინაძე იყო) და ნინიძემ კარის წინიდან გაიტანა. უშეღავათო ბრძოლა ბოლო წუთებამდე გაგრძელდა ბოლნისელები დასკვნით წუთებში კიდევ ორჯერ დაჯარიმდნენ, ნინიძე არც ამჯერად შეცდა და საკუთარ გუნდს 16:7 მოაგებინა.

‘ბათუმმა’ ამ მოგებით 5 ივნისს გასამართი ფინალის საგზური მოიპოვა, ‘ყოჩებს’ კი რევანშის შანსისთვის ბრძოლა მოუწევს. ის 29 მაისს წინასწარ ფინალშო რუსთავის ‘ხარებსა’ და თბილისის ‘ლელოს’ შორის გამარჯვებულს შეხვდება. „ხარები არენაზე“ ეს შეხვედრა დღეს, 22 მაისს 17 საათზე დაიწყება.

Georgian Rugby
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული