დიდი 10 | "ყოჩები" - "ლოკომოტივი" 31:5

AutoSharing Option
2023 წლის პირველ მატჩში, ბოლნისის "ყოჩებმა" თბილისის "ლოკომოტივს" 31:5 სძლია და დაგეგმილი ბონუსიც აიღო.

მე-12 ტური „რაგბი პლატოზე“ გაიხსნა. ზამთრის შესვენება თამაშის ხარისხზეც აისახა. ორივე გუნდი უშვებდა უნებლიე შეცდომებს, რითაც მასპინძლებმა უკეთ ისარგებლეს და სათამაშო უპრატესობა ანგარიშში ასახეს.

პირველ 20 წუთში "ყოჩები" ბურთს აკონტროლებდა და დროის უმეტესი ნაწილი "ლოკომოტივის" 22-ში გაატარა, მაგრამ ქულის აღება ვერ მოახერხა. ანგარიში 23-ე წუთზე გაიხსნა, როდესაც თენგიზ პერანიძეს ფეხით თამაშის შემდეგ, მეტოქის ხელიდან ბურთი ნიკოლოზ რეხვიაშვილს მიუვიდა, ისიც ფრთაზე გაიჭრა და ლელო მარცხენა ალამთან გაიტანა.
ტაიმის მიწურულს ცენტრალურ ზონაში დანიშნული შერკინებიდან გიორგი კურტანიძემ გაიტანა ბურთი, სივრცე შენიშნა, ხაზი სუფთად გაჭრა და დაახლოებით 55-მეტრიანი რეიდი ლელოთი დაასრულა, სანდრო ფურცხვანიძემ კი გარდასახა – 12:0.

შეხვედრის განახლებიდან 3 წუთში ხაზი უკვე შეცვლაზე შესულმა კოტე მარჯანიშვილმა გაჭრა და ბურთი ძელებსშუა დაამიწა, რის შემდეგაც რკინიგზელები გააქტიურდნენ, მეტოქის 22-ში შევიდნენ და ამას გიორგი კურტანიძის სინბინი მოჰყვა. "ლოკომოტივმა" 5-მეტრიანი დერეფნიდან მოლი დააყენა, რომელშიც ზორბა შუამარბი, დებიუტანტი ეპელი რატამბაკაკა ჩაერთო და დიდ 10-ში პირველი ლელო გაიტანა.

გარკვეული დროით სტუმრებმა შეძლეს თამაშის გათანაბრება, თუმცა დასკვნით წუთებში კვლავ მასპინძლებმა იმძლავრეს. 67-ე წუთზე კურტანიძემ გაჭრა ხაზი და ლელომდე სულ ცოტა დააკლდა, რაქიდან ამირან მიქაძემ შეუტია და საკუთარ გუნდს ბონუს-ქულა დაუბრუნა. 5 წუთში კვლავ რეხვიაშვილის ჯერი დადგა, რომელსაც შეცდომების სერიის შემდეგ მიუვიდა ბურთი, არც ამჯერად დაიბნა და მეორე ლელო ძელებსშუა გაიტანა, ფურცხვანიძემ კი გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 31:5.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ნიკოლოზ რეხვიაშვილი გახდა.

rugby.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული