დიდი 10 | ლოკომოტივი 14:57 ბათუმი

AutoSharing Option
"ბათუმმა" დიდი 10-ის მიმდინარე სეზონის მეორე წრეში მიჯრით ოთხი თამაში მოიგო და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ საპლეიოფო ექვსეულში დაბრუნდა.

მე-13 ტურში საქართველოს ჩემპიონი ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან კლუბს, ამჟამად მძიმე კრიზისში მყოფ "ლოკომოტივს" თბილისში, "ავჭალაზე" ეწვია, 9 ლელო გაუტანა და ბონუსით, 57:14 დაამარცხა. შედეგად, ზღვისპირელებს 35 ქულა მოუგროვდათ და ქუთაისის "აიასთან" მეოთხე-მეხუთე ადგილებს იყოფენ. "ლოკომოტივი" კი 13 თამაშის შემდეგ კვლავაც მოგების გარეშეა, მხოლოდ 3 ქულა აქვს, "აკადემიას" 19-ით ჩამორჩება და უძლიერესთა შორის ადგილის შესანარჩუნებლად ხუთივე დარჩენილი თამაშის მოგება სჭირდება, რაც პრაქტიკულად გადაუჭრელი
ამოცანაა.

შეხვედრა "ავჭალის" განახლებულ ხელოვნურსაფარიან მოედანზე გაიმართა და ანგარიში მე-8 წუთზე გაიხსნა. სტუმრებმა თავიანთი 5-მეტრიანიდან წამოიწყეს სწრაფი კონტრშეტევა, დაჩი კოპაძემ ხაზი გაჭრა, ცენტრალური ხაზი გადაკვეთა და იერიშში გიორგი ფრუიძე ჩართო. მან წონასწორობა დაკარგა, თუმცა შეტევა მაინც გაგრძელდა და რეზი ჯინჭველაშვილის ფეხით გადაკიდების შემდეგ ლელო ანზორ სიჭინავამ გაიტანა. "ლოკომოტივმა" კარგი შეტევით უპასუხა და ვახტანგ კავთიძის ოფლოუდის შემდეგ ნოდარ დოლიძემ წონასწორობა აღადგინა, საბა ხურცილავამ კი გარდასახვით მასპინძლები დააწინაურა.

განახლდა თუ არა თამაში, სიჭინავამ შეუტია. ზურა ძნელაძემ და ჯონდი კორტავამ ბურთი კარგად გაითამაშეს და დავით კლდიაშვილმა სტუმრებს უპირატესობა დაუბრუნა. გავიდა ორი წუთი და "ბათუმმა" თავისი 22-იდან მორიგი ხელდახელ კონტრშეტევა წამოიწყო. ძნელაძემ ხაზი გაჭრა, გიორგი წიკლაური შეაჩერეს, თუმცა ოვალი მარცხენა ფრთაზე სწრაფად ჩათამაშდა და სიჭინავამ დუბლი შეასრულა. ჯინჭველაშვილმა სამიდან ერთი გარდასახვა გამოიყენა და შესაცვლელი შეიქნა.

Sportall.Ge

30-ე წუთზე ზღვისპირელთა სწრაფი შეტევა მამუკა ნინიძის ლელოთი დასრულდა, ტაიმის მიწურულს კი მსაჯმა ბათუმელთაგან დაჩი კოპაძე და სანდრო სვანიძე, "ლოკომოტივიდან" კი ნიკა შონია გაასინბინა – 7:22.

მეორე ტაიმის დებიუტში სტუმრებმა მეტოქის 22-თან დაკარგეს ბურთი. მას ფეხი კავთიძემ წაჰკრა, ნიკა დარჩიაშვილი მიჰყვა და ლელო გაიტანა, ხოლო ხურცილავამ გარდასახვით ჩამორჩენა 8 ქულამდე დაიყვანა. კაცნაკლულმა "ბათუმმა" მალევე უპასუხა, ფრთაზე ჯონდი კორტავა ერთი-ერთზე დარჩა და მისი ლელო ნინიძემ გარდასახა. 55-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა ვაჟა თაგაურმა გაჭრა ხაზი და ლელო ასევე მარქაფიდან ჩართულ ლაშა ფოფხაძეს გაატანინა. 3 წუთში ზღვისპირელებმა სწრაფი ხელდახელ შეტევა წამოიწყეს და დურმიშხან ჯაბნიძის გადაცემით ლელო სინბინიდან დაბრუნებულმა სანდრო სვანიძემ მიითვალა. ნინიძემ ორივე გარდასახა.

მალე "ბათუმი" კიდევ ერთხელ დარჩა კაცნაკლული, ყვითელი ბარათი ბექა მამრიკიშვილმა მიიღო, შემადგენლობის შევსების შემდეგ კი კიდევ ორი ლელო გაიტანა. 75-ე წუთზე თავი ზურაბ ძნელაძემ გამოიჩინა, რომელიც მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა, ბოლოს კი "ლოკომოტივი" მოლის ჩაქცევისთვის საჯარიმო ლელოთი დაისაჯა და სტუმრებმა 57:14 მოიგეს.

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული