დიდი 10 | არესი 28:32 აია

AutoSharing Option
ქუთაისურ დერბიში "აიამ" "არესთან" გადამწყვეტი უპირატესობა მეორე ტაიმის პირველ 20 წუთში მოიპოვა და „სარბიელის სინი“ შეინარჩუნა.

"აიამ" სინი წლის პირველ მატჩში რუსთავის "ხარების" დამარცხებით მოიპოვა და მას მეოთხე ტურია ინარჩუნებს. ზაალ გიგინეიშვილის ხსოვნის საპატივცემულოდ აღდგენილი „სარბიელის სინი“, მანამდე რუსთაველებმა ოთხი ტური შეინარჩუნეს და ახლა ეს მიღწევა "აიამ" გაიმეორა.

„აია არენაზე“ გამართულ შეხვედრას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ორივე გუნდისთვის. "აიამ" 32:28 მოგების შემდეგ 47 ქულა მოაგროვა, მესამე ადგილზე აღზევდა და 1 ქულითღა ჩამორჩება "ხარებს". "არესს" მოგებით საპლეიოფო ექვსეულში დაბრუნების შანსი ჰქონდა, ასე
კი მხოლოდ ნუგეშ-ქულას დასჯერდა, 37 ქულით მე-7 პოზიციაზეა და ერთით ჩამორჩება ბოლნისის "ყოჩებს".

თამაში გუნდებმა არეულად დაიწყეს. ასეთ სიტუაციაში გიორგი თევდორაძემ მე-9 წუთზე 40 მეტრიდან არეკნი გაიტანა და "არესი" დააწინაურა, ორიოდე წუთში კი "აია" შეცდა, მეტოქემ სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყო, ყველა ჯერზე მოახერხა წინსვლა და რეზი არჩვაძემ ლელო გაიტანა. გარდასახვა არაზუსტი იყო. "აიამ" ტაიმის შუაში თემურ კოხოძის ლელოთი უპასუხა. გიორგი ბაბუნაშვილს გარდასახვა გაუცუდდა, თუმცა 5 წუთში ჯარიმა გაიტანა და წონასწორობა აღადგინა.

"არესმა" 29-ე წუთზე კარგი შეტევა განახორციელა და ფორვარდებით მიძალება არსენ მაჩალაძის ლელოთი დასრულდა, თევდორაძემ კი გარდასახვით საკუთარ გუნდს 7-ქულიანი უპირატესობა მოუპოვა. "აიამ" ორ წუთში მოახერხა წონასწორობის აღდგენა, 5-მეტრიანი დერეფნიდან კარგი მოლი დააყენა და პეტრე ჯინჭარაძის ლელო ბაბუნაშვილმა გარდასახა – 15:15.

მეორე ტაიმის დასაწყისში თევდორაძემ ცენტრიდან ჯარიმა გაიტანა და "არესი" დააწინაურა. როგორც შემდეგ გაირკვა, ბოლოჯერ ამ მატჩში. 46-ე წუთზე "აიამ" მეტოქის დერეფანში მოიპოვა ბურთი, ბაბუნაშვილის გრძელი გადაცემის შემდეგ მარცხენა ფრთაზე კოხოძე გაიქცა, ლაშა ლომიძე მას კარგად მიჰყვა და ლელო გაიტანა. 4 წუთში უძველესი ქუთაისური კლუბის მოლი გიორგი ნუცუბიძის ლელოთი დასრულდა და ამჯერად ბაბუნაშვილი გარდასახვიდან ზუსტი იყო.

თევდორაძემ ჯარიმით ჩამორჩენა 6 ქულამდე მალევე შეამცირა, თუმცა 57-ე წუთზე "აიამ" კიდევ ერთხელ გაშალა ხაზზე ბურთი და კოხოძემ, რომელიც საბოლოოდ მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა, დუბლი შეასრულა. გარდასახვა არაზუსტი იყო. 62-ე წუთზე "არესმა" დერეფნიდან მოლი დააყენა, ზურა ოდიკაძემ მოკლე ფრთაზე შეუტია და სანამ აუტში გადაიყვანდნენ, ბურთი თამაშში დატოვა, რითაც ნიკა სირაძემ ისარგებლა და ლელო გაიტანა, თევდორაძემ კი გარდასახვით სხვაობა 4 ქულამდე შეამცირა.

არაერთი მცდელობის მიუხედავად, დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და "აიამ" 32:28 იმარჯვა.

Rugby.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული