"მხატვრების" მომავალი მეტოქე 5-7 მაისს გამოვლინდება, დიდი 10-ის პლეი-ოფები კი 20-21 და 27-28 მაისს გაიმართება.
ლოკომოტივი 10:63 აკადემია
"აკადემიას" ჰქონდა შანსი, რომ დიდ 10-ში ადგილი პირდაპირი წესით შეენარჩუნებინა და ამისათვის დასკვნით ტურში "ლოკომოტივი" ბონუსით უნდა
დაემარცხებინა. "შევარდენზე" ამოცანა წარმატებით შესრულდა. სტუმრებმა უკვე დაქვეითებულ "რკინიგზელებს" 9 გარდასახული ლელო გაუტანეს და 63:10 გაიმარჯვეს. მიხეილ ახობაძემ და ლაშა შალიკაშვილმა ორ-ორი ლელო გაიტანეს, კოტე ნახუცრიშვილმა, საბა დათიაშვილმა, ბექა სამსიანმა, ლუკა კეკელიამ და კოტე იაშვილმა - თითო-თითო, სანდრო მარგიანმა კი ყველა გარდასახა. პირველი ტაიმის მიწურულს და მეორის დასაწყისში "ლოკომოტივის" მხრიდან ლელოები ტალა"ტალა ტოკაიმბაიმ და ვანო გელაშვილმა გაიტანეს.
ხვამლი 18:17 აია
აცდებოდა თუ ვერა გადათამაშებას "აკადემია", "ხვამლი არენაზე" წყდებოდა, სადაც "ხვამლი" ქუთაისის "აიას" მასპინძლობდა. მოგება ორივე გუნდს სჭირდებოდა. ქუთაისელებს გამარჯვებით მეორე ადგილის დაკავების და შესაბამისად, პირდაპირ შესარჩევი ფინალის საგზურის მოპოვების შანსი ჰქონდათ. "ხვამლს" სატურნირო მიზნებისთვის 1 ქულაც ჰყოფნიდა, თუმცა მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძოდა.
მასპინძლები დებიუტში ზურა ქობელაშვილის ჯარიმით დაწინაურდნენ, მალე კი ნიკა ცინცაძემ ლელო გაიტანა, ქობელაშვილი გარდასახვიდანაც ზუსტი იყო. გიორგი გოგიაშვილმა საპასუხო ლელო მალევე მიითვალა და ნიკა ღლონტმა გარდასახა. ქობელაშვილმა ჯარიმით "ხვამლის" უპირატესობა 6 ქულამდე გაზარდა, რაზეც 30-ე წუთზე გიორგი ნუცუბიძემ კიდევ ერთი ლელოთი უპასუხა, თუმცა ამჯერად სტუმართა გარდასახვა არაზუსტი იყო – 13:12.
თამაშის განახლებიდან 8 წუთში "აია" თეიმურაზ კოხოძის ლელოთი მაინც დაწინაურდა, თუმცა გარდასახვა არაზუსტი იყო და "ხვამლმა" ლიდერობა 73-ე წუთზე თორნიკე ბაიხოიძის ლელოთი დაიბრუნა. გარდასახვა ამჯერადაც არაზუსტი იყო, დასკვნითი წუთები უქულოდ მიილია და მუხიანელებმა 18:17 იმარჯვეს. შედეგად, მათ დიდ 10-ში სადებიუტო სეზონი 39 ქულით მე-8 ადგილზე დაასრულეს. "აიამ" ნუგეშის ქულა აიღო, ჯამში 53-ით მე-3 ადგილს დასჯერდა და პლეი-ოფის პირველ ეტაპზე თანაქალაქელ "არესს" შეხვდება.
სატურნირო თვალსაზრისის გარდა, ამ თამაშს სხვა დატვირთვაც ჰქონდა. "ხვამლმა" "აიას" 6-მატჩიანი გამარჯვებების სერია შეწყვიტა და რადგან წელს თამაში აღარ უწევს, "სარბიელის სინი" ახალი სეზონის დაწყებამდე ჩაიბარა.
ყაზბეგი 12:33 ხარები
მეორე ადგილი რუსთავის "ხარებს" ერგო, რომელმაც სტეფანწმინდის "ყაზბეგს" ორის წილ 5 ლელო გაუტანა და ბონუსით, 33:12 გაიმარჯვა. "ავჭალაზე" თამაში გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ირაკლი ქვათაძემ და ნიკა ლომიძემ (გიორგი პეტრიაშვილმა მეორე გარდასახა) რუსთაველებს 12-ქულიანი უპირატესობა მოუპოვეს, თუმცა ტაიმის ბოლოს ნოშრე ფაფიაშვილმა და გუგუა ხულელიძემ (ოთარ ტალახაძემ მეორე გარდასახა) წონასწორობა აღადგინეს – 12:12.
მეორე ტაიმი სტუმრების იყო. მათ 21 უპასუხო ქულა აიღეს. ლიდერობა 50-ე წუთზე საჯარიმო ლელოთი დაიბრუნეს, 67-ეზე ლევან ჭავჭავაძემ და ბოლო წუთზე სანდრო ილურიძემ კი ლელოები გაიტანეს და პეტრიაშვილმაც ორივე გარდასახა. შედეგად, "ხარებს" 57 ქულა მოუგროვდა და მეორე ადგილს დასჯერდა, "ყაზბეგი" 40 ქულით ექვსეულს მიღმა დარჩა, რამაც ქუთაისის "არესს" პლეი-ოფის საგზური გამარჯვების გარეშე დაუბევა. სტეფანწმინდელებმა სეზონი მე-7 პოზიციაზე დაასრულეს.
არესი 22:24 ლელო-სარასენსი
"არესი" "აია არენაზე" ლიდერ თბილისის "ლელო-სარასენსს" დაუხვდა, რომელსაც პირველი ადგილი გარანტირებული ჰქონდა და თითქოს უმოტივაციოდ იყო. მასპინძლებმა ამოცანის შესრულებას თავიდანვე მოჰკიდეს ხელი, გიორგი თევდორაძემ 4 ჯარიმა გაიტანა, გუგა მარგველაშვილმა - ლელო და 29-ე წუთზე მასპინძლები 17:0 დააწინაურა. ტაიმის ბოლოს ბექა გელხვიძემ ერთი ლელო გაქვითა.
დაიწყო მეორე ტაიმი და ზურა ოდიკაძემ ლელოთი 17-ქულიანი ჰანდიკაპი აღადგინა, მაგრამ მერე "არესმა" ქულაც ვეღარ აიღო, მასპინძლებმა კი 19 მოიხვეჭეს. გაგა ქევხიშვილმა ლელო მალევე გაიტანა, 56-ე წუთზე 5 ქულა გიორგი მაისურაძემ მიითვალა, გოგიტა რიკაძემ კი გარდასახვები ზუსტად შეასრულა. 69-ე წუთზე "ლელოს" გამარჯვების ლელო ბექა მამუკაშვილმა მიითვალა, რის შემდეგაც ანგარიში აღარ შეცვლილა – 24:22.
შედეგად, "ლელომ" რეგულარული სეზონი 14 მოგებით, 1 ფრით და ჯამში 62 ქულით დაასრულა. "არესი" ნუგეშ-ქულას დასჯერდა, 42 გაუხდა და რადგან მდევარს ფეხი დაუცდა, მე-6 ადგილზე დარჩა. მას დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა ბოლნისის "ყოჩებმა", რომელსაც "ბათუმმა" ბონუსით სძლია – 41:17.
ბათუმი 41:17 ყოჩები
"ბათუმი არენაზე" გამართული მატჩიც ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანი იყო. მასპინძლები მოგებით მე-4 ადგილს და შესაბამისად, პლეი-ოფის პირველ ეტაპზე შინ თამაშის უფლებას იღებდნენ. თუ "არესი" და "ყაზბეგი" თამაშებს მოიგებდნენ, "ყოჩები" ექვსეულს მიღმა რჩებოდა.
ზღვისპირეთში სტუმრები ნიკოლოზ რეხვიაშვილის ჯარიმით დაწინაურდნენ და ლაშა მალაღურაძემ გარდასახვის მერე ჯარიმაც გაიტანა. მამუკა ნინიძემ ადრეული ჯარიმის შემდეგ წონასწორობა 29-ე წუთზე აღადგინა, როდესაც დაჩი კოპაძის ლელო გარდასახა, გიორგი წიკლაურმა მალევე და ნიკა ნინიძემ ზედ შესვენების წინ, ლელოები გაიტანეს და მასპინძლები 20:10 დაწინაურდნენ.
მეორე ტაიმის დასაწყისში მასპინძლების უპირატესობა ლელოთი ანზორ სიჭინავამ გაზარდა, 63-ეზე მანვე დუბლი შეასრულა, ხოლო 74-ე წუთზე თავი გიორგი მენაბდემ გამოიჩინა. მამუკა ნინიძემ, რეზი ჯინჭველაშვილმა და დურმიშხან ჯაბნიძემ გარდასახვები გამოიყენეს. ტაიმის ბოლოს ლაშა საჯაიამ სტუმართა მეორე ლელო გაიტანა და რეხვიაშვილმა გარდასახა, რითაც საბოლოო შედეგი დაფიქსირდა. მიუხედავად მარცხისა, "ყოჩებს" 42 ქულა მე-5 ადგილის შესანარჩუნებლად ეყო, "ბათუმმა" კი მე-4 ადგილი 49 ქულით დაიკავა.
პლეი-ოფის პირველ ეტაპზე ეს გუნდები ერთმანეთს კვლავ ბათუმში შეხვდებიან. მატჩი 9 აპრილს გაიმართება, წინა დღეს კი "აია არენაზე" ქუთაისური დერბია – "აია" "არესს" ერკინება. "ლელო" და "ხარები" 22 აპრილამდე ისვენებენ და შესარჩევ ფინალს თბილისში გამართავენ.
პლეი-ოფები.
I წრე
8 აპრილი. ქუთაისი. "აია არენა"
აია (ქუთაისი) – არესი (ქუთაისი)
9 აპრილი. ბათუმი. "ბათუმი არენა"
ბათუმი (ბათუმი) – ყოჩები (ბოლნისი)
პლეი-ოფები. II წრე
22 აპრილი. თბილისი. შესარჩევი ფინალი
ლელო (თბილისი) – ხარები (რუსთავი)
23 აპრილი. გასავარდნი ფინალი
I წრის გამარჯვებულები
ფლეი ოფები. III წრე. 30 აპრილი
ფინალი. 7 მაისი
Rugby.ge