დიდი 10 | ხარები 14:22 ლელო

AutoSharing Option
თბილისის "ლელომ" "ხარები არენაზე" რუსთავის "ხარებს" 22:14 სძლია და დიდი 10-ის მიმდინარე სეზონის პირველი წრე პირველ ადგილზე დაასრულა.

რეგულარული ჩემპიონატის შუაწელს დიდდიღმელებს 8 მოგება აქვთ და 34 ქულით სატურნირო ცხრილს ლიდერობენ. ქვეყნის ჩემპიონ "ხარებს" პირველი წრე აშკარად ჩაუვარდა. მათ 4 თამაში მოიგეს, 18 ქულით მე-8 ადგილზე არიან და საპლეიოფო ზონას 5 ქულა აშორებთ.

რუსთავში კარგ ამინდში თავიდანვე სანახაობრივი თამაში გაჩაღდა. მე-5 წუთზე გიორგი მარგალიტაძემ საკუთარი მოედნიდან იდეალური დარტყმა განახორციელა და ლელოს 5-მეტრიანში აუტის მოწოდების უფლება (50/22-ის წესით) მოიპოვა. მოლის შემდეგ
თორნიკე კახოიძემ კარგად იარა, რაქიდან მარგალიტაძემ თავად შეუტია და ლელოთი ანგარიში გახსნა. ვეტერანმა ფულბეკმა ირაკლი ყიასაშვილმა გარდასახა.

მე-14 წუთზე ყიასაშვილმა ხელსაყრელი პოზიციიდან ჯარიმა ვერ გაიტანა. 26-ე წუთზე ბექა ყორიაულმა მაღალ სისწრაფეში შეუტია და რამდენიმე მცველთან ერთად 10 მეტრი იარა. ამას რამდენიმე ფაზა მოჰყვა და თავისივე დაწყებული შეტევა ყორიაულმა ლელოთი დაასრულა. გარდასახვა არაზუსტი იყო. "ხარებმა" სახიფათო შეტევით უპასუხა, რომელსაც დავით ლაზვიაშვილი სინბინით შეეწირა. მასპინძლებმა ბურთი აუტში გადაიტანეს, იქიდან მოლი ააგორეს და გიორგი გოგუაძემ ჩამორჩენა 5, ხოლო გიორგი პეტრიაშვილმა კიდევ 2 ქულით შეამცირა – 7:12.

მეორე ტაიმის დასაწყისში "ხარებმა" 3 ქულის აღებას ნაცადი ხერხით ლელოზე თამაში არჩია, მაგრამ სტუმრებმა ამჯერად თავი დაიცვეს. მერე ფეხით გადაკიდებული ბურთი მათთვის სასურველი ტრაექტორიით ახტა და პეტრიაშვილი ლელოს აუცილებლად გაიტანდა, ბურთი რომ დაემორჩილებინა. მასპინძლები ინიციატივას ფლობდნენ და კიდევ რამდენიმე სალელოვე შანსი ჰქონდათ, მაგრამ დასკვნით ფაზებში შეცდომებს უშვებდნენ.

55-ე წუთზე კარგი ხელდახელ შეტევა "ლელომაც" განახორციელა, მაგრამ ბექა მამუკაშვილს ფეხით თამაშისას სიზუსტე დააკლდა. სამ წუთში მარგალიტაძემ გაჭრა ხაზი, იერიში თორნიკე კახოიძემ და სანდრო ქოიავამ გააგრძელეს, რამდენიმე ფაზის შემდეგ ბურთი ფრთაზე ჩათამაშდა და ლელო თორნიკე ღანიაშვილმა გაიტანა. ვაჟა მიქაძემ რთული პოზიციიდან გარდასახა.

67-ე წუთზე ხაზი ვაჟა ხუციშვილმა გაჭრა. შეტევის ტემპი თითქოს შეჩერდა, მაგრამ მერე საქმეში თამაზ ჭამიაშვილი ჩაერთო, რომელმაც ხაზი გაჭრა, მეორე მცველს გვერდი მაღალ სიჩქარეში აუარა და ლელო ძელებშუა გაიტანა. გიორგი ელოშვილმა გარდასახვით სხვაობა კვლავ 5 ქულამდე დაიყვანა, მაგრამ 75-ე წუთზე ვაჟა მიქაძემ ჯარიმით საბოლოო შედეგი დააფიქსირა და "ხარები" უქულოდ დარჩა – 14:22. მატჩის საუკეთესო მოთამაშე თორნიკე კახოიძე გახდა.

RUGBY.GE


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული