ქვემოქართლელები საჩემპიონო პლეი-ოფში რეგულარული სეზონის დასკვნით ტურში მოპოვებული გამარჯვებით, მე-6 გუნდად შევიდნენ, თუმცა იქ შესანიშნავი თამაში აჩვენეს და ჯერ "ბათუმი" დაამარცხეს ბათუმში (11:7), ახლა კი "არესს" მოუგეს ქუთაისში. "არესმა* რეგულარული გათამაშება მე-4 საფეხურზე დაასრულა და საბოლოოდ სეზონიც ამავე პოზიციაზე დაასრულა.
„აია არენაზე“ სტუმრები თავიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას, თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდნენ
ტაიმის შუაში "არესს" ხელსაყრელი პოზიციიდან ჯარიმა გაუცუდდა, 24-ე წუთზე კი "ყოჩებმა" მეორე ლელო გაიტანა. 5-მეტრიან დერეფანში ბურთის ბოლო მხტომელზე მოგების შემდეგ, ამირან მიქაძემ მოულოდნელად შეუტია და ის ვერავინ შეაჩერა. მალაღურაძემ გარდასახვის შემდეგ კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა და ‘ყოჩებმა’ ტაიმი 20:0 მოიგო.
შესვენების შემდეგ მასპინძლები გააქტიურდნენ და "ყოჩების" თავგანწირული დაცვის მიუხედავად, 49-ე წუთზე მურთაზ ცხადაძემ ძალისმიერი ლელო გაიტანა. ცოტნე კვესელავამ გარდასახა. 55-ე წუთზე მალაღურაძე მოედნის ცენტრში ფეხით თამაშისას შეცდა, პენი ტუმბუნამ ბურთს ფეხი ორჯერ წაკრა და მართალია ლელო თავად ვერ დაამიწა, მაგრამ იქვე გივი კაშია გაჩნდა და ჩამორჩენა 8 ქულამდე დაიყვანა. კვესელავას სხვაობის კიდევ 2 ქულით შემცირება შეეძლო, მაგრამ ხელსაყრელი პოზიციიდან გარდასახვა გაუცუდდა.
"ყოჩები" გააქტიურდა და ინიციატივა მალევე დაიბრუნა. 61-ე წუთზე კოტე იაშვილმა მეტოქის ზურგში ცარიელი სივრცე მოძებნა და ფეხით გადაკიდებულ ბურთს თავადვე დაეუფლა, მას კარგად მიჰყვნენ თანაგუნდელები და სწრაფი შეტევა გოჩა თავართქილაძის ლელოთი დასრულდა. 78-ე წუთზე ფეხით გადაკიდებულ ბურთს უკვე გიორგი გამყრელიძე დაეუფლა, მბოჭავს დაუსხლტა და თავისი გუნდის მე-4 ლელო გაიტანა. მალაღურაძე გარდასახვიდან ზუსტი იყო.
ბოლო წუთზე "არესმა" ხელდახელ შეტევით კიდევ ერთი ლელოს გატანა მოახერხა (ბონდო აბაშიძე), მაგრამ ამით საერთო სურათი არ შეცვლილა და "ყოჩებმა" მცირე ფინალის საგზური მოიპოვა – 32:17. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ნიკა ჩხიკვაძე გახდა.
RUGBY.GE