"ბორჯღალოსნების" მეტოქე ავსტრალიას ახალი კაპიტანი ჰყავს

AutoSharing Option
ავსტრალიის ნაკრები 2019 წლის მსოფლიოს თასის გათამაშებაში საქართველოს ეროვნული გუნდის მეტოქეა. "ვოლაბებს" აქამდე არსად გადავყრივართ და, შესაბამისად, იაპონიაში გასამართავი მომავალი შეხვედრა პირველი იქნება ქართული რაგბის ისტორიაში.

იქამდე კი ავსტრალიის ნაკრები ოთხი ერის გათამაშებისთვის ემზადება და გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მაიკ ჩეიკამ ახალი კაპიტნის ვინაობა დაასახელა. "ვოლაბების" მესამეხაზელი მაიკლ ჰუპერი აქამდე ვიცე-კაპიტანი იყო და სტივენ მურის არყოფნაში გუნდს სწორედ ის ყოჩობდა. 25 წლის მორაგბემ ეროვნულ ნაკრებში 68 კეპის მოხვეჭა მოასწრო და აქედან 15 შეხვედრაში კაპიტანი იყო.

ერთი სიტყვით, სტივენ მურმა გასულ კვირაში
რაგბიდან წასვლა გადაწყვიტა და კაპიტანი რომ ჰუპერი გახდებოდა, ეჭვი არავის შეჰპარვია. შეუპოვარი მებრძოლი და გუნდის ნამდვილი ლიდერი - ასე შეიძლება მოკლედ მაიკლის დახასიათება.

"ის, რომ "ვოლაბების" კვართის მორგება შემიძლია, უკვე დიდი პატივია ჩემთვის. აღარაფერს ვამბობ ამ გუნდის კაპიტნობაზე. ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა და ყველაფერი უნდა გავიღოთ, რათა ჩვენი რეალური ძალა ვაჩვენოთ ორი კვირის თავზე სიდნეიში, ახალი ზელანდიის ნაკრების წინააღმდეგ მატჩში.

ავსტრალიის ნაკრებში ბევრი კარგი ახალგაზრდა მოთამაშეა: ფოლი, კოულმენი, კერევი და ალაალატოა. მათთან ერთად ბევრს ვიმუშავებთ, რათა გუნდი უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ. ეს ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა", - თქვა მაიკლ ჰუპერმა.

ჰუპერი ეროვნულ ნაკრებში 2012 წლიდან თამაშობს. მისი დებიუტი შოტლანდიის ნაკრების წინააღმდეგ მატჩში შედგა. "ვოლაბების" ვიცე-კაპიტანი კი 2014 წელს გახდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული