"როდესაც საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ნოემბრის ტესტებში უორენ გეტლანდის გუნდს ესტუმრება, ის მატჩის აშკარა აუტსაიდერი იქნება, მაგრამ ეს არ შეუშლის ხელს აღმოსავლეთ ევროპის მზარდ სარაგბო ძალას, კარდიფში უშიშრად ჩამოვიდეს. "ბორჯღალოსნებს" (სტატიაში მუდამ "ლელოებით" ახსენებენ - რედ.) საამისო საფუძველიც აქთ - ზაფხულის ტესტები.
ახალზელანდიელმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა გუნდს ორი მატჩი მოაგებინა ჩრდილოეთ ამერიკაში - 13:0 კანადასთან და 21:17 აშშ-სთან. შემდეგ
მეორე დონის სარაგბო გუნდების გრანდი საქართველო ადრეც "შემჩნეულია" მოულოდნელ გამარჯვებებში, "ბორჯღალოსნებმა" ახლო წარსულში მოუგეს სამოას, ფიჯისა და ტონგას.
"პრინსიპალიტის სტედიუმზე" შესაძლოა, აშკარად გამოჩნდეს იერარქიული სხვაობა, მაგრამ ეს "ბორჯღალოსნებს" სულაც არ აშინებთ. ჩვენ ყველას გვახსოვს მათი დაუვიწყარი თამაში ახალი ზელანდიის ნაკრების წინააღმდეგ 2015 წლის მსოფლიოს თასზე.
მაშინ საქართველომ გვარიანი თავისტკივილი გაუჩინა მსოფლიოს ჩემპიონ გუნდს, განსაკუთრებით, შერკინებასა და დაცვაში. საბოლოოდ "ოლ ბლექსმა" 43:10 მოიგო, საქართველოს მებრძოლმა სულმა კი ყველა გააკვირვა. ამ ყველაფრის თავში კი მათი მესამეხაზელი მამუკა გორგოძე იყო, ვინც მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
საქართველომ პულში მესამე ადგილი დაიკავა, რადგან ტონგასა და ნამიბიის დამარცხება შეძლო. ამით ჰეიგის გუნდმა ავტომატურად მოიპოვა იაპონიაში გასამართავი მსოფლიოს თასის საგზური.
"რა თქმა უნდა, ეს ფაქტია - ბოლო წლებში პროგრესი გვაქვს", - ამბობს "კივი", რომელმაც ეს გუნდი 2011 წელს ჩაიბარა.
"2015 წლის მსოფლიო თასის შემდეგ ჩვენ გვქონდა საუკეთესო სატესტო სეზონი 2016-ში. ყველაფერი ნორმალურადაა. მეტი მატჩი რომ გვქონდეს ტოპ-გუნდებთან, ჩვენი პროგრესიც უფრო შესამჩნევი იქნებოდა.
ჩვენ ახლა ასეთ გზაგასაყარზე ვართ - თუ გვექნება მეტი ხარისხიანი მატჩი, იქნება პროგრესიც, არ იქნება მატჩები და დაიწყება უძრაობის ხანა, შესაძლოა, უკუსვლაც კი. ეს კი ჩვენ სასტიკად არ გვსურს.
ასე რომ, მატჩი უელსთან, საკულტო სტადიონზე, ასეთი გამორჩეული მეტოქის წინააღმდეგ, არის ზუსტად ის, რაზეც ვოცნებობთ. არა მხოლოდ მე, არამედ მორაგბეებიც.
რომ ჰკითხოთ რაგბის ნებისმიერ ქართველ ფანს, ბოლოს დროის ორ მატჩს დაგისახელებთ - მატჩს ნამიბიასთან, რომელმაც მსოფლიოს თასის საგზური მოგვიპოვა, მაგრამ მას ჩრდილავს მატჩი ახალი ზელანდიის ნაკრებთან "მილენიუმზე" და რატომაც არა?
მახსოვს, როცა გასახდელისკენ მივდიოდით და მარჯვნივ შევუხვიეთ, გამახსენდა, რომ უელსის გუნდი სწორედ მარჯვნივ უხვევდა ხოლმე. ბიჭებს სწორედ ეს ვუთხარი - ამ გასახდელში უელსის ნაკრები ემზადებოდა ხოლმე, ასე რომ, არც ისე ცუდადაა საქმე, ბიჭებო.
სტადიონზე საოცარი ატმოსფერო იყო, მგონი, სახურავი გადახურული იყო და ხმაურიც სერიოზულად იგრძნობოდა. დიახ, ეს მატჩი დიდხანს დარჩება ჩვენს მეხსიერებაში", - ამბობს ჰეიგი.
მამუკა გორგოძემ მსოფლიოს სამ თასზე ითამაშა, მაგრამ მან საერთაშორისო კარიერა მაისში დაასრულა. მის ანგარიშზე 71 კეპია. მისი არყოფნა დიდი დანაკლისია და ტოვებს სიცარიელის შეგრძნებას, მაგრამ ჰეიგი დარწმუნებულია, რომ ეს არის ახალი მოტივაცია სხვა "ბორჯღალოსნებისთვის".
"ის ალბათ საუკეთესო მორაგბეა, ვინც კი საქართველოს წარმოუჩენია. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვფიქრობ.
რეალობა ასეთია - ასეთი ბიჭების შეცვლა თითქმის შეუძლებელია, მაგრამ მამუკას ორგანიზმი უკვე ვეღარ ახერხებდა კლუბშიც და ნაკრებშიც ორ ფრონტზე ბრძოლას, რადგან საფრანგეთში ბოლო წლებში ბევრი მატჩი ითამაშა.
დიახ, მისი არყოფნა დიდი დანაკლისი და სიცარიელეა გუნდში, მაგრამ, როგორც ხდება ხოლმე, იხურება ერთი კარი, მაგრამ იღება მეორე სხვისთვის. ვიცი, რომ ეს კლიშეა, მაგრამ მაინც ვინმემ უნდა მიიღოს გამოწვევა და დაიკავოს მამუკას ადგილი გუნდში, რომ მისი დანაკლისი შეგვიმსუბუქდეს", - ამბობს ზელანდიელი.
ჯერჯერობით, ძნელი სათქმელია, რომელი ქართველი მორაგბე შეძლებს, შეწვდეს გორგოძის სიმაღლეს, მაგრამ ჰეიგი დიდი გულმოდგინებით ელის 2017 წლის 18 ნოემბრის შაბათ საღამოს, როცა უელსი და საქართველო ერთმანეთის პირისპირ დადგებიან. ვნახოთ, რომელი ახალგაზრდა მესამეხაზელი შეძლებს ამ გამოწვევის საკუთარ თავზე მიღებას".