11:12 19-11-2017
ისტორიის შექმნამდე შვიდი ქულა დაგვაკლდა [VIDEO]
AutoSharing Option
კარდიფში გამართული მატჩის დასკვნითი 15 წუთი ძლიერ წააგავდა 2007 წელს საქართველოსა და ირლანდიის შეხვედრას, მაგრამ ბოლო ზღუდის გადალახვა ვერც ამჯერად მოხერხდა. მრისხანე "წითელ ურჩხულებმა" ბორჯღალოსნებს გაუძლეს და 7 ქულიანი სხვაობით გამარჯვება მოიპოვეს - 13:6.
გაწითლებულ დროზე მასპინძლებმა ბურჯი ტომას ფრენსისი ყვითელი ბარათით დაკარგეს. ამ დროს მათ თამაშში შეცვლილი ბურჯი უნდა დაებრუნებინათ, მაგრამ ტრავმის მომიზეზებით სპეციალისტი ბურჯი თამაშში არ დაბრუნდა ეს უპირატესობა ხელიდან გამოგვეცალა, ვინაიდან დაინიშნა ეგრედ წოდებული "ცრუ შერკინება"
შესაშური სტატისტიკა
თამაშის სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ბორჯღალოსნებს მასპინძლებთან ბურთის ფლობისა და ტერიტორიის უირატესობა ჰქონდათ - 58:42-ზე პირველი და 56:44-ზე მეორე მაჩვენებლით. ეს ყველაფერი მეორე ტაიმში ნაჩვენები თამაშის შედეგია, რადგან პირველი ტაიმის შემდეგ უპირატესობა უელსელებს ჰქონდათ და ტერიტორიის მხრივ სოლიდურიც - 62:38 (54:46 ბურთის ფლობა). შესვენების შემდეგ, დროის 75% ბორჯღალოსნებმა მეტოქის ნახევარზე გაატარეს და ბურთსაც 71% აკონტროლებდნენ.
სხვა სტატისტიკურ მონაცემებს თუ გადავხედავთ, ბორჯღალოსნები დაჯარიმდნენ 12-ჯერ, მეტოქე 17-ჯერ, მოვიგეთ უელსის ორი დერეფანი და დავთმეთ ერთი ჩვენი, შევასრულეთ 96 ბოჭვა (109-იდან), თუმცა მეტოქეს უმეტესად ჩვენ ვუტევდით და მათ 165 ბოჭვის შესრულება მოუწიათ (გაუცუდდათ 10). საქართველომ ბურთით ხელში შეუტია 146-ჯერ და ჯამში 294 მეტრი იარა, უელსმა 119 მიძალებით 444 მეტრი დაფარა.
სავსე მილენიუმზე
ამ თამაშის სანახავად ტრიბუნებზე 70-ათასამდე გულშემატკივარი შეიკრიბა, რაც ქართული რაგბის კიდევ ერთი დიდი დაფასებაა. როგორც მოსალოდნელი იყო, მეტოქე უპირატესობას ფლობდა ბურთის სწრაფად გათამაშებისას - უელსელები დერეფნიდან თუ ჯარიმიდან თამაშს სწრაფად ანახლებდნენ და მათი შეჩერება ცოტათი ჭირდა. გარდა ამისა, ისინი სახიფათონი იყვნენ ფეხით თამაშის შემდეგ, როდესაც ხაზი დაწყობას ვერ ასწრებდა. აქტიურობდნენ რაქებში და მთლიანობაში, ძალიან კარგად ითამაშეს დაცვაში.
თამაში მასპინძლების შეტევებით დაიწყო და რამდენჯერმე მოგვიწია ხიფათის განეიტრალება. რის პრისთლენდმა ჯარიმით ანგარიში მე-7 წუთზე გახსნა, ორიოდე წუთში ალექს ქასბერთიმ გაგვიჭრა ხაზი და ლელოსგან ვასილ ლობჟანიძის თავგანწირვამ გვიხსნა, რომელმაც შემტევს ლელოში ბურთის დამიწების საშუალება არ მისცა. ამას გიორგი კოშაძის კარგი ბოჭვა და ლაშა ლომიძის თერნოვერი მოყვა, მაგრამ გამუდმებით დაცვაში ყოფნა ურთულესია და 21-ე წუთზე შეხვედრის ერთადერთი ლელო გავიდა: მეტოქემ დერეფნიდან გაშალა შეტევა და 4 პასის შემდეგ დაუცველ ლელოში ჰალამ ეიმოსი შევიდა, ხოლო პრისთლენდმა გარდასახა.
ბორჯღალოსნებმა ბურთზე კონტროლი დაამყარეს და ფორვარდების დარტყის შემდეგ მარცხენა ფლანგზე ფეხით ლაშა ხმალაძემ ჩაკიდა, სადაც მირიან მოდებაძემ მცველს დაასწრო, თუმცა წამის მეასედი დაკარგა და "კანადა" აღარ გამოვიდა. ამას თერნოვერი და ეიმოსის გაქცევა მოყვა, თუმცა რეფერიმ ეპიზოდი გადაამოწმა და მანამდე წინთამაში დააფიქსირა. შერკინებას ჯარიმა და სოსო მათიაშვილის ზუსტი გასროლა მოყვა. ტაიმის დასკვნითი წუთები იმედისმომცემი იყო. მოდებაძის დაწყებული იერიში დავით კაჭარავამ და კოშაძემ გააგრძელეს, მაგრამ ფეხით გადაკიდებულს მირიანმა ვერ მიუსწრო - 10:3.
თითო თითო ჯარიმით II ტაიმში
მეორე ტაიმი ბორჯღალოსნების აქტიურობით დაიწყო და ამან შედეგი 50-ე წუთზე მოიტანა - მათიაშვილმა 40 მეტრიდან გატანილი ჯარიმით სხვაობა 4 ქულამდე დაიყვანა. აქ უელსელ მორაგბეებს, მწვრთნელებს და ქომაგებს დაძაბულობა დაეტყოთ და ტაიმის შუაში პრისთლენდის მიერ გატანილი ჯარიმი მათთვის ერთგვარი შვება იყო, თუმცა ჯერ ყველაფერი წინ ჰქონდათ.
თამამად მოთამაშე ბორჯღალოსნებმა იგრძნეს, რომ შეიძლებოდა, შეცვლაზე შესული მორაგბეებიც კარგად ჩაერთვნენ და კარის წინ ჯარიმის შესრულების უფლებაც რამდენჯერმე მივიღეთ, მაგრამ ჯერ მოლი და მერე შერკინებები ვირჩიეთ. "პრინსიფალითიზე" სინბინისა და საჯარიმო ლელოს მოლოდინში იყვნენ, მაგრამ მესამე ჯერზე მეტოქემ თავად გამოიმუშავა ჯარიმა და სიტუაცია განმუხტა.
ბორჯღალოსნები არ დანებდნენ და 20-ფაზიანი შეტევის შემდეგ კიდევ ერთი ჯარიმა მიიღეს. უელსი ამჯერადაც გადარჩა, მაგრამ დავით კაჭარავამ რაქში საუცხოოდ ითამაშა და ბოლო შეტევა კვლავ ქართველების იყო. აი აქ იყო მეტოქე ბურჯის სინბინი და შერკინებაში მიწოლის აკრძალვა, რის შემდეგაც ბურთი აუტში გავიტანეთ, მორკინალების მე-11 მიძალებისას კარის წინ ორიოდე მეტრში დავჯარიმდით და უელსმა შვებით ამოისუნთქა, საქართველომ კი, მსოფლიო კიდევ ერთხელ აალაპარაკა.
ნამატჩევს პირველივე კითხვა რაც ჰეიგს ჟურნალისტებმა დაუსვეს ბოლო წუთებზე მასპინძლების ეგრედ წოდენულ ცრუ შერკიბას ეხებოდა, რაზეც ჰეიგმა უპასუხა:
"რა თქმა უნდა ეს შედეგი გულდასაწყვეტია. სულ რამდენიმე ქულა დაგვაკლდა, მაგრამ რაც არის, არის. ახლა ისღა დაგვრჩენია მომხდარს სწორი შეფასება მივცეთ. რაც შეეხება ბოლო წუთების მოვლენებს, არ ვაპირებთ, რომ ამას მსვლელობა მივცეთ. არ ვაკნინებ მას, ვინც ასე მოიქცეოდა, თუმცა ჩვენ ამას ვაპირებთ".
მანამდე იგივე კითხვით პრესკონფერენციაზე უელსელების თავკაცს უორენ გეთლენდს მიმართეს, რომელსაც ბორჯღალოსნებთან 13:6 მოგების შემდეგ მედიასთან თავის მართლება მოუწია, რადგან მას ჟურნალისტებმა შერკინებაში წესებით მანიპულირებაზე კითხეს:
"ჩვენც უხერხულად ვიგრძენით თავი. ლიონ ბრაუნი ტაქტიკური მოსაზრებით შევცვალეთ, თუმცა ვიცოდით, რომ მას პრობლემები ქონდა. ყვითელი ბარათის შემდეგ, მისი დაბრუნება ექიმმა აგვიკრძალა. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი მხრიდან მანიპულაციას ადგილი არ ჰქონია".
მატჩის საერთო სურათის შეფასება კი ასეთი იყო:
"თავი ძალიან კარგად დავიცავით და შეტევაშიც კარგები ვიყავით, შერკინებაში ჩვენი დომინირება სიახლე არავისთვისაა, ბოლო წუთებში შეგვეძლო შედეგისთვის მიგვეღწია. შარშან შოტლანდიასთან მატჩის შემდეგ, ჩვენი თამაშის ხარისხი აშკარად გამოსწორებულია. ეს იყო მაღალი ტემპის შეხვედრა და ჩვენ ამ ტემპს ალღო სწრაფად ავუღეთ, რითიც კმაყოფილი ვარ. რაც უფრო მეტი ასეთი დონის შეხვედრა გვექნება, ჩვენი შედეგები მით უფრო გაუმჯობესდება".
ახალ ზელანდიელ სპეციალისტს კითხეს, საკმარისი იქნება თუ ბორჯღალოსანთა ეს თამაშის ექვსი ერის ხელმძღვანელობისთვის საკუთარ შესაძლებლობებში დასარწმუნებლად:
"თუ მოგვეცემა უკეთესი თამაშები, ჩვენც უკეთეს რაგბს ვითამაშებთ. ეს შემდგომი ფურცელია და წესით ასეც უნდა გაგრძელდეს" - იყო ჰეიგის პასუხი, რომელმაც ქართველი გულშემატკივრის მოლოდინებზეც ისაუბრა:
"ჩვენ ჩვენს მშობლებს, ოჯახის წევრებს და რაც მთავარია ქომაგებს, მთელს ქვეყანას ვაჩვენეთ, რომ ასეთ ტემპში თამაში შეგვიძლია. ეს მათ ჩვენით სიამაყის კიდევ ერთ შესაძლებლობას აძლევს. მერწმუნეთ, ჩვენს სამშობლოში ახლა ყველა ბედნიერი და ამაყია. შედეგით რა თქმა უნდა უკმაყოფილოები ვართ, მაგრამ ბიჭებმა სული და გული ჩადეს ამ თამაშში და გაიღეს ყველაფერი, რათა სამშობლოში მათით იამაყონ".
ბორჯღალოსანთა კაპიტანი მერაბ შარიქაძე ამბობს, რომ ბოლო წუთებზე აშკარად არ გაუმართლათ:
"თამაშის ბოლოს ვგრძნობდით, რომ მოგება შეიძლებოდა. პირველივე წუთებიდან, როდესაც მოედანზე გავედით, ვიცოდით, რომ არავისზე ნაკლები ვიყავით, განსაკუთრებით კანადასთან ნაჩვენები თამაშის ფონზე. შეიძლება ითქვას, რომ დღეს ძალიან არ გაგვიმართლა და ბოლო შრტევები ლელოთი ვერ დავასრულეთ. ეს ჩვენი შეცდომის ბრალი იყო, რადგან ასეთი დონის თამაშების გამოცდილება გვაკლია.
მიმაჩნია, რადაც არ უნდა დაჯდეს ასეთი დონის გუნდებს უფრო ხშირად უნდა ვეთამაშოთ. შარშან შოტლანდიას შევხვდით, ამ ზაფხულს არგენტინას, 3 წლის წინ ირლანდიას და პროგრესი სახეზეა. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მეტი ასეთი თამაში. ვეცდებით უელსს მსოფლიოზეც არაფერი დავაკლოთ".
ახალგაზრდა გარემარბმა მირიან მოდებაძემ "პრინსიფალითი სთედიუმზე" მეორე სანაკრებო კეპი მოიხვეჭი:
"ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე. ასეთ სტადიონზე, ასეთი გუნდის წინააღმდეგ აქამდე არასდროს მითამაშია. კანადასთან შედარებით ეს ბევრად ძლიერი გუნდი იყო და ძალიან ბევრი რამ ვისწავლე".
rugby.ge
მკითხველის კომენტარები / 12 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ეს იყო ფანტასტიკა. მილტონი კიდევ დიდხანს უნდა ი,ყოს ჩვენთან.კაცმა ეპოქა შეჰქმნა, შეჰქმნა სიღრმე ნაკრებში. არავის ეშინია ერთი კაცის დაკარგვის.ბიჭებს ჩვენი თაყვანისცემა, მათზეა: გული-ლომისა, მუხლი მგლისა, მკლავი რვალისა, სული პატარა კახისეული, ქართველობა-ექვთიმე თაყაიშვილისა. გფარავდეთ წმინდა გიორგი.
0
0
ამ შედეგზე ყველა ქართული რაგბის ქომაგი ვოცნებობდით, მაგრამ მაინც გული დამწდა ჩვენ უფრო მეტს მოგებას თუ არა ფრეს მაინც ვიმსახურებდით, დიდი მადლობა ჩვენს ლომებს, უღრმესი პატივისცემა და მადლობა ჰეიგს და ქართული რაგბის მესვეურთ, ჩვენ უფრო დიდი წარმატება გველის
1
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული